Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

მყრალი ყველი

თავმოუხდელი, ნასვრეტებიანი, ზომიერად მარილიანი ყველი ერთობ გემრიელია. განსაკუთრებით მოშიებულ გულზე ცხელ შოთის პურთან ერთად. თონიდან ახლად მოხსნილ შოთის პურს რომ გატეხ, ჩადებ შიგ ყველის ნაჭერს, ორთქლი ასდის, ხელიც გეწვის, ზედმეტ მოძრაობას აკეთებ. ცხელი პურის ნაჭერი ხან ერთ ხელში გადაგაქვს, ხან - მეორეში. აქეთ - იქით ანაცვლებ და მასთან ერთად ქოთქოთობ, ცქმუტავ, ქოშინებ. უნებლიეთ გრძნობ, რომ ამ წუთას ვერავის და ვერაფერს ხედავ - კუჭის მონად იქეცი. აღარაფერი გახსოვს ამქვეყნიური და შენი ტვინი მხოლოდ ყველსა და პურზეა კონცენტრირებული. ეს იმდენად ძლიერი გრძნობით ვლინდება, რომ შენ შენს თავს აღარ ეკუთვნი. გეწყება სალივაცია და პირი ნერწყვით გევსება. გგონია, რომ ეს ქვეყანა ყველად და პურად ქცეულა. ერთი სული გაქვს, როდის ჩაიკრავ ორივეს ერთად პირში და ვეღარ ითმენ უკვე მზად არის, ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება ეს აქტი არ შედგეს და ვიღაცამ წაგართვას, მოგპაროს, გადაგიგდოს გაგამწაროს რა! სწრაფი მოძრაობით და გაუთვალისწინებელი შიშით ხელში ძლიერად უჭერ პურს, რომელშიც ყველი უკვე ჩალბა და თავისი გემოთი გაჟღინთა პურის კიდეები, ორივეს ერთად იკრავ პირში, იწყებ ღეჭვას, ყბების აქტიურ მოძრაობას, კვების ვნებას ეძლევი და ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ გგონია, მთელი ქვეყანა შენს ყბებში მოქცეულა. შენ კი ბაყბაყდევად ქცეულხარ, ღეჭავ და ყველაფერს ანადგურებ გარშემო. სიამოვნების ჟრუანტელი გივლის და ითიშები ყველაფრისგან. როგორი დაუვიწყარი და გემრიელია პირველი, მეორე, მესამე ლუკმა. თითქოს დაიოკე შიმშილის გრძნობა და სურვილი, ღრმად ჩაისუნთქე, ტვინს ჟანგბადი მიაწოდე, სპაზმი მოგეხსნა, გემოც ჩაატანე და გონზეც მოხვედი, ტვინიც გაგითავისუფლდა და შვებაც დაგეუფლა. რა ხანმოკლეა ბედნიერება! სულ ერთია, რის საფეძველზე ხდება ეს. მერე გინდა გაიხანგრძლივო ნეტარება და აგრძელებ ღეჭვას. ყბები მოძრაობს და მექანიკურად მოჰყავს ყველა კუნთი მოძრაობაში. ისე ამუშავდა, რომ ვეღარ აჩერებ, ყბებს ვეღარ იმორჩილებ, ინერციით მოძრაობს. იძულებული ხარ, დაჰყვე მის ნებას, სადამდეც ენერგია ექნება იმუშავებს. ჰოდა, დაიღალე, შეივსე, მოთხოვნილება დაიკმაყოფილე და თითქოს იწყებ დაპატარავებას, დაჩიავებას. შეგრცხვა კიდეც შენი საქციელის. კუჭიც გეტკინა. ყბებიც დაგეღალა. სიმძიმის გრძნობა დაგეუფლა და ნანობ: “ეს რა ქენი, შე კუჭის მონავ!” და იწყებ თავის გაკიცხვას: “რა ბარბაროსობაა! რა მოძალადეა ადამიანი და თავშეუკავებელი!” გრცხვენია იმ ხორციელი მსუნაგობისა, რაც ჩაიდინე. “ასე აღარ მოვიქცევი.” მაგრამ ყველის და პურის გემრიელი გემო სამუდამოდ, მთელი ცხოვრება გამახსოვრდება.

სულ სხვა არის ყველი, წათხში დიდხანს ნადები. რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს, ცხიმიანი, თავმოუხდელი, ნასვრეტიანი როშფორის მსგავსად, მაინც თავისებურ გემოს იძენს. სქელი თეთრი ნადები უჩნდება და სიმწარის გემოც დაკრავს, ზომაზე მეტად იძენს მარილს, რბილდება და მწარე ხდება. სუნით მიაგნებ, სადაც დადებ, ოთახს აამყრალებს. თუ მიირთმევ, მწკლარტე, მლაშე და მწარე გემოს დაგიტოვებს. ხელზე კი სუნს ვერ მოიცილებ, თუ საპნით არ დაიბანე. კარადაში ან მაცივარში თუ დადებ, გადამდები სენივით მოედება გარშემო ყველაფერს და დაასნებოვნებს. ნებისმიერ ჭურჭელს თუ საკვებს მისი ოხშივარი აუვა. ამ თვისებების გამო ასეთი ყველი შორს უნდა მოისროლო ან მიწაში ჩაფლა.

მყრალი ყველი ძუნწ, კარაპეტა ადამიანს მაგონებს. კაცს, რომელსაც სხვისთვის ხომ ენანება, თავისთვისაც ვერ იმეტებს. ინახავს, არ ჭამს მანამ, სანამ სუნი არ აუვა და მატლი არ გაუჩნდება. ბოლოს, გადაგდებით არ გადააგდებს და უნდა გაასაღოს. ამიტომ ან გასაყიდად გაიტანს, ანდა სხვას მიართმევს. “გადაგდებას სჯობს, ვინმეს მაინც მოვიმადლიერებ,”- ფიქრობს ძუნწი. იმ სხვას კი არ მოსწონს და არც მიირთმევს. დევს ეს აქოთებული ყველი ოთახში და წამლავს გარშემომყოფებს. არავინ ეკარება. პატრონი კი ამაყად იწონებს თავს და სხვებს ეპატიჟება. ჰგონია, რომ სიკეთე გააკეთა. წავიდა სამსახურიდან, ყველი კი მეგობრებს დაუტოვა. უფრო სწორად, მეგობრებს კი არა, თანამშრომლებს. ასეთ ძუნწ კარაპეტას მეგობარიც არ ჰყავს, თუმცა მისნაირებიც მოიძებნება. ყველის პატრონი ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდება, მაგრამ გგონია, რომ სულ შენ გვერდით არის, იმიტომ რომ მყრალი ყველი დატოვა და ამით მუდმივად თავს გახსენებს. არადა როგორი მსგავსებაა რომ იცოდეთ, მყრალ ყველსა და მის მომტანს შორის: ხასიათში, გარეგნობაში, ქცევაში, მიხვრა-მოხვრაში. რა ცეტია, რა გაიძვერა?! ჰგონია, რომ ვერავინ ამჩნევს მის ქმედებას! როგორ იყენებენ და ალაპარაკებენ! მყრალი ადამიანიც საჭიროა თურმე. უფროსობა ამნაირებს სანთლით ეძებს და ინახავს. საჭიროებისას გამოიყენებენ, როგორც რობოტს, თვითონ რასაც ვერ იკადრებენ, იმას ათქმევინებენ, იმიტომ რომ იციან, შუბლზე ძარღვი და ენას კიდევ ძვალი არა აქვს. აყბედებენ საწყალს, ალაპარაკებენ სისულელეებს, ტყუილებს და აწამვლინებენ გარემოს. თითოეული მისი სიტყვა ყარს მყრალი ყველივით და აბინძურებს გარშემომყოფთ.

მ.ჯაფარიძე

2005, აპრილი





Hosted by uCoz