Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

ქოთნის ია


დედლაინის დღე ამ კვირის ბოლომდეა. ესეც შემთხვევით გავიგე. მაგრამ მაინც მოვასწარი და ყველაფერი დავწერე ინგლისურ ენაზე. მთელი დისერტაციის მასალები სულ სამ ფურცელში მოვათავსე. სტილი დაცულია. რეზიუმეც მოკლეა და ლაკონური. ნათქვამია: ‘’გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამათ კარგი’’- ო. შაირი კი არა, გენიოსობაა! ძალიან გონებამახვილი თუ არ ხარ, ორას გვერდს ექვს გვერდში როგორ მოათავსებ ისე, რომ ყველა საკვანძო რგოლი, დედააზრი, შედეგი, დასკვნა სრულყოფილად განავრცო და ყველასთვის გასაგებად აღწერო. მოეწონებათ კი? კარგ დამწერს კარგი მკითხველი სჭირდება- ო. ესეც საკითხავია. თავისი ყველას ყველაფერი მოსწონს, მთავარია, სხვამ მოიწონოს რომ იჯგიმები და ებრძვი მსოფლიოს დიდ მეცნიერებს, ვინ ხარ შენ, ვისი ტიკი - ტომარა ხარ?! რომ ბედავ და გზავნი შენს ნაშრომს მსოფლიო კონგრესზე, გამბედაობა ჰქვია მაგას თუ თავხედობა? ხარ მათი დონის და განათლების? შეიძლება უფრო მეტიც ხარ, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში გაზრდილი, არც ეგაა გამორიცხული და ეს არა მარტო შენ იცი, სხვამაც, მაგრამ იმ სხვას არ უნდა, რომ შენ მასზე წინ იდგე და გჩრდილავს, გპარავს იდეებს და ამ იდეებზე თვითონ იწყობს ცხოვრებას. შენ კი ხარ შენთვის, ჩაფლული წიგნებში, ჟურნალებში, ინტერნეტში და ეძებ, ეძებ. ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს კიდეც და წერ, ქმნი ახალ ნაშრომებს. რა ბედნიერებაა ეს თანამედროვე ახალი ტექნიკა! რამდენი კონგრესი, კონფერენცია, სამეცნიერო ფორუმი გამოგაპარეს! გვიან ისწავლე ჭკუა. იძულებული გაგხადეს, შენი აზრები არ გაუზიარო სხვას და ნაშრომი აღარავის წააკითხო. გეშინია, რომ ისევ მოგპარავენ. ახლა უკვე შენით შეგიძლია, ინტერნეტით დაუკავშირდე ღირსეულ ხალხს და შენი გამოცდილება გაანდო.

ისე კი, სადაც ჩემი გავიტანე და გავბედე ჩემი ნაშრომის დემონსტრაცია, ყველგან დადებითად მიპასუხეს და ინტერესიც გამოთქვეს. მეპატიჟებოდნენ კიდეც, მაგრამ სხვა გაუშვეს. ხანდახან ვფიქრობ: ”ნეტავ საზღვარგარეთ ვცხოვრობდე. მეტად დამაფასებენ და ბევრად მეტი შემოსავალიც მექნება”. მაგრამ არა, ასე მგონია, ვერასოდეს დავთმობ ჩემს ქვეყანას, მის შემოგარენს, მის მთებსა და ჭალებს, ყაზბეგის მყინვარწვერს, ჩემი სახლიდან რომ მოჩანს, მაისის თვეში მოწმენდილ ცაზე მზე რომ დაჰკრავს და ალისფრად ააელვარებს თოვლით დაფარულ მის წვერს, ულამაზეს სხივებს რომ მოჰფენს გარშემო არემარეს. შეხედავ ამ სანახაობას თუ არა, ყველა უსიამოვნო გრძნობა დადნება შენში და გაქრება, წყლად იქცევა, წავა, სადღაც მოიკალათებს თავისთვის და დადუმდება დროებით.

კონგრესზე კი ვერ წავალ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ჯდება. გზა, სასტუმრო, რეგისტრაცია, ცოტა ჯიბეზეც ხომ უნდა გქონდეს. ულსაწყვეტია, ასეთ მიპატიჟებაზე უარს რომ იტყვი. ანდა ვინ გეპატიჟება? თითქოს განაღდებული გაქვს გამარჯვება, მაგრამ მაინც...

ბოლო-ბოლო შეძლებ წასვლას, თუ ძალიან მოინდომე. მთელი წლის დანაზოგს ერთ კვირაში მოუღებ ბოლოს, მაგრამ მერე ოჯახს რას უპირებ, შვილებს, პირღია ბარტყებივით რომ გიყურებენ მთელი ცხოვრება. ამიტომაც ოჯახს ვერ შეეხები. მაშინ მეორე გზაც არსებობს! - უნდა სპონსორი მონახო, სხვა გზა არ არის. თავი უნდა დაიმცირო ვიღაცასთან, სულ ერთია ვისთან. აუხსნი ან ვერც აუხსნი გასაგებად, რისთვის და რამდენი გჭირდება და რატომ მიდიხარ. რომ შეჰბედავ დიდი ორჭოფობის შემდგომ, შესვლამდე კი ასი პირი ტყავი გადაგძვრება და ოფლი დაგდინდება, მერე, სხვა გამოსავალს რომ ვეღარ ნახავ, მეათეჯერ მიხვალ, უკან აღარ გამოტრიალდები, შეხვალ გასქელებული შუბლით მასთან სათხოვნელად. თან ფიქრობ, უარი რომ მითხრას, ხომ სამუდამოდ ტკივილი უნდა მომაყენოს, იმიტომ კი არა, რომ არ მოგცა, იმიტომ, რომ ამდენი განცდების შემდეგ გარისკე, შეჰბედე და უარი გითხრა, უბრალოდ ვერ გაგიგო. შესაძლებელია, რომ აგერ, შენზე წინ ავადმყოფს დააყენებს და იმას გადაურიცხავს ფულს ოპერაციისთვის, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ან სიმსივნე აქვს და... მას, ჰგონია რომ შენ სასეირნოდ გინდა ჰოლანდიაში წასვლა. მართალიცაა არა? ყოველთვის ვეებერთელა ცოცხალი რიგი დგას მის მისაღებ ოთახში. ყველა სათხოვნელად მოსულა, ყველას უჭირს, ყველა შეწუხებული სახით, ჩაფიქრებული დგას და თავის გაჭირვებაზე ლაპარაკობს. განა რომელი ერთი უნდა დააკმაყოფილოს. და იძულებულია სპონსორი უკანა კარიდან გაიპაროს. მდივანს ეუბნება: “მართალია, მიღების დღეა, მაგრამ აღარავინ შემოუშვა, შეუძლოდ არის თქო”... დილიდან მოსული ხალხი კი ზოგი შავებში ჩაცმული, ზოგი ჯოხზე დაყრდნობილი, ზოგი ავადმყოფთან ერთად, ზოგიც ჩვილთან ერთად, ჯიქურ დგას და იცდის. – ვერსად ვერ წავალ, შვილო! ძლივს მოვედი, უკვე მეორე თვეა ამ გზას ვტკეპნი, დიდი ბრძოლით შემოვედი აქ და ახლა მეუბნებით, წადიო? ვერა, ვერ წავალ უკან, თუ გამიტანთ, არ ვიცი, უფროსი უნდა ვნახო!

დრო კი არ ჩერდება და გარბის, ფიქრობ, ნეტავ არ გავიდოდეს შენი თემა, გული მაინც არ დაგწყდება, რომ არ წახვალ. ბოლო- ბოლო თუ პოსტერზე გავიდა, გააგზავნი ამ შენს ნაშრომს და ამითი დამთავრდება, ბუკლეტში დაიბეჭდება, შრომა ჩაგეთვლება და იმ ბუკლეტს მაინც იშოვი, ქსეროქსზე გადაიღებ, “წაიმარიაჟებ” კიდეც და ყველას აჩვენებ, რომ შენი შრომა ჩათვალეს ღირსად და გამოაქვეყნეს კიდეც. თუ პოსტერის სახითაც არ გავიდა, შენს პატარა, უსუსურ ქვეყანას მაინც გააცნობ სხვას და ამით დამთავრდება ყველაფერი. ხუთი თანაავტორი მყავს.

შრომის გაგზავნიდან მესამე კვირა მთავრდება, არაფერი ისმის, ან ჰო მითხრან ან არა! უცხოელი მეცნიერები ძალიან პუნქტუალურები არიან, აუცილებლად შემატყობინებენ პასუხს, დადებითს, ან უარყოფითს. ამ კვირის ბოლომდე მოვიცდი. მერე იმეილს გავაგზავნი. და იცდი...

ისე კი, მაინც არ გასვენებს ფიქრი კონგრესზე, თუ როგორი საინტერესო იქნებოდა შენი მოგზაურობა ჰოლანდიაში, ამ ყვავილების ქვეყანაში. მარტო ის რად ღირს, შენი თვალით რომ ნახავ ტიტების, ვარდების, ქრიზანთემების, ჰერბერების, ზამბახების თვალუწვდენელ პლანტაციებს? ან რა მოვლილი სკვერები და ბაღები აქვთ? სახლს ვერ ნახავ, აივანზე ათასნაირი ფერებით მოხატული მცენარეები რომ არ ჰქონდეთ. სახლს კი არა, ჩვეულებრივ გზატკეცილზე, გზის მანიშნებლის მარჯვნივ ჰკიდია ყვავილების ბუჩქი, გეგონება მიწიდან კი არ ამოსულა, ციდან გამოუღია ფესვები და გიცქერის, გესალმება, გეპატიჟება, გეალერსება, გუნებ- განწყობას გიკეთებს, კეთილ მგზავრობას გისურვებს. ო! ერთხელ მაინც გაჩვენა ეს სილამაზე!

მერე იწყებ ისევ შენს პრობლემებზე ფიქრს და ყველაფერი გავიწყდება კარგიც და ლამაზიც. ეს ერთი კვირაც დაილია.

მოულოდნელად მეძახის განყოფილების ხელმძღვანელი და მიბარებს კაბინეტში. “რა მოხდა ნეტავ? რამე ხომ არ დავაშავე? და გადაავლებ შენს ქმედებებს თვალს. თითქოს არაფერი, მაშინ რატომ მეძახის? ვღელავ. სტუდენტებს ხომ არ მოვექეცი ცუდად ან უხეშად? ეს მე არ მჩვევია. აბა, რა მოხდა? ვნერვიულობ, ნამდვილად ვნერვიულობ. არა, კარგი საქმისათვის დღეს არავინ დაგიძახებს. შემცირებაში ხომ არ მოვყევი? ხომ არ .იკეტება ლაბორატორია? ლექციების საათებს შემიმცირებენ ნამდვილად. ანდა შეიძლება სინათლის მიწოდება უნდა შეგვიწყვიტონ დავალიანების გამო, სულ გვაფრთხილებენ. მერე ჩემი ქიმიური ცდა? ხომ ყველაფერი წყალში ჩამეყრება? მასალა გამიფუჭდება. ისევ მე უნდა ვიწვალო. ხელახლა ვაკეთო. რა მოსაბეზრებელია ღმერთო ჩემო!

- გისმენთ, ბატონო გიორგი!

- შემობრძანდით, დაბრძანდით! - მკვახე, მაღალი ხმით, მბრძანებლური კილოთი გაისმა ბატონი გიორგის ბგერები.

რა ტონია ეს? ადგილს ვეღარ ვპოულობ. ვდგავარ აფორიაქებული კარებთან, აწურული, სარგადაყლაპულივით და ვუცდი ჩემს განაჩენს. ტაი- მაუტი აქვს აღებული. ხმას არ იღებს. ჩემდა სამწუხაროდ ვიღაცამ დაურეკა მობილურზე, და ახლა იმას ელაპარაკება. ქათინაურობს, რაღაც სისულელეებზე ესაუბრება. ერთი არ უფიქრია, რომ მე, ქალი, ვდგავარ მის კაბინეტში და ველოდები მას, ხომ თვითონ დამიძახა, მე თვითონ ხომ არ შემოვჭრილვარ. ან ზრდილობა სად დაკარგეს ამ მამაკაცებმა ან საკუთარი სახე? უთხრას მაინც ახლა არ მცალია, ცოტა ხანში გადმოგირეკავო არა, ლაპარაკს აგრძელებს. სულ ფეხებზე ჰკიდიხარ. ასეთ დროს კი თითოეული ქმედება, სანამ შენს ამბავს არ გაიგებ, ისე გაღიზიანებს და უსაშველოდ გრძელდება დრო, გგონია, ერთი საუკუნე გავიდა…. არ ცხვენია? ხომ არ გავიდე და კარს მიღმა დავუცადო? ვუთხრა? სირცხვილია, მოვითმენ, ილაპარაკოს და აგრძელებ ლოდინს. როგორც იქნა დაამთავრა, სახის გამომეტყველებაც გამოუკეთდა.

- ქალბატონო ქეთი, დაბრძანდით!

მობილური ტელეფონი დაკეცა, მაგიდაზე დადო, არ შემოუხედავს ისე გააგრძელა:

- საქართველოდან 16 ნაშრომი გაიგზავნა ჰოლანდიაში, აქედან 3 მოიწონეს. ორი პოსტერია და ერთი მოხსენება.

გაქვავებული ვდგავარ, რომელ დაჯდომაზეა ლაპარაკი ველოდები „სასამართლოს“ განაჩენს.

- და, იცით, თქვენი ნაშრომია სწორედ, მოხსენებით რომ გავიდა. მოსალოცია ეს ამბავი. ეს მთელი ლაბორატორიის სახელია. გილოცავთ!

წამოიწია, ხელი ჩამომართვა და ჩაილუღლუღა: ყოჩაღ, ყოჩაღ, ქალბატონო!

მერე თავი ასწია და გააგრძელა:

- ეს იმდენად საპასუხისმგებლო საქმეა, რომ შეძლებთ კი? რომ დიდი აუდიტორიის წინაშე ინგლისურ ენაზე მოხსენებით გამოხვიდეთ და უამრავ შეკითხვას პასუხი გასცეთ? ეს ჩვენს იმიჯზე ძალიან იმოქმედებს. ამისათვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადოთ! გამეცით პასუხი და დაბრძანდით, ქალბატონო ქეთი!

ენა დამება. გამეხარდა თუ არა, ვერ გეტყვით. იმდენი განცდა გადავიტანე ამ პასუხის მიღებამდე, რომ აღარ ვიცი წავალ კი? აბა, მოხსენებას ვინ წაიკითხავს? ამათ მივცე ამდენი ნაშრომი? ისე, რომ ვთქვათ, საფლავში ხომ არ ჩავიტან თან? ოჰ, მაგათი! მივცემ და რაც უნდათ, ის ქნან! წავიდნენ და წაიკითხონ, კითხვებსაც თვითონ გასცენ პასუხი! რა ვქნა მეტი, ხომ ვასახელე ლაბორატორია, ქალაქი, ქვეყანა, ახლა თვითონ იზრუნონ, “თავში ქვა, მუცელში სამმართებელი,” ჭირსაც წაუღია მაგათი თავი! ჭირსაც!.

- შეძლებთ? - კვლავ გამეორდა ყურებში ხმა.

მოვიკრიბე ძალ- ღონე და ამოვღერღე:

- თუ დაწერა შევძელი, მე ვფიქრობ, მოხსენების გაკეთებასაც შევძლებ! ამ თემაზე უკვე თხუთმეტი წელია ვმუშაობ და არ არსებობს უახლესი ლიტერატურა ამ საკითხის გარშემო, რომ არ ვიცოდე, ან არ მქონდეს მოძიებული მასალები ჟურნალებსა თუ ინტერნეტში.

- რეგისტრაციისათვის პასუხი ორ კვირაში უნდა შევატყობინოთ!

- სულ რამდენი დაჯდება ყველაფერი?

- დაახლოებით 1500 დოლარი მაინც უნდა გქონდეს.

- 1500? - შევნიშნე გაყინულ სხეულზე როგორ მომეკიდა ალი, ვიწვი, თითქოს მდუღარე წყალი გადამასხეს. ვიგრძენი, რომ წამოვწითლდი, ზუსტად ისე კლიმაქსის დროს რომ წამოახურებს ქალს. ალებს რომ ეძახიან, ოჰ! ახლა მომცა ჩემი ვეირი! - ვინატრე. დავიფრიალებდი სახესთან, გამაგრილებდა.

- რეგისტრაცია ჯდება მარტო 500 დოლარი! აბა რა გგონია? ახლა მგზავრობა, სასტუმრო, კვება, ექსკურსიები, ჯიბის ფულიც ხომ გინდა?

- უსაშველო ყოფილა, უსაშველო! - ჩემთვის ჩავილუღლუღე. პოსტერი რომ იყოს, კიდევ ჰო, მოხსენებით კი...

- მაგაშია საქმე, მოხსენებაა, უსათუოდ უნდა წახვიდეთ!, იზრუნეთ მაგაზე!

ნაწუწნი კამფეტივით დალეული გამოვედი კაბინეტიდან.

მთელი თანამშრომლები დერეფანში მიცდიდნენ, უსაქმურები, ჭორიკანები. ეს ნანა მაინც როგორი თავქარიანია! ბატონ გიორგის კაბინეტში ვინ შედის, ვინ გამოდის, რაზე ლაპარაკობენ და რას შვრებიან ყველაფერი აინტერესებს და იცის კიდეც. ნამდვილად ფარული კამერა აქვს დამონტაჟებული. ერთადერთი, ვისაც არ ერჩის, მე ვარ. ყველას აინტერესებდა რატომ, მიბარებდა უფროსი.

- ქეთი, რატომ გეძახდა ბატონი გიორგი?

- ჩემი თემა გასულა მოხსენებით.

- ეგრეც ვიცოდი! მერე? რას ჩამოგტირის ეგ ცხვირპირი, შე კაი ადამიანო! რას! მაგაზე სასიხარულო და საამაყო არსებობს რამე? გინდა ოლიმპიადაზე აგეღოს ოქროს მედალი და გინდა მაგ შრომას გაემარჯვებინოს ჰოლანდიაში! ერთმანეთის ტოლფასი თუ არ იყოს, აგერ ნიძლავი! ოჰ, შენი ტვინი მომცა და ჩემი შესაძლებლობები ერთად, რას ვიზამდი!

პირველ საათზე ლექცია მეწყება. სამის ნახევარზე ბავშვთან ვარ დაბარებული სკოლაში. ისევ დამრიგებელი მეძახის. ისევ რაღაც დააშავა ვანიკომ. უკვე თორმეტი წლისაა. რა ცელქია, რა უსაშველო ბავშვია! რკინას შეებმება. ალბათ ისევ იჩხუბა. რა მოვუხერხო? შეაყარე კედელს ცერცვი! სულ ველაპარაკები, სულ ჭკუას ვარიგებ. არაფერი არ შედის მაგის ტვინში, ერთ ყურში შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს. ვის დაემსგავსა, არ ვიცი. თეონაც უკვე ხუთი წლისაა. რა ბედნიერებაა საბავშვო ბაღი! მიიყვან დილას ცხრა საათზე და საღამოს ხუთამდე თავისუფალი ხარ. აჭმევენ, ასწავლიან, უვლიან. ამხელა სიამოვნება თვეში სულ ოცი ლარი გიჯდება, თუ ხანდახან პედაგოგების საჩუქრებს არ ჩათვლი. მომავალი წლიდან კი სკოლაში მიდის. ექვსი საათისათვის ყველა ვიკრიბებით სახლში. რა კარგია, დედამთილი რომ დაგიხვდება სახლში, ცხელ საჭმელს რომ დაგახვედრებს! სოფელში იციან თქმა “თბილ კერიაში შესვლას არაფერი სჯობსო, ნამდვილად ასეა. კი აქვს ამ ჩემს დედამთილს თავისი ხუშტურები, განსაკუთრებით თუ ცუდ ხასიათზეა, უსათუოდ უნდა განერიდო. ერთადერთი თენგოა, რომლის დანახვა ყველანაირ უარყოფით ემოციებს უკარგავს. ისეთი სიყვარულის თვალით გადახედავს თავის ერთადერთ ვაჟიშვილს, რომ აღარავინ აინტერესებს მეტი, მაგრამ მერე რა? ისიც ხომ უნდა გააანალიზო, რომ იმან გააჩინა, გაზარდა, ასწავლა, გზაზე დააყენა, ყველაფერი მის გამო მოიკლო. მუხრანელის ქალი გახლავთ, გარეგნობა და მიხვრა- მოხვრაზე ეტყობა კიდეც თავადობა. დაოჯახებამდე ორი მოსამსახურე თავს ევლებოდა, ხელს არაფერზე ანძრევდა და არც არაფრის გაკეთება იცოდა, სანამ დავითს არ გადაეკიდა. სიყვარულით გათხოვდა. დათმო ფუფუნებაც და მშობლებიც. პირველად თავის სიცოცხლეში ერბო - კვერცხი რომ შეუწვა მეუღლეს, სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა, ხომ ხედავ, როგორი მზარეული ვარო! - ტრაბახობდა მანამ, სანამ ტაფის გადმოღებისას თითები არ მიიწვა. კვერცხის გული იყო შემწვარი, ცილა ერთიანად მაგიდაზე იყო გადმოღრვილი. მაგრამ მერე ცხოვრებამ, გაჭირვებამ და ოჯახმა ისე გამოზარდა, უძვირფასესი მეუღლე და დედა გახდა, დიასახლისობასა და სამზარეულოზე ხომ საერთოდ მეუღლე ადრე გარდაეცვალა, ინფარქტით. მოქეიფე კაცი იყო და ოჯახის ერთგული. ქალებიც უყვარდა თურმე, მაგრამ ეს მის მეუღლეს არასოდეს უგრძვნია. თუმცაღა ინფარქტის მიზეზი მაინც ქალი ყოფილა. არ იცით როგორია ხალხი? ზოგი ოჯახის დასანგრევად იბადება ამქვეყნად. ეს არის მათი საქმე და მისწრაფება, მათი ხელობა. ხოდა, თუ მიზანში ამოიღეს ვინმე, ნახვამდის, დაემშვიდობე. ისე მოაკვარახჭინებენ საქმეს, თავბრუს დაახვევენ ამ უტვინო კაცებს, თუმცა ძალიან ჭკვიანებსაც სამწუხაროდ, იგივე ემართებათ, რომ გასაქანს არ მისცემენ, გამოაშტერებენ.

დარჩა თამარი ფრთამოტეხილი, შვილთან ერთად. თენგოსათვის დედაც ეგ იყო და მამაც.…ახლაც ჯარასავით ტრიალებს სახლში და ისევ მისი შვილის შვილებს უვლის, თავს ევლება. მერე რა, რომ ხანდახან გკბენს, ანდა შეიძლება სულაც არ გკბენს და გეჩვენება. მოითმინე რა! შედი შენს ოთახში და იმუშავე, იკითხე, იმეცადინე, არ გიშლის. არც საკვების მოტანას გავალებს და არც საჭმლის გაკეთებას. შეიგნე რაა! ქიციც გინდა და ქიცმაცურიც! ეგრე სად არის? ერთხელ ასეთი რამ მითხრა: დედაშვილობას, ამას გთხოვ, რომ თენგოს ჩემს წინაშე არასოდეს აწყენინოო. თუ იმას დაუყვირებ, ჩემად მივიღებ და გულს ნუ გამიტეხ შენზეო, თორემ ერთად ცხოვრება გაგვიჭირდებაო. ეს რომ მითხრა, თან ატირდა. საერთოდ, ცრემლები თვალებში სულ აქვს. სიხარულზეც ტირის, მოფერებაზეც და სხვის გაჭირვებაზეც. ერთადერთი, მაშინ არ უტირია, როდესაც ვაკეში ბინას ყიდდა. სამაგიეროდ ყვიროდა სულ და რაღაც უჩვეულოდ იქცეოდა. მე და თენგო ვემალებოდით, შუამავლად ვანიკოს ვიყენებდით. მე რა შუაში ვიყავი პრინციპში, მაგრამ მეც მაგრად მომხვდა იმიტომ, რომ შენი ქმრის ამბავი უპირველესად შენ უნდა გცოდნოდაო და ასე ღრმად არ შეტოპავდაო. ისე, რომ ვთქვათ, მართალი იყო და არც ვიღებდი ხმას. ჩემთვის კი ვწიწინებდი და ვირეოდი, დედამთილია და სხვას რას მეტყვის - მეთქი. რა ვქნა, სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, დალაგება, რეცხვა, უთო არ მიყვარს, სამაგიეროდ სამზარეულოში ფუსფუსი - ძალიან. მაგრამ ერთ ოჯახში ერთი დიასახლისი უნდა ტრიალებდეს, არ არსებობს სხვანაირად. ჩემს დედამთილს ნამდვილად ვერ შევეცილები მაგ საქმეში. როცა რაიონიდან შეატყობინებენ ვინმეს გარდაცვალებას და გაემგზავრება ორი ან სამი დღით ქალაქიდან, მაშინ ვარ თავისუფალი. ვანებებ თავს წიგნებს. სამსახურიდანაც ადრე მოვდივარ, ბაღიდანაც დროზე ადრე გამომყავს თეონა. გზად მაიონეზს და მწვანილს თუ ვიყიდი, დანარჩენის მარაგი ყოველთვის აქვს შემონახული ჩემს დედამთილს: ბურღულეული, ფქვილი, შაქარი, სუნელები, საკმაზები და ისე ულაგია, რომ შეგრცხვება, ნახმარი ნივთი ისევ თავის ადგილზე არ დადო. სახლში შემოვდივარ მოურიდებლად, თავისუფლად, ხმაურიანად, ჩანთას ვისვრი მისაღებ ოთახში დივანზე, შიგ მიზანში ვახვედრებ, იმიტომ, რომ ბავშვობაში კალათბურთი მიყვარდა. ფეხსაცმელებსაც შესვლისთანავე ვიხდი, ფეხშიშველი შევვარდები ოთახში და სასწრაფოდ ვიცვლი საგარეო კაბას, ამოტრიალებულს ვაგდებ ლოგინზე, ზუსტად ისე, ვანიკომ რომ იცის და მე რომ არ მომწონს. ფლოსტებში ვუყრი ფეხებს, გავრბივარ თავქუდ - მოგლეჯილი სამზარეულოში. მინდა მოვასწრო და ვიწყებ საქმეს. ვამზადებ დელიკატურ, ლამაზად გაფორმებულ სალათებს, ნამცხვრებს და ისე ვეგებებით თენგოს. უფრო ხშირად წასვლა პარასკევს უწევს ხოლმე და კვირას ან ორშაბათს ბრუნდება. პარასკევი ყველაზე გემრიელი დღეა. შაბათსაც არა უშავს. აი, კვირა კი რა მოგახსენოთ. იმიტომ, რომ სახლი უნდა დავალაგო. პარასკევს და შაბათს ლოგინსაც კი არ ვალაგებ. რა საშინელებაა, რაც არ გინდა, იმას რომ აკეთებ ან ფიქრობ. საიდან დაიწყო არ იცი. ჯერ მარტო ვანიკოს ტანსაცმლისა და ოთახის მილაგება. მაინც რა ჩვევა აქვს, ვერაფრით ვასწავლე ტანსაცმლის დალაგება. რომ გაიხდის ზედა პერანგს, უკუღმავე აგდებს საწოლზე. მერე შეიძლება ზემოდანაც გადააწვეს. შარვალი?! სადაც წევს, ლოგინთან, იქვე გაიხდის და ძირს აგდია. ღამე საპირფარეშოში გასვლა თუ მოუნდა, ფეხით გადაუვლის, შეიძლება ფეხიც წამოკრას და დავარდეს. დილას თუ არ შეუსწარი და სამოსი არ გამოუცვალე ,დაღეჭილს ჩაიცვამს. ოდა, ამფერუმ ჩემს დედამთილს! ვენაცვალე, ამდენ გიჟებს რომ გველოლიავება! თვითონ ისეთი ზედმიწევნით მოწესრიგებული ქალია, წინდა რაა, იმასაც აუთავებს. ვანიკოს ოთახი სულ დაკრიალებული აქვს. ჩემს ოთახში განგებ არ შემოდის, იმიტომ, რომ ერთხელ ქსეროასლის ფურცელი დამეკარგა, ისეთი აუცილებელი და საჭირო მასალა, ვერსად მივაგენი. მთელი ჩემი ბიბლიოთეკა გადმოვქექე, სად არ ვეძებე. იმ დღეს საჭმელზეც კი არ გამოვსულვარ ოთახიდან. ის დღე იყო და ის, ჩემი სამუშაო ოთახი მისთვის აღარ არსებობს. აღარც შემოუხედავს იქ. მაგიდა, სავარძელი, ტახტი, იატაკი, წიგნების თაროები სულ ერთთავად ნაბეჭდი ან ხელნაწერი ფურცლებით არის მოფენილი. მტვერი, მტვერი. მიკვირს აქამდე ალერგია ან ბრონქული ასთმა რომ არ დამემართა ამდენი მტვრის ფონზე.

ოჰ, ახლა სახლი არ მქონდეს დასალაგებელი და თუ გინდა მომკალი! არ ამცდება, მაინც მომიწევს დალაგება. საღამოს აქ იქნება უკვე. ჰოდა, ამისათვის სტიმული მჭირდება. იცით, რა არის ჩემი მასტიმულირებლი მექანიზმი? ყვავილები, თუნდაც ერთი ყვავილი. ოჰ! ახლა მომცა ფრეზიები! ხომ იცით რომელია? მოკლე ყვავილია, წვრილ - მოთეთრო ღეროზე ნაირფერი ზარებივით პატარა ყვავილები აქვს. სურნელიც საამო აქვს. ხომ მიხვდით, რომელზე გეუბნებით? გაზაფხულის ყვავილია, ჰოლანდიიდან შემოიტანეს. ერთ შეკვრაში ოთხი ან ხუთი ღერია. ძალიან ლამაზი ფერებია ამ პატარა თაიგულში: იისფერი, ვარდისფერი, ცისფერი, მუქი ვარდისფერი. არ შეიძლება ამნაირი ყვავილი დაულაგებელ სახლში შეიტანო. დამიჯერებთ, კვირას მაგისთვის თუ გავალ სახლიდან თან ჰოლანდიაში მეგონება თავი. მაგარია ჰოლანდია ! აუჰ, სულ ხუთი დღეა რა თავი და ბოლო! ჩემს დედამთილსაც ძალიან უყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ქოთნის. ერთი კუთხე აქვს ფანჯარასთან ახლოს. ფანჯრის რაფაზე ნაირ- ნაირი ფერის იის ქოთნები უდგას, ქვემოთ, რაფის გვერდზე კი, ჭორიკანებიდან დაწყებული ფიკუსით დამთავრებული. ეს ორანჟერეა ისე აწყნარებს თითოეულ ჩვენგანს, რომ არ შეიძლება თვალი არ გაგექცეს ამ სიმწვანისაკენ. შეუმჩნევლად, მაგრამ თითქმის ყოველთვის ეფერები მათ შორიდან, განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა სიმწვანე და სიცოცხლე კლებულობს ქალაქში და იცი, რომ შენ ეს სიცოცხლე სახლში გელოდება. როგორ უვლის მერე! ხომ არ გგონიათ, ონკანიდან მოშვებული წყალი დაასხას. არა! სპეციალური სანამავი აქვს. შიგ წყალს რომ ჩაასხამს, ერთ დღეს დატოვებს, ოთახის ტემპერატურის რომ გახდება, მერე რწყავს. არავის ენდობა. თუ სადმე შორს მიდის, თვითონ დანამავს ქოთნებს, მოესიყვარულება მათ. როგორც ჩვენ გამოგვემშვიდობება წასვლისას, ისევე მივა ყვავილებთან და ჩაულაპარაკებს: “ორ დღეში აქ ვიქნები, არ მოიწყინოთ!” გადაავლებს თვალს, ხელს გადაუსვამს მწვანე ფოთლებს და გავა სახლიდან. არ დამავიწყდება, ჯერ კიდევ ვაკეში ვცხოვრობდით. თენგომ ვანიკოს ბურთი მოუტანა საჩუქრად დაბადების დღეზე, ცხრა წლის რომ გახდა. ისე გაუხარდა, რომ ფეხები უნებლიეთ აუთამაშდა, ვეღარ მოზომა, ჰკრა ფეხი ბურთს, ის კი კარადის კუთხეს მოხვდა, აისხლიტა და პირდაპირ ფანჯრის რაფაზე მდგომ გაკვირტულ ია- იის ქოთანს დაეცა! ქოთანი გადმოვარდა ისეთი ხმაურით, ნაღმის აფეთქებას ჰგავდა, დაენარცხა ძირს, გატყდა. თიხა შუაზე გაიპო. მიწა ძირს დაიყარა. ყვავილის ფესვი სულ გაშიშვლდა. აყვავილებული, დაბერილი კვირტები გადაუტყდა. ჩემი დედამთილის სახე უნდა გენახათ! რა მოხდაო, იყვირა და ხმა ჩაუვარდა, დაიხარა, აიღო ია- ია, მთლად უსიცოცხლო, ნაცემი, დამტვრეული, გაუბედურებული, მარჯვენა ხელის მტევანზე გადაიწვინა, მოტეხილი კვირტები და დამტვრეული ფოთლები მოაცილა: “ოჰ! როგორ გეტკინა, ალბათ, ჩემო პატარავ! წელს პირველად გამოგივიდა კვირტები! რა ფერის ხარ, ისიც კი არ ვიცი!”

ისე გავმწარდი ამის შემხედვარე, ისე გავლახე ვანიკო, ისე მწარედ მოვარტყი ფეხებზე, რომ მე მტკიოდა კარგა ხანს ხელი. სხვა დროს არანაირი უფლება მაქვს ბავშვებს დავუყვირო, ხელი რომ შევახო ხომ, საერთოდ, გაგიჟდება, ჭკუიდან გადავა. შენი გაზრდილი რა იქნებაო. ამიტომაც უფრო ხშირად ჩემს ოთახში ვარ, ჩემი შვილების უსაქციელობას რომ არ ვუყურო. იცით, იმ დღეს არც ჩემი ყვირილი გაუგია, არც ის დაუნახავს, როგორ გავიმეტე საცემად ვანიკო. თავჩაღუნული ყვავილს დასტრიალებდა და ცრემლებით ნამავდა. ეს გაშიშვლებული ია- ია, რომელიც მის ხელზე ესვენა ნაზად, ხელიდან არ გაუშვია, ისე მისწვდა ხაჭოს კოლოფს, ძირი გაუხვრიტა და ფაქიზად ჩადო შიგ. მარცხენა ხელით თავისივე მიწას აყრიდა ნელა, მერე ტკეპნიდა, მერე ისევ აყრიდა, ისევ ტკეპნიდა ნაზად, სათუთად ფეხზე წამოაყენა. იმ ვერ შეიმაგრა თავი. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა საცოდავს. თავდახრილი, ფოთოლგაცვენილი, წაწოლილიც კი თავს ვერ იმაგრებდა საყრდენ ნაჭერზე, გადაჭრილი ღერებიდან სისველე ცრემლის მსგავსად წვეთებს იკეთებდა და შეუმჩნევლად ნაჭერს ჟღენთავდა. რა უძლური და უსუსური ჩანდა! არც მეგონა, თუ ოდესმე გაიხარებდა. მეგონა, ხეიბრად დარჩებოდა და აღარასოდეს იყვავილებდა. მარცხენა ხელით ეხმარებოდა. სანამ არ შეავსო ქოთანი მიწით. ბოლოს სამი ისარი ჩაარჭო მიწაში. გარშემო ნაჭერი მოახვია, დაბეჟილი ფოთლები ამ ნაჭერზე მოათავსა, ოდნავ დანამა და რაფაზე კი არა, ქვემოთ, ჩრდილში დადო. ამ ქოთნის გატეხის შემდგომ სულ უკუღმა წაგვივიდა ოჯახის საქმე. ერთს - მეორე მიჰყვა, მეორეს - მესამე და თენგოს ამბავმა დააგვირგვინა მთლიანად. ნათქვამი რომ არის “გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო”, ზუსტად ჩვენზე იყო ზედგამოჭრილი.

მცენარე კი რა მცენარეა, თუ არ იყვავილა. ია- ია ემზადება, უნდა, მაგრამ რაღაცა უშლის ხელს, ვერანაირად ვერ გაიხარა. ხან ადგილს უცვლის, ხან მორწყვის დროს. არა, არაფრით გამოაქვს ყვავილი. ყვავილები ოჯახში ხომ ცოცხალი არსებებია და ყველაზე ადრე გრძნობენ ოჯახის სიმშვიდესა თუ აფორიაქებას. ისინი ისეთი ფაქიზები არიან, დაძაბულ გარემოში ვერ ძლებენ. მცენარე ყვავილს რომ არ გამოიღებს, გასაგებია, მაგრამ ხანდახან მათი ფოთლებიც კი მოიწყენენ პატარა ბავშვებივით, თავს დახრიან ან ფოთლები ჩამოცვივდებათ. მათაც მოფერება და ალერსი უნდათ. ამიტომაც სულ ელაპარაკება მათ ჩემი დედამთილი, ეფერება, თავზე ხელს უსვამს, ყურადღების ცენტრში ჰყავს, მაგრამ ვერა და ვერა, ვერაფრით მოაწონა თავი. ყოველ დილას ფოთლებს უთვალიერებს ია- იას, სადმე კვირტის ნიშანი ხომ არ გაუჩნდაო. ყველა დაგვზაფრა ოჯახში. მე და თეონაც, დღე არ გავა იმ ია- იას არ დავაკვირდეთ.

თავის დას გამოართვა იმ იის ფოთლები. ისიც ქოთნის ყვავილების “ფანია”. ბელგიიდან რომ ჩამოვიდა, შვილები და შვილიშვილები აეროპორტში დახვდნენ. ორი ხელჩანთა ეჭირა. ისეთი აღფრთოვანებით მოჰქონდა, რომ არავის ანდო. ორივე ჩანთაში სათითაოდ ქოთნის ყვავილი ედო. კინაღამ მოსაბრუნებელი გახდა მისი ქალიშვილი: “რა იყო, ამის მეტი ვერაფერი მოიწონე!” ყური არ ათხოვა. ტვირთი არც ჰქონია მეტი. მაშინვე მანქანაში ჩასხდნენ და შინ წამოვიდნენ. რაღაც მართლა უცნაური იები ჩამოიტანა, თეთრ- მოცისფრო დიდი ყვავილებით. ყვავილს გარშემო მუქი ლურჯი ფერის არშია აქვს მოქარგული, რომელიც კიდისკენ უფრო მუქდება. ყვავილის ზომა ჩვეულებრივ იაზე დიდია. იმასაც ხუთი ფოთოლი აქვს. ორი ერთად შეტყუპებული, შედარებით უფრო მომცრო ზომის, ვიდრე დანარჩენი სამი, შუაგულში ყვითელი ამობურცული გულით, რომელსაც ზუსტად ორ ნაწილად ჰყოფს პატარა თეთრი, თითქმის შეუმჩნეველი ულვაში. რომ ვნახე, თვალი ვერ მოვაცილე. საოცარი რა არის, იცით?! ყვავილის ნაზი, მაგრამ მკვრივი, ხორკლიანი ზედაპირი ისე ბრწყინავს და კიაფობს, მზე რომ დახედავს თოვლს ყინვაში და გააცისკროვნებს. საოცრებაა. ჰოდა, ამ იის ფოთლები გაახარა, დააფესვიანა ჩემმა დედამთილმა. სამი ფოთლიდან მხოლოდ ერთმა გაიხარა და ჯერ კიდევ ვაკეში ვცხოვრობდით, რომ შეამჩნია კვირტი. სულ იმას იძახდა, როდის გაიშლებაო. როგორ სათუთად გადმოიტანა ყვავილები დიღომში. ასე მგონია ეს ია- ია ჩვენი ოჯახის სიმბოლოა, რომ გაყვავდება, ჩვენი ოჯახიც აყვავებას დაიწყებს, თენგოც დაუბრუნდება როიალზე დაკვრას და...

თენგიზი ისეთი დაქანცული მოდის სახლში, რომ, არ ვიცი! მოდის ყოველთვის დატვირთული. ხელცარიელი არ შემოვა, სხვა თუ არაფერი, პურს მაინც მოიტანს. მუშაობს ძალიან ბევრს. ეს კონსერვატორია დამთავრებული კაცი ახლა მანქანების პროფილაქტიკაში მუშაობს ოჯახის გამო. ეპიანისტის სათუთი ხელები, გრძელი თითები სულ მთლად დაუმახინჯდა. ყველგან კოჟრები გასჩენია ფრჩხილები ჩაშავებია მაზუთისა და მანქანის ჭუჭყისაგან. როიალთან რა ხანია არ დამჯდარა. ამ ხელებს როგორ ვაკადრებ ინსტრუმენტსო, უთქვამს ჩემთვის გულნაკლულად. მერედა როგორ უკრავს, რომ იცოდეთ. დაკვრით შემიყვარდა და დღესაც მისი მეცხრე სიმფონია მესმის ყურში. ახლაც ვხედავ მის მშვენიერ თითებს, როიალზე მოთამაშეს, რომელ ცეკვას მიადარებ ამას! რა თავისუფლად, რა გზნებით, რა სიფაქიზით და როგორი განცდით უკრავდა. რამდენი ხანია არ მიკარებია როიალს. ისეთი დაღლილი მოდის, ტელევიზორთან ჩაეძინება ხოლმე. მის გარშემო არავინ არსებობს. მას რომ ვუყურებ, ხშირად მახსენდება კინო ფილმი “პიანისტი”. რამდენჯერაც ვნახეთ მე და თენგომ ეს ფილმი, იმდენჯერ ცხარე ცრემლებით ვიტირეთ. ჩემი დედამთილი ხომ მოსაბრუნებელი გაგვიხდა, გული გაუხდა ცუდად საგულე საშუალებები ვასვით. მერე რა. იმნაირი ომი, რომ არ არის. სულიერად იბრძვი. ცხოვრება შეიქმნა ისეთი, რომ არ გცალია არც დაკვრისთვის, არც სიმღერისათვის, კინოზე და თეატრზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ბოლოს როდის ვიყავით თეატრში მე და თენგო, აღარც მახსოვს. ამიტომაც გამორიცხულია, ვერ ვეტყვი, რომ ჩემმა თემამ გაიმარჯვა, გული ეტკინება და მეტი არაფერი. თუ თვითონ შემეკითხება, ვუპასუხებ. კაცი ჩვენს გამო თავს იკლავს მუშაობით. მაინც გამირბის ფიქრი ჰოლანდიაზე. სულ ხუთი დღე! უფ, რას დაისვენებ! ცოტა ხანს აქაურ სიტუაციას რომ განერიდო, ის დაგასვენებს და ყვავილების ქვეყნის ნახვა ხომ საერთოდ!

ჩემი ვანიკოს ნათლია, გურამი, გამგეობაში მუშაობს. ახალი გამგებელი ჰყავთ. მოვიდა თუ არა, ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინა წასვლაზე. უკვე მეოთხე თვეა, გურამი გაურკვეველ მდგომარეობაშია. ისეთი გახდა, რომ ვეღარ დაელაპარაკები. აღარც იცინის, აღარც ხუმრობს, ეს საოცარი იუმორით მდიდარი კაცი შეჭამა ფიქრმა და შიშმა. დადნა საწყალი. ყ.ოველ დღე აფორიაქებული მიდის სამსახურში. ან დღეს მოაწერს ხელს მის განთავისუფლებაზე უფროსი, ან ხვალ. იმ მამაცხონებულს უდევს 162 კაცის განცხადება მაგიდაზე და მკითხაობს: - ” ეს წავა, ეს არ წავა, წავა, ეს არ წავა” და ვინ მოხვდება წამსვლელთა სიაში, არავინ იცის. ამიტომაც ლოცავს ჩემი დედამთილი თორნიკეს, ჩემი თენგოს მეგობარს. მართალია შეუფერებელი საქმეა და მიუღებელი, მაგრამ რას იზამ, დღეს აღარავინ მუშაობს თავისი პროფესიით მე მგონი. მანქანებს რა გამოლევს? ყოველ მანქანას რაღაცა უფუჭდება, იმიტომ, რომ უხარისხო ბენზინს ასხამენ, იქ „კარბიურატორი“ არის გასაწმენდი, იქ რადიატორი მისადუღებელი და რა ვიცი. რამდენჯერ უთქვამს - ნეტა თუ მეღირსება ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეო. ამიტომაც ვერაფრით ვეტყვი. გასაყიდიც აღარაფერი დაგვრჩა ფასიანი, ჩემი დედამთილის “ანტიკვარები“. რა ჭურჭელი, სურათები, ჭაღები, ავეჯი, სამკაულები, ყველაფერი გაყიდა ჩემმა დედამთილმა ქაღალდის ფასად! იმით იმშვიდებდა თავს – სხვას რა ეშველება, ვისაც არა აქვს გასაყიდიო და ასე, მოყოლებული აფხაზეთის ომიდან დღემდე, სულ რაღაცას ვყიდით. ერთი საქორწილო ბეჭედი დამრჩა ბრილიანტის თვლით და ოქროს რგოლი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი და თენგოს როიალი. ბეჭდებს ხელს ვერ ვახლებ, გამორიცხულია, როიალზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ოთხი წლის წინ, თენგომ ვალი აიღო ძმაკაცის გამო, ზუსტად არ ვიცი და არც მაინტერესებს რატომ, მაგრამ, მგონი, კაზინოში თუ ტოტალიზატორში წააგო, თუ არ ვცდები. ის ძმაკაცი გაქრა და შეახოცა ხელები თენგოს. მევალეებმა კიღამ მოკლეს საწყალი - თავდებში რას უდგებოდიო. სახლში მოგვიცვივდნენ, აგვაწიოკეს. ერთ წელიწადში თანხა გასამმაგდა. გაგიჟდა ჩემი დედამთილი კინაღამ. ერთი კვირა მაცალეთო. მიდგა, მოდგა, კარდაკარ იარა. ვისაც ფული ნამდვილად ჰქონდა, იმათ უარი უთხრეს. ისევ ჩვენნაირ გაღლეტილებს მიადგა. ნაწილი იშოვა და გაისტუმრა, ნაწილზე კი მევალეებმა როიალი მოსთხოვეს. უნდა გენახათ, რა დაემართა. რაო - კიოდა ხმამაღლა. სახლს გავყიდი და როიალს არა, არაფრისდიდებით! ეს ჩემი თენგოს როიალია. ეს მისი ფაქიზი სულია! ისე არ აგიდგეთ გვერდები! სანამ მე ცოცხალი ვარ, ეს როიალი ამ სახლიდან არ გავა! მე რომ აღარ ვიქნები, კისერი და კინჩხიც გიტეხიათ! და მართლაც დაილოცოს “სიტყვა და საქმე”, განცხადება რომ მოვათავსეთ აგერ, დღეს, ამ გაზეთში, ათ დღეში ბინა გავყიდეთ. ელვისებური პრესის მეშვეობით ქვეყნის მაკლერები და მყიდველები მოვიდნენ. მაღალჭერიანი, ნათელი, სუფთა ბინა დიდი ოთახებით, მამაპაპური ბუხრით მისაღებში, კარგ სართულზე და პრესტიჟულ უბანში ფალიაშვილზე. რა უნდოდათ მეტი ფულიან მეტიჩრებს? პირველი მუშტარი რომ მოვიდა და ფასი უთხრა ჩემმა დედამთილმა, ეგრევე ბე დაგვიტოვა. ახლა ამაზე ნერვიულობდა, ალბათ, იაფი ვუთხარიო. მაგრამ რა უნდა ექნა, გაყიდვა ძალიან ეჩქარებოდა. თავს იმშვიდებდა, ნამუსიანი კაციაო მყიდველი, ვაჭრობა რომ არ დამიწყოო და იხსენებდა ერთ ამბავს თავის ახლობელზე: დიდ ვალებში ჩავარდნილა საწყალი და სასწრაფოდ ბინა უნდა გაეყიდათ. ისე ნერვიულობდა, მყიდველი რომ მოუვიდოდა, ლამის ნოხად ფეხქვეშ გაეგო. გაუჭირდა სწრაფად გაყიდვა. მაგასაც ბედი უნდაო. ზოგს ადგილი არ მოეწონა, ზოგმა - ძალიან სარემონტოაო, ზოგმაც შუა ოთახი მეორადი განათებით არისო. ნელნელა დააკლო ფასი. ვალის პროცენტი კი მატულობდა. გამწარდა ოჯახი. მოვიდა ერთი მყიდველი და დაათვალიერა ბინა. ფასიც არ გაიკვირვა და წავიდა. მერე ისევ მოვიდა და კიდევ დაათვალიერა, სახურავზეც ავიდა. შეჭამა იქაურობა თვალებით და ისევ წავიდა. გაუსკდა კინაღამ გული საწყალს. მოვიდა მესამედაც – რატომ ყიდი ბინასო?! იმანაც ჩაუკაკლა, ასე და ასე მიჭირს და რა ვქნაო. დაიხვია ამ კაცის გაჭირვება, ამ ნამუს გარეცხილმა და დაუწყო ვაჭრობა. ბევრი გასაკეთებელი აქვს, მასალები და ხელობა ძალიან გაძვირდაო და თუ დააკლებ, ნაღდი მყიდველი ვარო. არადა ერთ კვირაში მევალეები უნდა მოსულიყვნენ. რა უნდა ექნა? სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. 4000 დააკლებინეს საწყალს. ბინის ფულით ვალები გაისტუმრა და თვითონ სხვის ბინაში ცხოვრობენ. მერე ზუსტად ერთი წლის თავზე ის ახლობელი შეხვედრია ჩემს დედამთილს. უკითხავს იქაური, აქაური, სად ცხოვრობო. განადგურებული იყო საწყალიო. მაგისი ბინის მყიდველს გაურემონტებია ბინა და სამმაგად გაუყიდია. ასეა, ასე. ზოგი სხვის უბედურებაზე იწყობს თავის ბედნიერებას.

ვაკიდან დიღომში გადავედით. ფართობი იგივეა, ოთხოთახიანია, სუფთა, კარგი რემონტით. კარგ სართულზე. ვალებიც გავისტუმრეთ და როიალიც ამ ბინაში გადმოვიტანეთ. კარგი დასახლებაა. მეზობლებსაც არა უშავთ. ძალიან კი გაგვიჭირდა შეგუება უბანთან. სამსახურიც ახლოს მაქვს, ბაღიც გვერდზეა, სკოლა ორი გაჩერების შემდეგაა.

წარსულის ამბავს რომ ვაანალიზებ, თუნდაც აწმყოსას, მოულოდნელად ტვინი გადამეკეტება და გამახსენდება ხოლმე კონგრესი. აუ! როგორ მინდა წასვლა! ასე გულით არაფერი მდომებია კარგა ხანია. ჩემი თანაავტორები, ალბათ, ყველანი წავლენ, ბატონი გიორგის მეთაურობით. იმათთვის პრობლემა არ არის. სპონსორები ჰყავთ და იმიტომ. მე რა ვქნა? ვის დავუჩოქო? არადა როგორ მინდა მოისმინონ, ინგლისურ ენაზე რომ ჩაარაკრაკებ მოხსენებას, შეკითხვებსაც რიხიანად გასცემ პასუხს, მერე ამაღლებულად, მედიდურად თვალს გაუსწორებ შენს ხელმძღვანელს და მის ქვეშევრდომებს. აგრძნობინებ, რომ მათზე ძლიერი ხარ, რომ მეტ პატივისცემას იმსახურებ. მართლა მაგარი ყოფილხარ და ტყუილად არ გიშრომია 15 წელი. ამაღლებული განცდა გეუფლება, სასიამოვნო, განუმეორებელი. რასაც ოცნებობდი, ნატრობდი - აგიხდა. შეხვდი პირისპირ დიდ მეცნიერს, მათ თვალებში ჩახედე, ხელიც ჩამოართვი, სავიზიტო ბარათიც კი მოგცეს. ხელი უნებურად კიდევ შეახე, სიზმარი გგონია. არა, ცხადია, ცხადი იმიტომ, რომ მისი სავიზიტო ბარათი ხელში გიჭირავს.

ნანასავით ნამდვილად ვერ მოვიქცევი, სულ კაბინეტში რომ უზის. შეიძლება ყველაფერი ვაპატიო ადამიანს, მაგრამ გარყვნილებას, უპატიოსნობას, ოჯახის ფეხებზე დაკიდებას ვერავის ვაპატიებ. თუმცა რა ჩემი საპატიებელია, თუ ღმერთი გწამს! ვაპატიებ კი არა, ვერასოდეს ვცემ პატივს ასეთ პიროვნებას. ან რა პიროვნება ეგ არის? პიროვნება კი არა, ვიგინდარაა! ჰოდა, უშუალოდ, შენს უფროსს რომ შეეხება ეს, მაშინ ხარ ცოდო, ჭკუას რომ გასწავლის, როგორ მოიქცე რომ გარიგებს, უწმინდესად რომ მოაქვს თავი. შრომობს, კი, ნამდვილად შრომობს, აკეთებს, სხვისგანაც ითხოვს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ, საკუთარ წისქვილზე ასხამს წყალს. როგორ გინდა უსმინო და უყურო ყველაფერს, მის ჭკუაზე იარო? არ გამომდის, მომკალი, თუ გინდა! იციან ჩემი ხასიათი და ზედმეტს ვერაფერს მკადრებენ. მაგრამ რა ყოფილა ეს ცხოვრება! მაინც სხვის ჭკუაზე უნდა იარო, გსიამოვნებს თუ არა. თავი აქნიო უაზროდ, იცინო ნაძალადევად. მაგრამ, რას იზამ? ხარ გაჩუმებული, იმიტომ რომ სამსახურის დაკარგვის გეშინია. სულ სახლში ჩემი მტერი დაჯდა! პატარა ხელფასიც გაქვს, იქ დისერტანტიც გყავს, აქეთ, ვიღაცას უთარგმნი თემას და ასე.

უცხოელი რომ მოდის ან ვინმე სამინისტროდან, მე მეძახიან. თარჯიმნის გარეშე ვუხსნი ყველაფერს. თუ ის უცხოელი მოგთხოვს შენი მოსაზრების გაზიარებას თავის ქვეყანაში, - სხვას გაუშვებენ. გული მაქვს გატეხილი ყველაფერზე. დრო კი გარბის. რამეს თუ მიაღწიე, ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდება.

ორ დღეში პასუხი უნდა ვუთხრა ბატონ გიორგის. ივნისამდე დიდი დროა, ეგებ რაიმე საშუალება გამოჩნდეს. თუ არადა უარის თქმას რა უდგას წინ, ყოველთვის შეიძლება. ადრიანად, რატომ გავახარო? ეგებ, წელს მაინც გაიხაროს ქოთნის იამ!

სწორედ წინა ღამეს, როდესაც შრომის გასვლის ამბავი მამცნო ბატონმა გიორგიმ, სიზმარი ვნახე, უსაზღვროდ კარგი. ვიცოდი კიდეც, რომ იმ დღეს რაღაც უნდა გამხარებოდა. მესიზმრა, ვითომ დიდ, უშველებელ მდელოზე, სადაც სხვადასხვა ულამაზესი ყვავილების თვალუწვდენელი მინდვრები ბიბინებდა. ერთ შემაღლებულ ადგილზე ბალახი მოეთიბათ, მოესწორებინათ და როიალი დაედგათ. მოცელილი ბალახის მძაფრი სუნი ფარავდა ყვავილების ნაზ, საამო სურნელს. უკრავდა თენგო ისე თავდავიწყებით, რომ მის გარშემო შეკრებილ პეპლებსაც ვერ ამჩნევდა. ამ მდელოზე მე და თენგო ვიყავით მხოლოდ. მე, მოთიბული ბალახის ფუმფულა ლეიბზე წამოწოლილს გვირილების თაიგული მეჭირა. თეთრ ფიფქივით მოვარაყებულ ყვავილს ამობურცული ყვითელი გული მედიდურად ამშვენებდა. მათგან გვირგვინს ვქსოვდი. თენგო უკრავდა და თან მისი თაფლისფერი თვალების მზერა ისეთ სხივებს გამოსცემდა, რომ პირდაპირ გულში იდებდა სავანეს, მიღიტინებდა და მეც თავს ვერ ვიკავებდი და ხმამაღლა ვკისკისებდი. ჩვენთან ერთად უამრავ პეპლებს, ჭრიჭინებს, ფუტკრებს, კალიებს მოეყარათ თავი. ვლაღობდით და არანაირი ტვირთი, სევდა, მოვალეობა ვინმესადმი არ გვაწუხებდა. რაფერზე არ ვფიქრობდით და ვერავის ვხედავდით, გარდა ერთმანეთისა. რა სასიამოვნო სიზმარი იყო, რომ იცოდეთ! თეონამ გამომაღვიძა. წყალი უნდოდა. კინაღამ თავზე დავასხი. თეონას ვალი რომ მოვიხადე, მაშინვე თვალები მივლულე, მინდოდა, ისევ იმ სამყაროში მოვხვედრილიყავი, მაგრამ ნურას უკაცრავად. მერე ვეღარც დავიძინე და წარსულზე დავიწყე ფიქრი. გამახსენდა თენგოს გაცნობა, თავისუფლება, ლაღი უდარდელი ცხოვრება, ათი, თხუთმეტი წლის წინ რომ მქონდა. შეუღლების შემდგომ მის ოჯახში დაბინავებამ სილაღე დაამსხვრია. რატომღაც მორიდებული და მორცხვი გავხდი. მერე ვანიკო გაჩნდა. ახლა იმაზე ზრუნვაში ჩავეფალი და თავისთავად ჩემი ცხოვრების პირველი საფიქრალი გახდა. თენგომ მეორე ადგილი დაიკავა. გაწყდა ჩვენ შორის რაღაც უჩვეულო სიმი. ერთმანეთის მიმართ უფრო მორცხვები გავხდით. დროს კი მაინც ყოველთვის ვპოულობდით ერთმანეთისათვის. საღამოობით ვსეირნობდით ხან ვაკის პარკში, ხან ჭავჭავაძეზე, კინოსა და თეატრშიც დავდიოდით. მერე ვმსჯელობდით და ვაანალიზებდით თეატრის პერსონაჟებს. ხშირად დავდიოდით დაბადების დღეებზე მეგობრებთან. მაგრამ თავისუფლად ვეღარსად ვრჩებოდით დიდხანს. არა იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი რაიმეს მოაკლებდა ჩვენს შვილს, არა! იმიტომ, რომ ჩემს შვილს და თენგოს დედას სულ კარისაკენ ჰქონდათ მიპყრობილი თვალები, სულ ჩვენს ლოდინში იყვნენ და ამას ჩვენ ვგრძნობდით. როდესაც სუფრა იწყებდა აზარტში შესვლას, ჩვენ წამოსასვლელად ვემზადებოდით. იყო ერთი ვიშვიში და თხოვნა, არ წახვიდეთ, სანამ არ დაუკრავს, არ გადღეგრძელებთო და ამნაირები. მერე თეონა გაჩნდა. ახლა თეონამ დაიკავა პირველი ადგილი, მეორე ვანიკომ. თენგომ მესამეზე გადაინაცვლა. ცხოვრებამ, ომის წლებმა, შვილებმა, ოჯახმა, დიდმა დარდმა ხვალინდელ დღეზე ფიქრით სულ გამოგვცვალა, გამოგვფიტა ოჯახის წევრები. დამთავრდა ლაღი ცხოვრება, წერტილი დაესვა. უსინათლობამ დაისადგურა. ვანიკო ბებიასთან იძინებდა. თეონა მე და თენგოს გვეწვინა შუაში. რა საყვარელი ბავშვი იყო მაინც. თუ სავსე ჰქონდა კუჭი, სულ ერთთავად გვიცინოდა და თანაც ხმამაღლა კისკისებდა. მიიძინებდა თუ არა, ვიწყებდი კითხვას, მეცადინეობას, ვსწავლობდი უცხო ენას. მივხვდი, რომ მუშაობა უნდა დამეწყო მეც და თენგოსაც, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს თავს აღარ ვეკუთვნოდით. შვილები კარგად უნდა აღგვეზარდა. თეონა ორი წლის მყავდა, დისერტაცია რომ დავიცავი. ჩემი დედამთილი ძალიან მიწყობდა ხელს. ყველანაირად ცდილობდა ხელი არ შეეშალათ ჩემთვის. თეონა წლის და რვა თვის იყო, პირველი ჰონორარი რომ მომცეს თარგმანში. გახარებულმა ოჯახი სყველა წევრს საჩუქრები ვუყიდე. თენგოს დედის წყალობით დისერტაციის დაცვის შემდეგ სამსახურში მოვეწყვე. ორი წელი უხელფასოდ ვიმუშავე და მხოლოდ თარგმანებში თუ ვშოულობდი ფულს. მერე, ეტყობა, შერცხვათ ხელმძღვანელებს და ხელფასიც მომცეს. თანაც ორი თვის ერთად. პირველი ხელფასით ლექსიკონი ვიყიდე, ძალიან კარგი. ტყვიასავით მძიმე იყო. ძლივს მოვათრიე სახლში გახარებულმა. მარჯვენა მხარი მტკიოდა იმის თრევით. დღესაც არავინ იცის, რა მივეცი იმ წიგნში. თუ გაინტერესებთ – 80 ლარი.

ამ წლებმა თენგოც შეაშინა. კონცერტებისათვის არავის ცხელოდა. მუსიკის მასწავლებლობა გადაწყვიტა, მაგრამ მოწაფეები ვერ იშოვა. ყველას უფასოდ უნდოდა და მაგნაირი უფასო ორი მეზობელი დადიოდა ჩვენთან. ყურთასმენა გვქონდა წაღებული. ჰოდა ამ დროს გამოჩნდა თორნიკეც. რაც პროფილაქტიკაში მუშაობს, მთლად დავცილდით ერთმანეთს. ისეთ ხალხში უხდება მუშაობა, რომ ამას წინათ რომ ვვახშმობდით, სულ ’ცავატანეს’ იძახდა. ხან ისეთ გაუგებარ სიტყვებს ამბობს, რომ ვერ ვიგებთ შინაარსს, რაღაც ჟარგონებს იშველიებს. მუსიკას ვინ ჩივის, მგონი, ქართული ენაც დაავიწყდა. თუ დროზე არ ვუშველეთ, ვგრძნობ, რომ ცუდად წაგვივა საქმე. მე და თენგო მიუხედავად დიდი შრომისა, ახლაც ერთად ვართ და უფრო ძლიერადაც, იმიტომ რომ ერთმანეთისათვის გული შეგვტკივა. ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს, მაგრამ სხვა ვინ მოგხედავს, თუ შენიანი არ გყავს გვერდით. ვინ გაიზიარებს შენს ტკივილს. ვიცით ეს და ერთმანეთის იმედი გვაქვს. იმედი, რომელიც სულიერად გვასაზრდოებს და გვავსებს, ავსებს ჩვენს კარგად გაშიშვლებულ გულს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივენი, მეცა და თენგოც, ოჯახის და შვილების მოყვარულები ვართ. ვერც ერთი წუთით ვერ დავუშვებ, რომ ჩვენს შორის ჩადგეს უცნობი ქალი ან მამაკაცი. ვერ წარმომიდგენია, თუ შეიძლება ვინმემ ხელჰყოს ჩვენი ურთიერთობა. მერე ჩვენს შვილებს რა ეშველებათ? ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ქაოსი შეიძლება მოჰყვეს ამას? არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ისე, კი რა პოზიცია უნდა დაიკავო ამ დროს, არასოდეს მიფიქრია. როცა გეუბნება უახლოვესი ადამიანი, აღარ მიყვარხარო, ხომ შეიძლება ამით ყველაფერი გათავდეს? ყველაფერი, რაც დღემდე მოგიტანია. ოჰ, ღმერთმა დაიფაროს ყველა ამისაგან, განსაკუთრებით კი ვისაც შვილები ჰყავს. ალბათ, რაღაც უნდა დათმო შვილებისა და ოჯახის გამო და ეს რაღაცა კი არ არის, ეს მთელი შენი განვლილი ცხოვრებაა, რომელსაც აგერ 15- 20 წელია ეფერები, ელოლიავები ჩვილი ბავშვივით, ცივ ნიავს არ აკარებ, ეალერსები, შენთან ერთად დაატარებ , გულში იხუტებ, რომ არ გაგიცივდეს, ან არავინ წაგართვას, ებღაუჭები, შიშობ, გირჩევნია მასთან ერთად გადაიჩეხო. .მაგრამ არა ! ამის უფლება არ გაქვს. არავითარ შემთხვევაში ! შენ შვილების გვერდით უნდა იდგე და მათ გამო უნდა ეწამო. ეს არის თითოეული მშობლის საბოლოო განაჩენი. სამსახურში კი ამდენი დარდის შემდეგ თავი მაინც მედიდურად გიჭირავს, ბუზს არ აიფრენ, გვერდზე არ გაიხედავ. ფუსფუსებ შენ ჩაკეტილი, მარტოდ- მარტო, შენთვის და წერ, წერ უსაშველოდ ბევრს, კითხულობ, წერ და კითხულობ. ფურცლებს ელაპარაკები. უსვამ შეკითხვებს და ისიც პასუხს გაძლევს. გაუგეთ ერთმანეთს. ფურცელმა მოგისმინა, დაგაფასა და დაგელაპარაკა ზუსტად იმაზე, რაც შენს სულს აფორიაქებს. ეს კი ნამდვილად გსიამოვნებს. აბა, რა უნდა ქნა? შენს სულიერ სამყაროს ვისს გაუმხელ? დედამთილს? ვერ გაგიგებს. ან შეიძლება უფრო გაგიგოს, ვიდრე თენგომ, მაგრამ ვერ ბედავ, ან როგორ დაიწყო, არ იცი. მაშინ თენგოს? – ისიც ხომ შენნაირ მდგომარეობაშია და შეიძლება უფრო უარესშიც! გულს ატკენ და მეტი არაფერი. ამიტომაც რჩები მხოლოდ შენს თავთან და გაუთავებლად ელაპარაკები შენს ორეულს, შენს ფურცელს, შენს წიგნებს და მათთან ურთიერთობაში გრძნობ შვებას და სიამოვნებას. ბევრ ფიქრში იბადება ჭეშმარიტება და ამიტომაც მოსწონთ ალბათ, შენი შრომები, განსაკუთრებით უცხოეთში. მერე ისევ გახსენდება ჰოლანდია, კონგრესი. რა ბედნიერებაა! სულ ერთი კვირით, რა მოხდება!

აგერ უკვე 40- ს მივუკაკუნე. როგორ გაიფრინა ახალგაზრდობამ. ჯერ ნახევარი საუკუნე არ გამივლია და ვგრძნობ, როგორ დამიმძიმდა სხეული, განსაკუთრებით სული. წონაშიც მოვიმატე. ვერც ერთ კაბაში ვეღარ ვეტევი. რა ვქნა? როგორ არ ვეცადე, ვერაფრით დავიკელი. ჩემი დედამთილი ისეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს და გვახვედრებს, რომ მიდი და შეიკავე თავი. შეიძლება იფიქროს, არ მოეწონაო. მე კი ჩემი და სხვისი დარდით დაღლილი რომ მივალ სახლში, დაგიხვდება სისუფთავე, წესრიგი, სინათლე, შვილები, მეუღლე და გემრიელი ხარჩოს სუნი – ხალისი მოგივა, კარგ გუნებაზე დადგები და მთელი დღის დაკარგულს, ნაწანწალებს გახსენდება, რომ მოგშიებია. ყნოსვის, მხედველობისა და გემოვნების ცენტრები იწყებენ გააქტიურებას. თვალები გაგირბის გაზქურაზე მდგომი ქვაბებისაკენ. გინდა და დიდი სურვილიც გაქვს, ქვაბებს სახურავი ახადო და შიგ ჩაიხედო. ესეც არ გაკმაყოფილებს. გინდა თითი ჩაყო შიგ და მერე გაილოკო. მოასწრებ კი. დედამთილმა არ შემოგისწროს – სირცხვილია. ჰოდა, სანამ ყველა ხელს დაიბანს და შემოუსხდება მაგიდას – პირი ნერწყვით გევსება. ღმერთმა არ ქნას, რომ თენგომ დაიგვიანოს, ე, მაშინ საკუთარ თავზე პასუხს აღარ აგებ. ბედნიერება ტუჩებთან გაქვს მოსული, იღებ ჩანგალს და სიამოვნების ნეტარებას ეძლევი, ჯერ ნერწყვი უნდა გადაყლაპო, მერე პირი გააღო და ამ დროს ვიღაც გველივით ჩაგისისინებს ყურში: “არ ჭამო, გასუქდებიო” მითხარით, გეთაყვა, სწორია ეს საქციელი? საშუალება რომ გქონდეს, ტყვიას ვესვრი შიგ შუბლში და ამიტომაცაა, რომ ვერ ვხდები. ჩემი ოჯახის წევრებს ასეთიც მოვწონვარ, სხვამ კი კისერი იტეხოს, აი დარდი! თუ არ მოვეწონები.

დრო კი როგორი ულმობელია, არანაირად არ შეიძლება მისი შეჩერება. გარბის, არ გიცდის არასოდეს. შენ უნდა სდიო, მისდევ კი? არა! მიჩლატუნობ უშნოდ. გინდა, როგორმე დაეწიო, ხელი მოჰკიდო, გააჩერო და სთხოვო, დაგიცადოს პაწა ხანს! რა მოხდება! არა! როგორი მკაცრი და შეუპოვარია! რომ გგონია, რომ ცოტაც და დაეწევი, მოიხედავ უკან და ხვდები, რამხელა დრო გასულა, შენ უკვე ჭაღარა შეგპარვია, და რა, არაფერი გაგიკეთებია ამ ხნის მანძილზე, სულ არაფერი. ნანობ, ნატრობ, უკან დაბრუნდებოდეს შენი ცხოვრების ბორბალი. ოჰ! რამდენს გააკეთებდი! სტალინს უყვარდა და იცოდა დროის ფასი. მის დროს ყველა საათი როკავდა ქუჩასა თუ დაწესებულებაში. ვერ ნახავდი გაჩერებულს, ვერცერთს. რა სიჩქარით მოძრაობდა ხალხი, რა ენერგიულად. აჩქარებულ კინოს კადრებს ჰგავდა. ტემპი, ტემპი არ უნდა დაეკარგათ, ეს იყო მათი მთავარი მიზანი და დევიზი. ამიტომაც ცხოვრების რიტმს უნდა აჰყვე, სხვანაირად არაფერი გამოგივა. უნდა მასავით ირბინო, სარკის წინ პრანჭვაც დიდი დროის კარგვაა ჩვენს დროში. სულ, სულ მინდა რაღაც ვაკეთო, შევქმნა, დავწერო, სხვა ვასიამოვნო. შენზე კი არავინ ზრუნავს. ადრე ვინც შენზე ზრუნავდა, გამუდმებით ფიქრობდა და განიცდიდა შენს ამბავს – ეს შენი დედა იყო, რომელიც აღარ გყავს ამქვეყნად. რაც დედა გარდამეცვალა, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ჩემი ჯერია. საწყალი დედაჩემი! როგორი აფორიაქებული და დარდიანი წავიდა ამ ქვეყნიდან! მაინც როგორ მოუწყვია განგებას ყველაფერი! ჯერ წარმოიდგინე ჩასახვა შენში. 9 თვე მისი კოტრიალის და ნებივრობის ატანა, მისი ალერსი და მოფერება. მერე მშობიარობა. ტკივილი. აუტანელი შიში და განცდა. ტკივილი, ძლიერი ტკივილი და მოულოდნელი შვება. დაიბადა შენი სხეულის ნაწილი. შენი სისხლი და ხორცი. სულ რომ გიბრაზდება დაბადებიდან და გთხოვს, გთხოვს და ისევ გთხოვს. და თუ თვითონ არ მოითხოვა, მაშინ შენ თხოვ, რომ მოგთხოვოს. თუ რამე გაქვს, გინდა მისცე, გინდა ნახო ბედნიერი და სულ გინდა ვინმესთან იტრაბახო, რომ კარგი გყავს, ლამაზი და ძლიერი. მაგრამ ვაი, რომ ხშირად ასე არ არის. რა ყოფილა მაინც ეს დედა- შვილობა! რამდენი შვილიც გყავს თურმე, იმდენად იყოფი. რაც მეტს აჩენ, მით უფრო პატარავდები, ჩიავდები. რომელ შვილსაც უჭირს, მისი კუთვნილი წილი გაწუხებს, გეწვის, გტკივა. სადაც დადიხარ, იქ დაგყვება. მოსვენებას არ გაძლევს. გულიც დაიღალა და გონებაც. ეფერები შენს იმ წილს, აწყნარებ, დაიამებ ტკივილებს და მოითენთები, მიგეძინება, ცოტა მოგეშვება. ისე გადაეჩვიე სიკეთეს და სილაღეს, რომ სულ ცოტაც გაკმაყოფილებს, მადლიერს გხდის და იმ ცოტასაც ვერ შოულობ. რა დრო დაგვიდგა!

ჰოლანდიაზე ფიქრი კი თავიდან არ მცილდება. თენგო ეს ათი დღეა ენაგადაყლაპულივითაა, დიდი მოლაპარაკე არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეხლა ნამდვილად რაღაც აწუხებს, თუ ძალით არ ამოქაჩე, ისე ხმას არ იღებს, დამუნჯდა, მგონია. ჩააცივდა დედამისი, რა იყო, რა დაგემართაო, რამე ხომ არ გაწუხებსო. ყველაფერზე თავს იქნევს – არაო.

ისევ ცხოვრების ჩვეული რითმი მეორდება, უღიმღამო, უსინათლო. ია - იაც არ იწყებს ყვავილობას.

ყველა შევიკრიბეთ ისევ, თენგოც მოვიდა სამსახურიდან. რაღაც განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე გვეჩვენა. გაგვეხარდა მე და ჩემს დედამთილს.

- დედა, ხვალ თამარობაა, მოდი აღვნიშნოთ! რამდენი ხანია, მგონი, მამაჩემმა რომ წაგვიყვანა არაგვში, მას შემდეგ არც გვიქეიფია? აღარც მახსოვს, როდის იყო! რა ვქნა – დააყოლა გაბზარული, ნელი ხმით, – რესტორანს ვერ შეგპირდებით, მაგრამ, აქ, ამ სახლში, რა მოხდება, რომ დავჯდეთ ცოტა ხანს და ერთმანეთის ყურებით დავტკბეთ. სულაც ნუ ვილაპარაკებთ, თუ გინდათ! როგორ მომენატრა ყველა! თორნიკემ დღეს ხელფასიც მომცა და პრემიაც 50 ლარი. თან რა მითხრა, იცი? შენნაირი ერთგული თანამშრომელი არავინ მყავს აქაო! “ცავატანემო”, მიაყოლა მაღალი ხმით. თითო ჭიქაც დავლიეთ მე, თორნიკემ და რაფიკამ. ასე, ჩემო დედი, დეიდაჩემი და შენი დაქალები დამიხვდნენ აქ ხვალ, თორემ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. - თქვა ეს და თეონა აიყვანა ხელში.

- შე ყურცქვიტა შენა, როგორ ხარ? ამ პარკში ბარბის თოჯინაა! – და თეონას ლოყაზე აკოცა.

- მე ნამცხვრებს მოვიტან, – ჩავერთვე ლაპარაკში. ე, ბიჭო, მეშველა მგონია! ხვალინდელი სიტუაცია თვითონ მათქმევინებს ყველაფერს. ხვალინდელი დღე უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ!

- არ არის აუცილებელი, რა დროს თამარობაა! – მოკრძალებული, ნასიამოვნები ხმა გაისმა და მის ფერმკთალ სახეს მადლიერებისა და სიმორცხვის სიწითლე შეერია. თვალები დახარა და გააგრძელა;

- წავიდა ეგ მხიარულება ჩემთვის კარგა ხანია! თქვენ ხართ ახლა ჩემი თამარები და ღმერთები! შემოთავაზებისათვის ძალიან კმაყოფილი ვარ, თითქოს გადამიხადეთ უკვე, ისე ჩათვალეთ. თქვენდამი სიყვარული და მოვალეობა მაცოცხლებს ამქვეყნად! სულ არ მახსოვდა ეგ დღესასწაული, – და ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. ყველაფერზე ეტირება ყოველთვის.

- მე ადრე მოვალ სამსახურიდან, - ისევ ჩავერთვე. – გადაწყვეტილი ამბავია! ხუთი საათისათვის მოვიწვიოთ სტუმრები.

- რა კარგია! ნახე, რა ლამაზი ბარბია? ბეე, შენც მოგიტანენ ხვალ საჩუქრებს? – არ ეშვებოდა თეონა ბებიას და ეხვეოდა კალთაზე.

თენგო ტელევიზორთან ქრონიკას უყურებდა და უკვე თვლემდა. მეორე დღეს ადრე მომიწია ადგომა. ჩემი სამუშაო ოთახი დავალაგე, მტვერი გადავწმინდე. მაგიდა გავათავისუფლე. იატაკი მოვასუფთავე. ქვეყნის მტვერი გამოვიტანე. შემრცხვა საკუთარი თავის. მერე გრაგნილი ფორმატი, რომელზეც კონგრესისათვის გაკეთებული სტენდი მქონდა, გავშალე. კიდეები დავუმაგრე. ზედ თავში ჩემი სურათი მქონდა დაკრული მოკლე ავტობიოგრაფიით, შუაში სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც კალენდრიდან ამოვჭერი. გაბნეულად სუხიშვილების მოცეკვავეების, ულამაზესი ქალების ფოტოები, ხევსურულ და ქართულ კაბაში გამოწყობილნი. მარჯვნივ, ქვემოთ, ოქროსფერი ყურძნის მტევანი და ბეჭდად, საქართველოს დროშა და მიშას სურათი.

ტექსტი მოიცავდა მოკლედ ჩვენს ისტორიას, შემოქმედებას და მეცნიერებაში მიღწევებს. ეს იყო გამზადებული მაკეტი პლაკატისათვის, რომელიც უნდა გამეკრა აუდიტორიაში, სადაც უნდა მოხსენებით გამოვსულიყავი. შხვა თაშორის, გუშინ სტამბაში შევიარე, მაინტერესებდა რა დაჯდებოდა პლაკატის გაკეთება და ცივად გამოვტრიალდი. მითხრეს გინდა ერთი გააკეთე და გინდა ათასიო, ერთი და იგივე ფასი ღირსო. დაგიკლებთ კიდეცო, მაგრამ 130 დოლარი მაინც დაგიჯდებათ. სიდიდით სულ იქნებოდა 50/70 სმ- ზე, მეტი არა. „ანა დეიდას ვაჩვენებ, ვნახოთ რა შენიშვნებს მომცემს. მომიწონებს თუ არა?“

დილითვე მივულოცე თამარობა ჩემს დედამთილს, ერთმანეთს მორიდებით ვაკოცეთ.

- რამდენი სტუმარი გვეყოლება?

- ალბათ, სამი ან ოთხი, ანა, მანანა, ირა და თათა. ჩვენც კი ვართ ხუთნი და კი გამოვდივართ ცხრა კაცი.

წინსაფარი აეფარებინა აბრეშუმის კაბაზე. მოხდენილი ქალი გახლდათ. წარსულს დაღი დაესვა მის თეთრ, ოდნავ დანაოჭებულ სახეზე, მაგრამ მის ქცევასა და მიხვრა- მოხვრაში იგრძნობოდა რაღაც მედიდური, არისტოკრატული, შეუცნობადი, რომელიც პატივისცემას იმსახურებდა. ნიორს არჩევდა. ნიგოზი გაეტარებინა. ყველი წათხიდან ამოეღო, წყალში ჩასალბობად გაემზადებინა. თენგო უკვე გაეცილებინა, ვანიკოც. მე და თეონასაც დილის საუზმე მოგვართვა, ქოთნის ყვავილებს თვალებით გადავურბინეთ და წავედით. თეონა ბაღში დავტოვე, მე კი სამსახურისკენ ავიღე გეზი. მთელი გზა აკვიატებული მქონდა აზრი იმაზე, თუ როგორ დავსხდებოდით მისაღებ ოთახში მაგიდის გარშემო და დავიწყებდით ერთმანეთის მდგომარეობის გამოკითხვას. შეიძლება იცოდეს კიდეც ჩემი ამბავი დეიდა, ანამ, ბატონ გიორგისაც იცნობს კარგად. შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს და უთხრა კიდეც, მაგრამ ასე, რომ იყოს – დაგვირეკავდა. თვითონ გიორგის უნდა შეეტყობინებინა წესით. მაგრამ რაც შალვა ბიძია პარლამენტში აღარ არის, ერთხელ აღარ უხსენებია ბატონ გიორგის დეიდა ანა. როგორ მინდა, რომ იცოდეს, როგორ გაუხარდება! ისიც მეცნიერია და იცის, რა შრომაა ჩადებული თითოეულ ნაშრომში. ეგებ დამეხმაროს კიდეც და შევძლო “ჰოლანდიაში წასვლა. როგორ მინდა ვინმე დამეხმაროს! ჰოლანდია, კონგრესი, მეცნიერები, ქალაქი, ყვავილები და ყველაფერი ერთად აღებული სულ ერთი კვირა, მეტი ხომ არა!” – აღმომხდა ხმამაღლა, ჩემმავე სიტყვებმა გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ ჩემს გაჩერებას კარგა ხანია გავცდი. მომიწია უკან დაბრუნება ფეხით.

შევედი ლაბორატორიაში თუ არა, ნანა შემომეგება.

- რატომ დაიგვიანე? რას აპირებ? პასუხი აინტერესებს ბატონ გიორგის!

- ხვალ ვეტყვი, – მოკლედ მოვუჭერი.

- მეც მინდა წამოსვლა! რატომ მეც არ მიმაწერე თანაავტორად?

- ხუთი კაცი კი მივაწერე და მეტი რა უნდა მექნა? ისიც ყველა ბატონმა გიორგიმ მიკარნახა! – ვუკბინე ნანას, ეგრეც მოუხდებოდა და იმიტომ, და შევედი კაბინეტში. ბოღმა მახრჩობდა. თავხედი! ვფიქრობდი ჩემთვის. რა დონის თავხედი უნდა იყო, რომ ამდენი იკადრო! არა! როგორ მსაყვედურობს ეს ზაქი დედაკაცი აა! არაფრის მაქნისი, ლაყე, რეგვენი. რისთვის დაიარება სამსახურში, თვითონაც არ იცის. მთელ დღეს ჭორაობს, სიგარეტს ეწევა, ყავას სვამს და ბატონი გიორგის კაბინეტიდან არ გამოდის.

დილიდან გამიფუჭეს გუნებ- განწყობა. ჯერ მთელი დღე წინ მაქვს. რა საშინელებაა, როდესაც სამუშაო დღე უარყოფითი ემოციებით იწყება. აფორიაქებულმა ბუკლეტი გადავშალე და ისევ ... ჰოლანდია, კონგრესი 12- 17 ივნისი.

რაღა დარჩა? მოხსენება უკვე დავწერე, სლაიდები მაქვს გასაკეთებელი. დისკიც დამჭირდება საქართველოზე. ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში. კაბინეტიდან არ გამოვდივარ. არ მინდა, ბატონ გიორგის შევეფეთო. ასეა თუ ისე უეჭველად დადებით პასუხს ვეტყვი. ლექცია დამიმთავრდება თუ არა, ლაბორატორიაში აღარ შემოვბრუნდები, ისე წავალ. გემრიელი ნამცხვრები უნდა ვიყიდო და მაგის გულისათვის ან ვაკეში უნდა გავიდე, ან კიროვზე. ძვირი კი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელს აცხობენ. ჯერ თეონას მივიყვან და მერე წავალ ნამცხვრებზე. ანდა პირიქით ჯობია. ისევ ძველ ნაცნობებთან ვამჯობინე ვაკეში. არაყიშვილზე საჩუქრების მაღაზიაში შევიარე, მერე კავსაძეზე ნამცხვრებისათვის, შემდეგ უკან გამოვბრუნდი. ხუთის ნახევრისათვის ჩვენც მივედით. სუფრა გაშლილი დამიხვდა. თეონამ საჩუქარი მიართვა ბებიას, მე ნამცხვრები.

- რაში მოგეხმაროთ ?

- ყველაფერი მზად მაქვს. თუ ძალიან მოშიებულები ხართ, წაიკიკნეთ ცოტა და მერე ყველანი ერთად დავსხდებით.

ისეთი სურნელი იყო სახლში, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი. ხაჭაპურს ვეცი. ცხელი იყო. რომ ჩავკბიჩე, კანი გადასკდა და ტუჩებზე გადმომეღვარა ცხელი ყველი. ენით მოვილოკე ნიკაპი. მერე ხელსახოცი მოვიშველიე. დიდი ლანგარი ავიღე და ნამცხვრები დავაწყვე.

ზარი გაისმა. პირველი სტუმარი ირა იყო. ჩემმა დედამთილმა მიანება სამზარეულოს თავი და სტუმრებთან გავიდა.

- გილოცავ თამარობას! შენი ჭირიმე! როგორ მომენატრე! რამდენი ხანია არ მინახიხარ? ადვილად კი მოგაგენი, მაგრამ ვაკეში ახლოს იყავი და უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ახლა... როგორ ხარ, ძვირფასო?

- ყვავილები გამომართვი, თეონა, დედიკოს მიუტანე!

- თენგო როგორ არის? მომიყევი შენი ამბები, ყველაფერი მაინტერესებს.

ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი. ყველა შეიკრიბა. თენგო იგვიანებდა.

- დავსხდეთ სუფრასთან, თენგო შემოგვესწრება!

დეიდა ანა შემოვიდა თუ არა, ქოთნის ყვავილებთან მივიდა და თვალიერება დაუწყო.

- თამარ, მითხარი, გეთაყვა, რა ქნა ია- იამ. გამოიღო ყვავილი თუ არა ბოლოს და ბოლოს?

- როგორ ველოდები, რომ იცოდე! ჯერჯერობით არა, მაგრამ რაღაცას აპირებს, დღეს შევნიშნე, მაგრამ ფოთოლია თუ ყლორტი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში იმედი არ დამიკარგავს, ველოდები.

- შენი რას შვება?

- აპრილიდან მოყოლებული ყვავილობს ისე მშვენივრად, რომ მიხარია სახლში მისვლა. ანათებს პირდაპირ. არ შეიძლება, ყურადღება რომ არ მიაქციო. ვინც შემოდის, ყველას უკვირს. სხვათა შორის, შარშან მთელი წელი არ უყვავილია. რა მიზეზის გამო, ვერ ვხვდები. წელს არც მიწა გამომიცვლია, არც ადგილი. შენ წარმოიდგინე, ისეთი მოულოდნელი იყო მისი გაყვავება ჩემთვის, რომ იმ დღეს სამსახურში დავიგვიანე და საყვედური მივიღე კიდეც.

- ანა, ჩემო კარგო, როგორ ველოდები ამ იის აყვავებას, ენით ვერ აგიწერ. დავითის გარდაცვალების შემდეგ ჩემს სახლში სიხარული არ გამეფებულა. ერთი, ვანიკოს შემოვევლე, მაგის დაბადება იყო, მეორე თეონასი. ჩემი ქეთის დისერტაცია გასამდა და ეს არის და ეს. სხვა სულ დარდით და ვაი- ვიშით მოვდივარ დღემდე. თენგო დამეჩაგრა ძალიან. გული დარდით მაქვს სავსე. ერთადერთი შვილი, მერე როგორი ნალოლიავები, ხომ იცი! რა უნდა ჩემს შვილს პროფილაქტიკაში, თუ ღმერთი გწამს! დავითი ამოტრიალებული იქნება საფლავში უთუოდ! კიდევ კარგი, რომ ამ ამბავს არ შეესწრო. რა გვიყო დღევანდელმა ყოფამ?! არც მინდა ვილაპარაკო, ყველას თავისი გასჭირვებია. მოდით, დავსხდეთ სუფრასთან, ჩემო კარგებო!

- ქეთი, შენი საქმეები როგორ არის? ბატონი გიორგი მომიკითხე, რა არის თქვენკენ ახა... წინადადება არ დავამთავრებინე და მივახალე:

- ახალი ის არის, რომ ჩემმა შრომამ გაიმარჯვა მოხსენების სახით.

- არ გადამრიო, მართლა? რას ამბობ? რატომ არ დამირეკა გიორგიმ? საყვედური გადაეცი ჩემგან. მითხარი, მითხარი კიდევ! თუ არ ვცდები ჰოლანდიაში ტარდება არა? რა რიცხვებშია?

- 12ივნისიდან 17- ის ჩათვლით.

- რას ამბობენ თქვენები?

- არ მითქვია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ 1500 დოლარი ჯდება და მაგის საშუალება არ გვაქვს.

- ოხსენებას, ჩემო ძვირფასო, სამეცნიერო საბჭო აფინანსებს მთლიანად თუ არა, 50% მაინც. თამარ, გოლოცავ თამარობასთან ერთად!

- რაას?

- რას და, გენიოსი რძალი რომ გყავს, იმას, მაგისი შრომა გასულა მოხსენებით. იცი რას ნიშნავს ეს ჩემო კარგო?

- სიტყვაც არ დასცდენია, მომიკვდეს თავი.

ამ დროს გაისმა ზარი და თენგოც შემოვიდა. ყველას მიესალმა, სათითაოდ მიუახლოვდა და გადაკოცნა. დედამისს ვარდების თაიგული მიართვა და დიდი საზამთრო. ხელები დაიბანა და სუფრასთან დაჯდა.

- თენგო! რა ცოლი გყავს, დეიდა გენაცვალოს, არა, სად მოძებნე ამნაირი ჭკვიანი, მცოდნე, ნიჭიერი აა? გაუშვებ ჰოლანდიაში? ყველა შემთხვევაში უნდა წავიდეს! არ დაიბოღმნენ დანარჩენები? არ გასკდებოდნენ გულზე, ვისი თემაც არ გავიდა?!

- დედა, დაგლოცავ, გკოცნი! ყველა თამარს გაუმარჯოს! - თქვა და სასმისი ბოლომდე დაცალა, - არ ვიცი და არც არაფერი უთქვამს ჩვენთვის, – გააგრძელა თენგომ. – რა მოხდა, გამაგებინეთ! ნობელის პრემია ხომ არ მიგიღია? – სიამაყით გადმომხედა, ხელი გადამხვია და თავისკენ მიმიზიდა. სულ წიგნი უჭირავს ხელში და აბა, რა იქნება! – მერე უცებ ხელი გამიშვა, მეორე ჭიქა უთქმელად დალია და გაღიზიანებული ტონით დაიწყო: – ეგებ ჩაგვთვალო ღირსად და აგვიხსნა რა მოხდა? სულ უარყოფითი მესმის გარშემო ყველასგან ყველაფერი და თუ რომელიმე ჩვენგანს სასიხარულო ინფორმაცია აქვს, პირველ რიგში ოჯახის წევრებმა არ უნდა გაიგონ? მაინცდა მაინც სტუმრებმა უნდა მამცნონ? – თქვა და ისევ გადაჰკრა ღვინით სავსე ჭიქა.

- რა მოხდა და ქეთის თემამ გაიმარჯვა და მსოფლიო კონგრესზე მოხსენებით უნდა წარსდგეს ჰოლანდიაში. გაიგე ახლა?

ჩემი დედამთილი მომიახლოვდა, მაკოცა და ჩამჩურჩულა:

- აუცილებლად გაგიშვებთ, მაგაზე არ იდარდო. რამდენი დაჯდება მაინც, რა გითხრეს?

- ძვირია, ძალიან ძვირი, ამიტომაც აღარაფერი ვთქვი.

- შავი დღისათვის 200 დოლარი მაქვს გადანახული, დანარჩენსაც ვიშოვით. ნუ გეშინია.

გული ამიჩუყდა. ცრემლები მომადგა თვალებზე. შემეშინდა ტირილი არ დამეწყო პატარა ბავშვივით. ყელი დამებერა, ვიგრძენი როგორ დამეჭიმა კისრის ძარღვები, მოჭარბებული ნერწყვი ძლივს გადავყლაპე სპაზმისგან შევიწროებულ ხახაში. წამოვდექი, სამზარეულოში შევედი. ცრემლებმა მაინც ნახეს გამოსავალი და ახლა თვალებიდან კი არა, ცხვირიდან უნდოდათ გადმოდინება.

- ბატონ გიორგის მე დაველაპარაკები ამ საღამოთი, - ხმამაღლა წარმოთქვა დეიდა ანამ, – თუმცა რაღა საღამოს ვუცადო? ახლავე დავრეკავ,

– ამოიღო თავისი წიგნაკი, გადაშალა, მოძებნა საჭირო ტელეფონის ნომერი და დარეკა.

- საღამო მშვიდობისა, გიორგი, ანა მუხრანელი გელაპარაკებათ! როგორ გიკითხოთ? რა არის თქვენსკენ ახალი? თუმცა უნდა მოგილოცოთ თქვენი ლაბორატორიის წინსვლა. მოხსენებითი თემა მართლაც რამეს ნიშნავს! რას ფიქრობთ? დაფინანსება როგორი აქვს მეცნიერებას?

ო! ... ეგ ცუდია!... სულ არაფერი?... რას ამბობ, ასეთი გაღლეტილები არიან? ... – სახე შეეცვალა ანას. ბატონი გიორგი რაღაცას უხსნიდა. ჰმ! რას ამბობ! მართლაა? – ისმოდა დეიდა ანას პასუხები და სულ მალე დაემშვიდობა კიდეც.

- რაო, რა გითხრა? – შეეკითხა თამარი.

- სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის რომელიმე სფეროში წესრიგი? გინდა განათლება აიღე, გინდა მედიცინა, გინდა ეკონომიკა, ნებისმიერი. ყველაფერი დანგრეულია, დაშლილია, გაპარტახებულია. თუ სადმე ფული იყო ხაზინაში, ყველგან სიცარიელეა და მეცნიერება იქნება გამონაკლისი? დღეს თუ საკუთარი თავის იმედი და შნო არ გაქვს, არავინ გვერდზე არ დაგიდგება, არავინ! – თქვა და მე მომიტრიალდა

- ქეთი, რაღაცას მოვახერხებთ, შენ მაინც მოემზადე!

აღარაფერი მიპასუხია.

- თენგო! რამდენი წელია შენი დაკრული არ მომისმენია? რას იჩეჩ მაგ მხრებს, რატომ მეუბნები უარს?

- დეიდა, ნუ მთხოვ მაგას! დიდი ხანია არ დამიკრავს, რაც ვაკიდან გადმოვედით. ვერ ვპატიობ ჩემს თავს ყოველივეს. მოდით ხვალინდელი დღის სადღეგრძელო დავლიოთ. მშვიდობა, ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული ნუ მოგვშლოდეს! – ისევ გადაჰკრა სავსე ჭიქა ბოლომდე. სახე ნაღვლიანი გაუხდა. თვალები ძირს დახარა. მის ფერმკთალ სახეს სიწითლემ გადაჰკრა. თვალები გაუფართოვდა. სისხლი მოაწვა. გულის ბაგა- ბუგი გაჰქონდა. იკუმშებოდა გული და სისხლს ნაპირისაკენ ისროდა. როკავდა საფეთქლები, კისრის ძარღვები. შიგ გულში კი სიცარიელეს დაესადგურებინა. ტკივილს გრძნობდა მკერდში, მთელ სხეულში, ძლიერ ტკივილს. თავის თითებს დააკვირდა, მოეწონა,

- რამდენი შეგძლებიაო? ჩაილაპარაკა თავისთვის. ხელები მაგიდაზე აათამაშა. მიუხედავათ იმისა, რომ თითებს სინაზე დაჰკარგვოდა, ტლანქი და უხეში გამხდარიყო, სწრაფი მოძრაობა და რითმი არ დარღვეოდა. თავისთვის ჩაიდუდუნა სწრაფი რიტმით - დო- რე- მი- ფა- სოლ სოლ- ფა- მი- რე- დო - და თან თითები მიუსადაგა. გამოუვიდა. ესიამოვნა. გულზეც მოეშვა. ტკივილი გაუნელდა. შვება იგრძნო. ამოისუნთქა. ისევ გაიმეორა თითების მოძრაობა და მისამღერი. თითქოს ვეღარავის ხედავდა მის გარშემო, გამუდმებით ღიღინებდა დო- რე- მი- ფა- სოლ სოლ- ფა მი- რე- დო...

მე და თამარი ერთმანეთს ვუყურებდით და ორივეს თვალებზე ცრემლები მოგვდგომოდა. - დედა მოგიკვდეს - კვნესოდა თამარი. ძლივს დავაწვინეთ ლოგინში. ორივეს გვეფერებოდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: დო- რე- მი- ფა- სოლ სოლ- ფა- მი- რე- დო. იმ ღამეს წვეთი არ მძინებია. თენგოზე ვფიქრობდი. მართალია, ორივე დავიჩაგრეთ, მაგრამ მე ჩემი საქმის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, და ეს ასეა თუ ისე მახალისებდა. თენგოს კი ეტყობოდა, რომ ძალიან გულდამძიმებული და დადარდიანებული ჰქონდა სული. ვეღარ იტევდა დარდს. გადავსებულიყო პირამდე. ბუყბუყებდა ცხელი ლავასავით და საცაა ამოიფრქვეოდა, დასწვავდა, ცეცხლს მოუკიდებდა ყველაფერს. ეს უთქმელი კაცი დაკვრით მაინც მოიქარვებდა თავის ჯავრს. ძალით იტანჯებოდა, თითქოს სასჯელს იხდიდა. საოცარმა შიშმა ამიტანა. საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე: არ გამოვა ეს ჩემი წასვლა და უნდა შეეგუო, ჩემო ქეთი, ამას! მიდი და იღიღინე შენთვის: “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია? შორს მივდივარ, მოდი, გემშვიდობები”. უნდა შეეგუო იმ რეალობას, რაც ამჟამად ჩვენს საზოგადოებაში ხდება. ესე იგი უარი უნდა უთხრა? ჰო, უარი უნდა უთხრა, ჰო! ხომ იცი, ნათქვამი რომ არის: “საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიფარეო!” რას იზამ ახლა! ნუ გადააყოლებ ყველას ამ შენს ნაშრომს, რა? ხომ არ აპირებ ვერის სასაფლაოზე წასვლას? ეს ერთი და სხვა მრავალი! მოხსენება იყო და იმიტომ, თორემ სხვა რა? შეიძლება ასი შრომიდან ერთხელ გაარტყა მიზანში, ჩემო კარგო. ერთხელ - ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და თან ძალიან მენანებოდა შრომის სხვაზე მიცემა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა.

მეორე დღეს ბატონმა გიორგიმ გამომიძახა.

- რას აპირებთ? ვიზებია გასაკეთებელი საფრანგეთის საელჩოში. თვითმფრინავის ბილეთებიც შესაძენია უკვე. ვიზის გაკეთებას ორი- სამი კვირა მაინც დასჭირდება. გუშინ დეიდაშენი მელაპარაკა. რა გიყო? რეგისტრაციის თანხას მე გადაგიხდი, 500 დოლარს ლაბორატორიის ხარჯებიდან, დანარჩენი თქვენ უნდა იშოვოთ! – თქვა ეს და გადმომხედა თვითკმაყოფილი, ”მზრუნველი” თვალით. ზუსტად ისე, ვინმეს დაპყრობა რომ გინდა. ამ გამოხედვაში ისიც ამოვიკითხე, რომ, თითქოს მეუბნებოდა, ჩემს იქით გზა არ გაქვს და უნდა დამემორჩილოო.

მე კი უკვე ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. მთელი ღამის თეთრეულის ნახარში წყალივით ვიყავი ამყრალებული. მინდოდა მეყვირა და მეტირა ხმამაღლა, რომ ყველას გაეგო, თუ რა სასტიკ დროში ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ ფული და ფულია ყველაფერი, რომ პატიოსნება, კეთილ- გონიერება, სიკეთე, სიყვარული, ნიჭიერება, თავმდაბლობა ვიღაცამ შთანთქა, და ის ვიღაცა უნდა ეძებო და აზღვევინო პასუხი ყველაფერზე. როგორ ღვთისნიერად თვლის თავს - ვფიქრობდი ჩემთვის. რა გინდა რა? ფულსაც გაძლევს და გზასაც გიკვალავს. გინდა დაიძვრინო თავი ამ ხაფანგიდან? თან ვიღაცა ჩაგჩურჩულებს ყურში და გეუბნება: – ხვალინდელ დღეზე იფიქრე, ძვირფასო, თავი შეიკავე, უარი უთხარი და დაამთავრე ამითი, დღეს ბრძოლაა არსებობისათვის და ეგ გლახაკიც ამ გარემომ და საზოგადოებამ შექმნა! ვინც მოასწრებს, მისია ეს ცხოვრება. რას იზამ!

- ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანხა მაქვს და თქვენი 500 დოლარი არ მესაჭიროება, რაზეც მადლობას მოგახსენებთ, ოჯახს ერთი კვირით ვერ დავტოვებ. ჩემს ადგილზე ნანა ჩასვით. რაც შეეხება მოხსენებას, აგერ მოგიტანეთ. იმედია სლაიდება და პლაკატს თქვენ გააკეთებთ.

- რას ამბობთ! უნდა წამოხვიდეთ!

- ეს ჩემი საბოლოო პასუხია, – ვთქვი, მოხსენება მაგიდაზე დავუდე და გამოვედი.

ეტყობა, ბატონი გიორგი ასეთ საქციელს ჩემგან არ ელოდა, აფორიაქდა, მაგიდიდან წამოხტა, გარეთ გამომყვა და ყველას გასაგონად იძახდა:

- თუ ფული გაქვს, რატომ არ უნდა წამოხვიდე? გამაგებინეთ ერთი მეტი რა შევთავაზო? ოჯახი, ოჯახი ყველას გვაქვს, – იმეორებდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. ავიღე ხელჩანთა და წამოვედი.

სახლში ქანცმიხდილი მივედი. თეონასათვის არც გამივლია. ტყობა, სახე დაღვრემილი, თვალები ჩაწითლებული მქონდა და სახლში შესვლისთანავე ჩემმა დედამთილმა შემომხედა თუ არა, შეშფოთებულმა მკითხა:

- ქეთი, რა მოგივიდა? რამე ხომ არ შეგემთხვა? მინდა გაგახარო!

- არა, არაფერი, ძალიან დავიღალე, თეონასაც კი ვერ გამვოუარე. მძიმე დღე მქონდა. რითი შეიძლება გამახაროთ?

- ქეთი, შვილო! თეონას მე მოვიყვან, ქოთნის ია- იას ყვავილი გამოაქვს. ეგებ მეღირსოს მაგისი ყვავილის ნახვა! როგორი დაბერილი აქვს, რომ იცოდე, ყლორტი. ალბათ სამ- ოთხ დღეში გაიშლება. როგორ ვერ შევნიშნე გუშინ!

- მართლა? ღა კარგია! თეონასაც ძალიან გაუხარდება. ეგებ გვეშველოს, დაგვანახოს საკუთარი თავი, როგორია.

- ქეთი. მითხარი, როგორ არის შენი წასვლის საქმე? თენგოს ველაპარაკე და მითხრა, თორნიკეს გამოვართმევ ფულსო, მერე ხელფასიდან დამიქვითავსო. 200 დოლარი მე მაქვს. 50 –იც თენგომ მომცა გუშინ, დანარჩენს ვისესხებთ.

- ეხ ! - აღმომხდა ძალაუნებურად, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. უარი ვუთხარი, ეს ამბავი გადაწყვეტილია.

შევნიშნე, როგორ შვებით ამოისუნთქა ჩემმა დედამთილმა. თავი ვეღარ შევიკავე, შევედი ჩემს სამუშაო ოთახში. ყველა წიგნი და ჟურნალი დავხურე. ნაწერი ფურცლები სულ ერთთავად დავხიე და ურნაში ჩავყარე. მაგიდაზე გაშლილი პლაკატის მაკეტი თავისით დაიგრაგნა და მაგიდის კუთხეში მიიმალა. შემეზიზღა ყველაფერი იმ ოთახში, დანახვა არაფრის მინდოდა, დივანზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. გულდამძიმებულს და ღონემიხდილს ჩამეძინა. ვახშამზეც არ გავსულვარ.

გვიან იყო, რომ გამოვფხიზლდი. საათს შევხედე, ათს გადაცილებულიყო. შემომესმა მუსიკის ხმა. თავი წამოვწიე. ყურები ვცქვიტე. ისევ საათს შევხედე. სიზმარი იყო თუ ცხადი, ვერ გავრკვეულიყავი. მეცხრე სიმფონიას უკრავდა ვიღაც. მივაყურე. მერე წამოვდექი. კარები გამოვაღე. შემპარავად როიალისკენ გავიხედე და თენგო დავინახე. დავაკვირდი. კი, ნამდვილად თენგო უკრავდა. თვალები მოვიფშვნიტე, ვიგრძენი, გუგები როგორ გამიფართოვდა. სისხლი მომაწვა თავში, დამიმძიმდა. თავი ვეღარ შევიკავე და კარების გამოღებულ კიდეს ვრეხვე. ო! ახლა კი ნამდვილად გამოვფხიზლდი. თენგო უკრავდა გრძნობით, უშეცდომოდ, მთელი აღმაფრენით. ვანიკოს ოთახი ღია იყო. მოვლანდე ჩემი დედამთილი, ისიც კარებთან მდგარი, სიხარულის ცრემლებით სავსე თვალებით, როგორ განაბული, სიყვარულით შესცქეროდა თავის ერთადერთ შვილს. თენგო კი უკრავდა და ვერავის ხედავდა მის გარშემო.

მ. ჯაფარიძე

2004 წლის აგვისტო - სექტემბერი.




Hosted by uCoz