Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

მონატრება

მსმენია და გამკვირვებია კიდეც როცა უთქვამთ მიწის ყივილმა იძალა და თავის კერას დაუბრუნდაო. საოცარი ძალაა შენი კუთხე, მიწა, წარსული, ბავშვობა, მეგობრობა, მოგონება. Eეტყობა, ქართული სული თუ გაქვს, ადრე თუ გვიან სათუთად ნაფერები შენი კუთხის სიყვარული შენს გულსა და გონებაში გახსენებული საამო წარსული ნელ-ნელა შენს სულში ფაქიზად გამოირიყება, დააგროვებს წლების მანძილზე ნაგროვებ პატარ-პატარა ზვირთებს და შემდეგ უეცრად ისე აღელდება, რომ დიდი ტალღის ტოლად იქცევა, აბობოქრდება, აზვირთდება, მოიკრებს ენერგიას და გადალახავს მთასა და ბარს. მხოლოდ თავის კუთხეში დამშვიდდება, დაწყნარდება, დაპატარავდება, შხეფებად იქცევა, გაიბნევა მიწაზე და გაისუსება სიამოვნებისაგან. ალბათ ეს არის მამაპაპისეული სულიერი მიზიდულობა.

რარიგად სჭირდება ყველას და ყველაფერს მოფერება: ახალშობილს – იავნანა, მოხუცს – ტკბილი სიტყვა, ახალგაზრდას – ტაშ-ფანდური, ძაღლს – ძვალი, მიწას –თოხი, სახლს – ხმაური და ჟრიამული . . . რა ხანია სოფლის სახლი რომ დაკეტილია. ალბათ თვითონ კერა როგორ ელოდება თავის პატრონს! რა მოხდა ნეტავ? დაიხოცა ყველა თუ დარჩა ვინმე მადლიანი, რომ მოგვხედოს. წვიმამ გაანადგურა ჭერი და იატაკიც აყარა! როგორ მოგვენატრა სინათლე, შეძახილი, ხმაური! მგონი ვიღაც მოდის. ე, ბიჭო გვეშველა! მანქანის ხმა ჩვენ სახლს უახლოვდება. და მართლაც ძლიერი მუხრუჭის ხმა გაისმა. სახლი შეირხა, ძალ-ღონე მოიკრიბა, თელის ხის კედლებმა და მისმა ჩუქურთმებმა ჭრაჭუნი და რყევა დაიწყეს, დიდი ხნის მიძინებულმა კედლებმა - გამოფხიზლება. ძნელად და ღრჭიალით გაიღო დიდი ხნის ჩარაზული, მტვრით დაფარული, აბლაბუდებში გახვეული, ნესტისგან დაბერილი კარები და დარაბები. კარსა და ჩარჩოს შორის ხის ჭიაღუას და ობობებს დაედოთ ბინა. მოყვითალო-ყავისფერმა ფქვილნარევმა ხის მასამ იატაკი შეფერა. ჭიაღუები მოულოდნელობისაგან ასხმარტალდნენ. ჯინის ბოთლში ჩამწყვდეულმა სინათლის სხივმა და ჰაერმა ვულკანივით ამოხეთქა. გაგულისებული ამოვარდა ზემოთ. ძალა მოიკრიბა, ენერგიულად, სწრაფად და ხმაურით შევარდა გაღებულ კარში. ამდენი ხნის ნაბრძოლებმა, ტყვეობისაგან განთავისუფლებულმა ცეკვა-თამაშით შემოირბინა ოთახის კუთხე-კუნჭული. გაიბნა, გაინთხა სახლის სივრცეში. ხან კედელს მიეჯახა, ხან ჭერს, ხანაც იატაკს. ეს ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ უსაშველო მტვერი დადგა ოთახში. ობობის ქსელებმა და ბანდღებმა რხევა დაიწყეს. სინათლის სხივმა კარადაშიც კი ინება დაუკითხავად შეძვრომა. დაბურულ და დამტვერიანებულ ჭიქებს გაელამუნა, მოეალერსა, მტვერი გადაყარ-გადმოჰყარა, მათ შუა გაჩერდა და გაიტვრინა დაღლილობისაგან.

სახლში დაგროვილმა ჩაგუბებულმა ნესტის სუნმა ცხვირის ნესტოები დაბერა. ჟანგბადის ნასახიც კი არ დაეტოვებინა იქ დაბინავებულ სატანას. ფილტვებში ჰაერი აღარ ჩავიდა, იმიტომ, რომ ის იქ აღარ იყო. სიცოცხლე სულ შთაენთქა ვიღაცას თუ რაღაცას. ამის შემხედვარემ მკერდთან ტკივილი ვიგრძენი. ეს ტკივილი სარტყელივით შემოერტყა გულ-მკერდს და უნებლიეთ კვნესა აღმომხდა. რაღაც უცნაური წვა ვიგრძენი და სახეში სილის ტყლაშუნი. მივხვდი, რომ ეს წარსულის, წინაპრის, მამაპაპისეული მისალმება იყო . . .

აფერუმ მას, ვისაც შეუძლია ვინმეს გახარება! ხელმეორედ დაბადება! ხელმეორედ განახლება, ვისაც შეუძლია წარსულის მოფერება, მისი გაფრთხილება და სიყვარული!

მ.ჯაფარიძე

2006 წ. თებერვალი.





Hosted by uCoz