Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

მიცვალებულთან

პატივი მივაგე მიცვალებულის ხსოვნას. პანაშვიდზე მივედი. ქალიშვილების ცრემლიან თვალებს მივუახლოვდი, მივუსამძიმრე. ჩამოვჯექი ჭირისუფალთა შორის. თვალები გამექცა ცხედრისკენ, შევხედე მის გაციებულ სახეს, ფერშეცვლილს, თმადავარცხნილს. მაკიაჟიც გაუკეთებიათ, მაგრამ მძინარეს სრულებითაც არ ჰგავს. არ ჰგავს მას, ვისთანაც აქამდე დავდიოდი. კანის ფერი მოყვითალო-მოლურჯოა, თვალებდახუჭული, პირდამუწული, სახეშესიებული, გამომეტყველება მტკივნეული, დარდიანი, ყვრიმალისა და ყბის ძვლების ბორცვები გამოკვეთილი. იგრძნობა, რომ მის სახეს ელასტიურობა დაუკარგავს. ცივი, მკვრივი და უხეშია. თავისი საყვარელი ზედა პერანგი აცვია, ვარდისფერი შავი წინწკლებით. მან დაიბარა ალბათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მასაც მკვდრის ფერი მიუღია, აღარ არის ისეთი ხასხასა, ჰაეროვანი, სიცოცხლეში რომ ჰქონდა. მასაც პატრონივით დაუკარგავს ფერი და ელასტიურობა. სულ სხვანაირია. ის კი აღარ გიცინის, აღარ გეალერსება მისი უსინათლო თვალები. როგორ უხაროდა მცირედი ყურადღება, თუნდაც ტელეფონზე შეხმიანება. ლამის ყურმილში გამომძვრალიყო და მოგფერებოდა, რომ გაიხსენე და მოიკითხე. არასოდეს თავისი ტკივილით თავს არ მოგაბეზრებდა. მხოლოდ მტკივნეულად იხსენებდა მეგობრებს, რომლებმაც დაივიწყეს და ხაზი გადაუსვეს წარსულს, დიდი ხნის მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას. პირველად ვნახე ხანშიშესული, რომელიც არასოდეს წუწუნებდა და კვნესოდა ავადობის გამო. სენი კი უამრავი ჰქონდა: დიაბეტი, თავისი ყველანაირი გართულებებით, მხედველობის დაკარგვა, ასციტი, პლევრიტი და სხვა. საოცარი მებრძოლი და მომთმენი, ოჯახის უზომოდ მოყვარული. ერთ დროს კეკლუცი, ცქრიალა, ლამაზი, საქმიანი, საუკეთესო დიასახლისი, კარგი მეუღლე და კიდევ უფრო კარგი დედაქალი იყო იგი. უსაყვარლესი მეუღლე დაკარგა რამდენიმე წლის წინ. დაიტირა მწარედ. ნატრობდა მასთან წასვლას და, როგორც იქნა, აუხდა საწადელი. რამდენმა დააფასა და მოვიდა პატივის მისაგებებლად! ამდენი ლამაზი მოხუცი ერთად არ მინახავს რა ხანია. როგორ უჭირდათ ამოსვლა მაღალ სართულზე! ზოგი ქოშინით, ზოგი ყავარჯნით, ზოგიც სხვისი დახმარებით უვლიდა მიცვალებულს წრეს. რა-რაო! – ეკითხებოდა ხმამაღლა და თან ყურს უშვერდა მეორეს. _ვერ გიცანი, რომელი ხარ! დამაცადე, სათვალეს გავიკეთებ და კარგად შემოგხედავ, შემოგევლე! სიბერეს დასწყევლიდა, _ ჩვენი დროც მოსულაო! –ჩაილაპარაკებდა და ცრემლებს შეაწევდა ცხედარს, მეგობრებს და მეგობრობას გაიხსენებდა. ცოტა შესვენების შემდეგ ნელი სვლით უკან ბრუნდებოდა. მაინც რა ყოფილა ეს სიბერე, ღმერთო ჩემო! შეუმჩნევლად რომ გეპარება, როგორ ნელ-ნელა გართმევს ენერგიას და ამ ენერგიას თან აყოლებს ყველაფერ საუკეთესოს რაც გაგაჩნია. ტვინი გადასარევად გიმუშავებს, მაგრამ ზედა და ქვედა კიდურებს ვეღარ იმორჩილებ და მალე იღლები, სულ გცივა და სხეულს ვეღარ ითბობ, ამიტომაც დადიხარ სვენებ-სვენებით და სულ სითბოს ეძებ, რომ გაგითბეს სხეული. მხედველობაც დაგაკლდა და ყურშიც აღარ გესმის. საჭმლის

გემოსაც ვეღარ იგებ ხეირიანად. დაქუცმაცებული და თხიერი საჭმელი გირჩევნია მიიღო იმიტომ, რომ შენი ყბების რესტავრაცია- განახლების გამო ჭიშკარი ისე უხეშად და ძლიერად იკეტება ხმაურით, მტკივნეულად, მოუდრეკავად, რომ გგონია პირში ვიღაცას ლოდები ჩაუდვია შენთვის და ძალაუნებურად სულ იმაზე ფიქრობ, რომ ეს ლოდი თავისი ჭიშკრიანად არ გადაგეყლაპოს. ეს ყველაფერი შენ ისე გაწუხებს, რომ ხვდები, მისი რაკარუკის ხმა სხვასაც შეაწუხებს და გერიდება უკვე ყველაფრის და ყველასი, ამიტომაც მარტოს გირჩევნია მიირთვა და ნელ-ნელა სცილდები საზოგადოებას, რომელიც ასე გიყვარდა და უმისოდ სიცოცხლე არ შეგეძლო. კედლიდან საუცხოო სურათი გვიცინის ისე, როგორც იცოდა სიცოცხლეში მიცვალებულმა. მეორე სურათზე კი იგი თავის მეუღლესთან ერთადაა. ორივეს უხარია და შემოგვცქერიან, შემოგვციცინებენ, როგორც იცოდნენ აქამდე, სიცოცხლეში. ადარებ სიკვდილ-სიცოცხლეს ერთმანეთს და ფიქრობ შენთვის, როგორი უსამართლობაა ასეთი შეცვლა, როგორ ჩაუკლავს ღმერთს სიცოცხლე, როგორი დაღი დაუსვამს სიკვდილს. ალბათ, სჯობს, რომ სუდარა გადაფარებული ჰქონდეს! სულ ისეთი მაინც გემახსოვრება, როგორიც იყო! ღმერთმა სიცოცხლე ხომ რამდენიმე ნაწილად დაყო: ჩასახვა, დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, ხანშიშესულობა, სიბერე და გარდაცვალება.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ბედნიერია ის, ვინც ეტაპობრივად, კანონზომიერად გადის ცხოვრების ამ საფეხურებს. ყველაზე მაღალი საფეხური, მიუწვდომელი და “ცაში აფრენილი”, ჩემი აზრით, ახალგაზრდობაა, როცა ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად, როცა გამოუცდელობის გამო ყველაფერს იოლად და დაუფიქრებლად წყვეტ, როდესაც ყველაფერი ლამაზად, ნათელ ფერებში გეჩვენება და სხვისას არ იჯერებ. ერთხელ ან ორჯერ გაგიმართლებს და ასე გგონია, გენიოსი ხარ, უფროსის გამოცდილებას არაფრად აგდებ. შემდეგ კი ნელ-ნელა ეშვები ძირს. ცხოვრება თვითონ გაბრძენებს და გაძლიერებს. მაგრამ ვაი რომ დრო აღარ გრჩება ხელახალი გამეორებისა, ხვდები შენს შეცდომებს, ლამობ მათ გამოსწორებას და უკვე გვიანია. ისე გაირბინა წლებმა, დროა პენსიაზე გახვიდე. ვაი რომ პენსიით ვერ იცხოვრებ და ახლა რაიმე ისეთზე უნდა იფიქრო, რომ თავი გაიტანო და საშუალოდ მაინც იცხოვრო, სულ არ დააწვე შენს შვილებს კისერზე. ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მიდის ცხოვრება წინ, რომ თუ არ ირბინე და არ სდიე – ჩამორჩები და ვერც ვერასოდეს დაეწევი მას. შენ კი სიბერე მოგეძალა, ვეღარ ირბენ დროის შესაფერისად და უნდა დაუთმო ახალგაზრდებს შენი ნაჯაფარი და ნაამაგარი. ზოგი ადვილად თმობს ყოველივეს, ზოგი კი _ვერა და მაშინ იწყება საშინელი ბრძოლა ძველსა და ახალ თაობას შორის. შვილები გეცოდება, იმდენს მუშაობენ. უყურებ, როგორ დაჰქრიან იქით-აქეთ ცოფიანებივით: იქ ბავშვია მისახედი, იქ სახლი, აქეთ სამსახური. ეგებ შენთვისაც დარჩეს დრო და შემოგირბინოს, ერთი ან ორი სიტყვა შეგაწიოს და მოგეფეროს. გენატრება დამლაპარაკებელი, მაგრამ არ სცალიათ ან ვერ იცლიან შენთვის. შენ კი შენში იწვი, გგონია, რომ აღარ უნდიხარ არავის. ისინი გადარჩენისათვის იბრძვიან. მოძრაობა, ისევ და ისევ მოძრაობა არის სიცოცხლის მესვეური და არ უნდა გახდე ლეშივით უმოძრაო და მყრალი.

სიცოცხლე ხომ ყველაზე დიდი შენაძენია კაცობრიობისა. ნუთუ არსებობს რაიმე, რაც უფრო მაღლა დგას სიცოცხლეზე? როგორი მძიმე ცხოვრებაც და რა ხანდაზმული ასაკიც არ უნდა გქონდეს, ვერანაირად ვერ თმობ მას, ხან რას ებღაუჭები და ხან რას, რასაკვირველია, თუ სულით ავადმყოფი არა ხარ. ადამიანი სიკვდილზე ფიქრს ავადმყოფობისა და გამწარებული სიბერის დროს იწყებს. ორჯერ და მეტჯერაც ხომ დასძლიე და აჯობე სიკვდილს, უბრალოდ, არ ისურვა მიქელ გაბრიელმა შენი მიღება იქ, ახლა კი ვეღარსად წაუხვალ! ფიქრობ შენთვის და ფორიაქობ, წუხარ, ქოთქოთებ, გრძნობ, როგორ გიახლოვდება სიკვდილი და მისი საშინლად გეშინია. ისე აგეკვიატა ეს ოხერი, რომ მოსვენებას აღარ გაძლევს. გინდა სხვა რამეზე გადაიტანო ფიქრი, მაგრამ ტვინი გძალავს. ფიქრი შენზე ძლიერია. იგი ტკივილთან და ცუდ ყოფასთან ასოცირდება და არ გაძლევს შვებას და მოსვენებას. ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი გინდა. მოგეხსნა, ხასიათზეც მოხვედი. მიიხედ-მოიხედე. რა კარგი და მშვენიერია ყველაფერი, რა ნათელი და ხასხასა! გიხარია, ამაყობ შენი მონაგრით, პატარების ჟღურტული გსიამოვნებს, მათი შეხედვა, იმედი გაგიჩნდა, დაგიტირებენ მაინც. მაგრამ ცოტა ხნით გქონდა ეს ბედნიერება და ისევ გაგახსენა თავი ტკივილმა. ისევ მოიღრუბლა და ჩამობნელდა. ისევ დარჩი მარტოდმარტო შენს თავთან, ტკივილსა და ფიქრებთან. საშველი აღარ არის. აღარავის დანახვა აღარ გინდა, შენი წუწუნით თავი მოაბეზრე ყველას, სხვა გზა არ არის! უნდა შეხვდე სიკვდილს და ამისათვის უნდა მოემზადო სათანადოდ. ის კი შენს ქუჩაზეა უკვე. მოდის და თანრაღაც ხმაური, მტვრის და ქარბორბალას მსგავსი ღრუბელი მოჰყვება. უკვე შენს კართან მოსულა და უნდა დაგიკაკუნოს. მისი ფეხის ხმა გესმის. წრიალებ, გინდა წამოდგე და კარები ჩარაზო, არ შემოუშვა, გაექცე, მაგრამ გრძნობ, რომ შენზე ძლიერია ბევრად და ვერსად გაექცევი. შიშისგან ძალა წაგერთვა. ცხოვრება ხომ დაუსრულებელი ბრძოლაა. ახლა კი ბრძოლის ფორმა შეგეცვალა. ტკივილმა და ფიქრებმა სულ მოგიღეს ბოლო. დაგაუძლურეს. ვეღარ დგები, ცახცახებ, მთელი სხეული გითრთის, ხელებს იქნევ, დაყვირება გინდა, შენი ბგერები შენ ძლივს გესმის, ისეთი ხმაურია, ყველაფერი შრიალებს და ტრიალებს. ის კი ყველაფერთან ერთად გიახლოვდება, მოდის სწორხაზობრივად, შეურხევლად, ქარბორბალას მოშავო ღრუბლებს მოჰყვება ნარნარით , გახარებული, გაბოროტებული სახით. _გეყოფა! ახლა უკვე ჩემი დროა! _ჩაგსისენებს ყურში. გრგძნობს იგი, რომ ფსიქოლოგიურად დაგჯაბნა და გაგანადგურა, რომ ცოტა ხანში მისი გახდები და ეს ძალიან უხარია.ალქაჯს ჰგავს. თმები დაუვარცხნელი და გაპუწული, მაგრამ არა ქარისგან, არამედ ღვარძლისგან, კბილები დაკრეჭილი, დამცინავი სახით. თვალები ცივი და ულმობელი, სიძულვილის ცეცხლი უნთია თვალბუდეში. თვალებს არ ახამხამებს. მისი ანთებული თვალების ცეცხლი ისედაც აფორიაქებულ სულს კიდევ უფრო აშფოთებს, ახურებს, აფართოვებს სისხლის ძარღვებს

და ისე გებერება ძარღვები, რომ ლამის გაგისკდეს სხეულის ყველა ნაწილი და ნაკუწებად დაიშალოს. ისეთი სიძლიერით მუშაობს გულის კუნთი, რომ სხეული ტოკავს, წუთში ასჯერ. მონოტონურად. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ გული შენს სხეულში კი არ არის, არამედ შენ ხარ მასში. ისეა კუნთის კიდეები გათხელებული, რომ საცაა გაიხევა. ამ გულმა თავისი სიდიდით ყველაფერი ისე მიჭყლიტა, შეკუმშა, რომ გასაქანს აღარ აძლევს სხვა ორგანოებს. მუშაობს გადარეულივით. ის კი გიახლოვდება. ტანზე შავი ანაფორა აცვია. შენკენ იცქირება, პირდაპირ შენკენ, ხარხარებს, უხეშ ბგერებს გამოყოფს, რომელიც ქარიშხლის ხმაურს ფარავს. სახლის კარი მოგლიჯა. ხმაურმა, მტვერმა, სიცივემ, ულმობელმა ზუზუნმა ყურები გაჭედა. ყველაფერი ტრიალებს ოთახში. სული ისე გეხუთება, თითქოს ყელში მარწუხი მოგიჭირეს, ქოშინს იწყებ, უკვე ხროტინებ. გრძნობ, რომ ფილტვებში ჰაერი აღარ ჩადის და ჟანგბადი აღარ აღწევს ტვინის უჯრედებამდე. თვალის გუგები გაგიფართოვდა და მხოლოდ სიკვდილის ცეცხლიან თვალებს ხედავ. ყურთასმენაც წაგერთვა, ლამის გახეთქოს ძლიერმა ხმაურმა ყურის ბარაბნები. ყველაფერი შრიალებს და ტრიალებს. თავის ქალის წნევა ისე აგეწია, რომ გრძნობ, როგორ მოგაწვა სისხლი თვალებთან, ცხვირთან, პირთან. აღარაფერი აღარ გესმის, მაინც არ გინდა დათმო სიცოცხლე და უკანასკნელ ძალას იკრებ. ხვდები, რომ სიკვდილი შენზე ძლიერია, მაგრამ არ ეპუები და აი, ისიც შენ წინ დგას უკვე და გებრდღვნა, გადაიხარხარა, შეგანჯღრია, თავისი საზიზღარი ჩონჩხის გრძელი ხელები შენს სხეულს მოხვია და თავისკენ ექაჩება დაუზოგავად. უნდა სული ამოგხადოს, გეჯაჯგურება. შენ კი სულ მარტო ხარ ამ ულმობელ ურჩხულთან. როგორი უმწეოჩანხარ, სუსტი, დაბეჩავებული. გინდა დაიყვირო, შველა ითხოვო, გაექცე, მაგრამ ძალა აღარ გყოფნის აღარც საყვირლად, აღარც სარბენად, აღარც მოსაგერიებლად. ძალიან დაღლილი ხარ, არაქათი გამოგაცალა ამ საზიზღარმა, თვალებში ჩაგხედა სიკვდილმა, ცეცხლი მოგიკიდა. დაბერილი სისხლის ძარღვები გახეთქა.

მორჩა, გათავდა, თბილმა სისხლმა გადმოჟონა და დანამა სხეული. როგორც იქნა დაისვენე! ანდა აქამდე რატომ იწვალე ასე უმოწყალოდ? რა შვება იგრძენი ღმერთო ჩემო! როგორი მსუბუქი და ჰაეროვანი გახდი! შენი ოჯახის გვერდით ხარ მაინც და თვალს ადევნებ ყველას და ყველაფერს. ესაა, რომ ისინი ვეღარ გხედავენ და აღარც არაფერს გთხოვენ.

მ.ჯაფარიძე

2005, ოქტომბერი





Hosted by uCoz