Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

გამყიდველი

ვეებერთელა სუპერმარკეტი აუშენებიათ ქალაქის ცენტრში, ევროსტანდარტების დონეზე. ისეთი ჰოლია ორანჟერეით, შადრევნებით, კაფე-ბარებით, რომ ვერ აღგიწერთ, თუ თქვენი თვალით არ ნახეთ. გეგონება, ღია ცის ქვეშ იმყოფები. ისეთი მაღაზიები და შენობები მხოლოდ უცხოურ ფილმებში თუ მინახავს. უზარმაზარი სივრცეა გარშემო, მინის კედლებით გარშემორტყმული. სისუფთავეა, იატაკზე მოთეთრო-კრემისფერი მეტლახი სარკესავით პრიალებს. სიჩუმეა, წყნარი მუსიკა ისმის. ყველა გასასვლელთან მოხდენილი ტანის, მაღალი, მხარბეჭიანი, სუფთად ჩაცმული და კოხტად გამოწკეპილი დაცვის ბიჭები დგანან.

ზაფხულის ცხელი დღეა. შენობაში გრილა. ცხელი ჰაერიდან ამ სიგრილეში შემოსვლა ისეთი სასიამოვნოა, გგონია, სამოთხეში მოხვდი. კონდენციონერები თავის საქმეს უხმაუროდ ბრწყინვალედ ასრულებენ.

უამრავი სექციაა ორ სართულზე განლაგებული. რა გინდა სულო და გულო: ჭურჭელი, ავეჯი, სპორტული საქონელი, ტექნიკა, საბავშვო სათამაშოები, პარფიუმერია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… ბარი, სილამაზის სალონიც კი აქვთ ერთ კუთხეში. მომსახურე პერსონალი ტრიალებს, ფუსფუსებს, ალაგებს, წმენდს, ზოგი მუშტარს აწონებს თავსა და საქონელს, ზოგი ჭორაობს, ზოგიც ნაყინს მიირთმევს. ახალი გახსნილები არიან, ჯერჯერობით მყიდველი კი არა, დამთვალიერებელი უფრო მეტი ჰყავთ. შენ ფული თქვი, თორემ დანარჩენი… ფეხქვეშ გაგეგებიან, ისე მოგარგებენ, შენს ტანსა და ფეხზე შეკერილი გეგონება. გამოეწყობი, სარკეში ჩაიხედავ და - შენს თავს ვეღარ იცნობ. იკითხავ კიდეც - ვინ არის ის ნაცნობი ქალი, ჩემ წინ რომ დგას? დააკვირდები და შენ არა ხარ! ოღონდ სულ სხვანაირი. აღარ გაქვს სახის ნაკვთები მოღუშული, ჩაფიქრებული, დარდიანი, რაღაც თითქოს გამაღლებული და ამაღლებული სჩანხარ. წელში გამართული, თვითკმაყოფილი გეჩვენება საკუთარი თავი. ამ წუთიერ სიამოვნებას ახანგრძლივებ სარკის წინ: “–ჯანდაბას! 10 წუთი მაინც ვიგრძნო თავი ქალად! Gგავიხდი მერე, ვითომ ვერ მოვიხდინე, ” – ამბობ ჩუმად შენთვის. რა კარგია სავსე ჯიბე, როცა დასეირნობ, როცა ფული გაქვს. ამაყადაც დაიარები და შენს გემოზეც ხარჯავ. შენს თავს აძლევ უფლებას იყიდო ის, რაც მოგწონს, გინდა და გიხდება. ვისაც ეს სიამოვნება არ გამოუცდია, უმჯობესია არც გამოცადოს. კარგი დრო ჩვენც გვქონდა, მაგრამ როგორ გაფრინდა, ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ წარსულის საამო მოგონებები. მერე ოჯახი, შვილები, მეუღლე, ომი, უმუშევრობა, გაჭირვება, მომჭირნეობა, გაუთავებელი შრომა, ღამისთევა, ფიქრი ხვალინდელ დღეზე. . . და გაიწელა ეს შენი წლები, ყველაზე საუკეთესო და სასიამოვნო – ახალგაზრდობა. ასეთ ყოფას კი დასასრული აღარ უჩანს. . . გინდა ამოხვიდე ამ დაღდასმული, მძიმე ცხოვრებიდან, გეშინია არ ჩაგითრიოს ბოლომდე, წვალობ, ებრძვი, რომ არ ჩაგახრჩოს, ცდილობ, ითმენ, ფარ-ხმალს არ ყრი, კიდევ ცოტაც, კიდევ. ასე ყოფილა ეს ცხოვრება, ხან ზევით ახვალ, ხან ქვევით დაეშვები. მთავარი მაინც ის არის, რომ ნელა ჩამოხვიდე, ფეხი არაფერს წამოჰკრა, არ დაგორდე, თავი არ გაიტეხო. . .

მოდაშია დღეს სიტყვა “გამჭვირვალე”. სულ მესმის ტელევიზორში, პოლიტიკოსები ამა თუ იმ საკითხზე როცა მსჯელობენ ხალხისათვის ყველაფერი დაუმალავი, სუფთა და გამჭირვალე უნდა იყოს. ეტყობა, ამ სუპერმაღაზიის დიზაინიც ამ პრინციპზეა აგებული. გამჭვირვალე მინებიდან ყველა ერთმანეთს უყურებს, ყველამ იცის ვინ ვისთან შედის, ვინ რა იყიდა, ვინ ვის რა მისცა და ასე შემდეგ. გაივლი დერეფანში, გამყიდველის თვალები შემოგეფეთება, თითქოს თვალებით უხმოდ გემუდარება: შემოდი რა! ნახე, რა საქონელი ჩამოვიტანე, დაგიკლებ კიდეც ოღონდ შემოდი!

ინტერესი გკლავს და შენც შედიხარ. გაინტერესებს საქონელი, მისი ხარისხი და ფასებიც, რომ მერე შეადარო ბაზრობის ფასებს. აქაური ფასი მაღალია, საკმაოდ მაღალი, იმიტომ, რომ საქონლის თვითღირებულებას ემატება მგზავრობის ხარჯები, განბაჟების, სექციის, არენდის, სინათლის, მომსახურების, საგადასახადოს, დაბოლოს მოგება 10% მაინც, თუ მეტი არა! ჰოდა, ისეთ ფასს იდებს ის შენი მოწონებული თითოეული ნივთი, რომ, შენი ჭირიმე! თვალებში გიბნელდება, ემოციას ვეღარ ფარავ და გაოცებული ეკითხები გამყიდველს :– რამდენი?

და ხვდები, რომ შენზე და შენნაირებზე არ არის გათვლილი აქ შემოსვლა. მერე რა, რომ მეცნიერი, განათლებული ადამიანი ხარ. გემოვნებაც რომ გაქვს, ჩაცმის შნო და ლაზათიც რომ იცი?! მაგრამ ყველაზე მთავარი რომ არ გაგაჩნია? თვიდან თვემდე ხელფასს რომ ელოდები და რაზე, რაში, ვისზე გაანაწილო, არ იცი! სამოსი ერთი სეზონი კი არა, ათი სეზონი რომ გაცვია?! “წელს ახალს შევიძენ”- ფიქრობ და გადადებ ძონძებში შენს სამოსს, შემოდგომაზე კი ისევ ამოიღებ ძველმანებიდან იმავეს, გაწმენდ, ღილებს მაინც შეუცვლი, რომ სხვა ელფერი მიიღოს, რომ უხერხულად არ იგრძნო თავი, მაგრამ არაფერი გამოგდის, ძველი მაინც ძველია და მეტი არაფერი. ასე მეორდება უკვე რამდენი წელია. ასე გგონია, რომ მარტო შენ კი არ მოგბეზრდა ეს შენი ნივთი, სხვასაც მოაბეზრე თავი. იმას კი აღარ ფიქრობ, რომ იმ სხვას თავისი გასჭირვებია და სულ არ ახსოვს შენი სამოსი. დანახვა აღარ გინდა, მაგრამ არ გაქვს საშუალება და რომც გქონდეს ვერ იმეტებ შენთვის. თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობ ოჯახის წინაშე, თუ შენთვის რაიმე შეიძინე. იმიტომ, რომ შვილები წამოგეზარდნენ, ძალიან ბევრი სჭირდებათ. იმათ უფრო წინ აყენებ შენს თავზე. გიხარია, როცა მათ ახარებ და სიურპრიზებს უკეთებ. ო რა კარგი გრძნობაა, შენიანს რომ ასიამოვნებ! ადამიანს ბევრი კი არ უნდა! სულ ერთი ცალი ყვავილიც კი საკმარისია, რომ აჩუქო – მისი ხდები. დრო, დრო დადგა ისეთი ულმობელი, რომ მყიდველსაც და გამყიდველსაც ბევრი დარდი და ხარჯი აქვს.

ამხელა შენობის შექმნას ეხუმრებით? ჯერ მოფიქრება, მერე მისი ნებართვა, პროექტირება, მასალები, დიზაინი, მშენებლობა. . .

წარმოიდგინეთ, რა შრომასთან, ხარჯებსა და გარჯასთან იქნება დაკავშირებული! ალბათ, უსაშველოდ ძვირი დაჯდებოდა. ერთი ადამიანი, რასაკვირველია, ვერც გაუმკლავდებოდა ყოველივეს, მეწილეებიც ეყოლება. უსათუოდ ბანკის კრედიტიც ექნება აღებული. ვინ არის მეპატრონე და სულის ჩამდგმელი ამ ფეშენებელური შენობისა, არ ვიცი, მაგრამ უსათუოდ ახალგაზრდა რომ იქნება ეჭვი არ მეპარება. იმასაც გეტყვით, რომ განათლებული, ჭკვიანი, მოძრავი, შემტევი, ახალგაზრდული სულისა და შემართების ყმაწვილი იქნება ნამდვილად. ვენაცვალე მის გამბედაობასა და ვაჟკაცობას! ამ დანგრეულ, გაღატაკებულ, გაპარტახებულ ქვეყანაში რომ მომავლის იმედს უსახავს ხალხს, წლებით რომ წინ გაუსწრო მოვლენებს, ალბათ, უსათუოდ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს თუ ხვალ ფეხზე დადგება და ამ მდიდრულ სამყაროში მდიდარი ხალხი შემოვა. რა რისკიანი ყმაწვილია, ღმერთო. მიეცი ძალა და მოთმინება, იმედი ხვალინდელი დღისა . . .

ყველაფერს შეგუება სჭირდება. ხალხსაც კი არ აღიზიანებენ რეკლამასაც არ აკეთებენ, მიუხედავად ამისა გამყიდველს თუ შეეკითხე ან ყურადღება გაამახვილე რამეზე თავბრუს დაგახვევს.

- ეს გნებავთ! – არა ეს უფრო მოგიხდებათ! – აბა, ეს ნახეთ! - ეს კი ზუსტად თქვენი ფერია! - ჰოროსკოპით რა ხართ? – ო! როგორ გიხდებათ, თქვენს ტანზეა შეკერილი! – სარკეში ჩაიხედეთ, გეთაყვა! სულ შეგცვალათ არა? – ,,სკიდკასაც” გაგიკეთებთ! - შეგიხვიოთ? და ერთსაათიანი მიზომებ-მოზომების შემდეგ პასუხობ: ,,ჩემი სტილი არ არის”. აშკარად რომ იტყუები, ხომ ხვდება გამყიდველი, მაგრამ თქვენ გგონიათ დაგიბღვერს? არა, არც გაგრძნობინებენ, რომ არ ხარ მყიდველი, თუმცა ამას გამყიდველი სექციაში შესვლისთანავე გრძნობს. ხომ გიცინოდა, რომ შეხვედი მის სექციაში, დააფასე, დაათვალიერე, აშრომე, ალაპარაკე – გამოსვლისას კიდევ უფრო მეტად გიცინის, რატომ? იმიტომ, რომ ოდესღაც ხომ გექნება შესაძლებლობა, ისევ მასთან შეხვიდე და იყიდო.

ხანდახან ისე ჩაკვდება ყველაფერი, რომ გამყიდველი იმედს კარგავს. ელოდება კლიენტს, იცქირება მინებიდან და ხედავს რა, რომ სხვა სექციებში ფუსფუსი და ხალხმრავლობაა, კეთილი შურით ივსება. ფიქრობს: ,,ეგებ ჩემთანაც შემოვიდეს, უკვე თვის ბოლო ახლოვდება დაგიკლებ, თუ რამე მოგეწონება, ისე მაინც შემოდი და დაათვალიერე, დრო მაინც გავა! “. ის კი არ შემოდის. მერე იმასაც ფიქრობ, რომ ხომ არ შეცვალო საქონლის ფორმა? აი, ახლა რომ წავალ ესპანეთში, უსათუოდ ტანსაცმელს კი არა, ჭურჭელს ჩამოვიტან!” მაგრამ მყიდველი მაინც ან გეყოლება, ან არა! შენ, ჩემო კარგო საქონლის შეცვლას კი არ უნდა დაელოდო, ქვეყნის გაძლიერებას უნდა უცადო, ქვეყნისას, რომ ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის, ფართხალებს, უჭირს ამოსვლა ტლაპოდან, ისვრის ტლინკებს, ამტვერიანებს გარშემო ყველაფერს... როდის, როდის ამოვა შენი ქვეყანა ამ წუმპედან? როდის შემოგივა წელში გამართული მუშტარი, რომელიც დაზოგილად ერთ ნივთს კი არა, ხუთ ან ათ ნივთს იყიდის და დაიტვირთება. თავის თავსაც დაიკმაყოფილებს და გამყიდველსაც გაახარებს. როდის? რატომ არის, რომ განათლებულ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება უსწავლია და უშრომია სახელმწიფო არაფრად აგდებს? ფიქრობ და ელოდები მომავალს, მაგრამ როგორ გაიწელა ეს შენი მომავალი… ალბათ აღარ შეგხვდება შენ, ალბათ არც ერთი მისხალი. ახლა იმაზე იწყებ ფიქრს, რომ ეგებ შვილებს მაინც შეხვდეთ მომავლის ნაწილი და ამით იმშვიდებ თავს. რისთვის ასწავლე შვილებს და მოიკალი თავი? დროებით მაინც შეგეშვან, რა! შენთვისაც აღარ ვარგიხარ, კიდევ შენ გეჭიდებიან, გებღაუჭებიან, არ გცილდებიან, გექაჩებიან კალთაზე. ალბათ, აღზრდაში რაღაც დააკელი. უფრო შემტევები და აქტიურები უნდა აღგეზარდა დღევანდელი დღისათვის. თავის გატანა უნდა შეგეძლოს, სხვაზე გადაბიჯება, გათელვა…

ჰოდა, შენც გასცქერი ამ გამჭვირვალე ფანჯრიდან შენს გამომზეურებულ ცხოვრებას და ისეთ რამეს ერგები ეს მეცნიერი ქალი, არასოდეს რომ არ იფიქრებდი, რომ ვაჭრობას დაიწყებდი, 180°-ით შეცვლიდი შენი ცხოვრების წესს. და თქვენ გგონიათ, ადვილია ამ ასაკში პროფესიის შეცვლა და ახალი ცხოვრების დაწყება? გემოვნება უნდა გქონდეს არაჩვეულებრივი, ძნელია ახალგაზრდებთან პაექრობა. მაგათ რაც მოეწონება ასარჩევად ძალიან ძნელია, მრავალფეროვანი, უცნაური, ამიტომ საქონელი, რომლის ჩამოტანაც სისხლის ფასად გიჯდება, ისეთი უნდა იყოს, დღევანდელ “თინეიჯერებს” რომ მოსწონთ, რაც დღეს მოდაშია, ექსტრავაგანტური. ფიქრობ და ხანდახან ისეთ ხასიათზე დგები, ლამის გაგიჟდე. “ამანაც არ გამიმართლა! რა ვქნა? ახლა რაში ვცადო ბედი?” – ბოღმა გახრჩობს, ყელში რაღაც გაკვეტებული გაქვს, გრძნობ, რომ ამოწურული ხარ და აღარ შეგიძლია მეტი. კიდევ უნდა მოითმინო, სხვა გზა აღარ გაქვს და შენ ჩვეული მოთმინებით ელოდები მუშტარს, იცქირები და უყურებ ვინ და როდის შემოვა შენთან. ისინი კი შემოდიან, ათვალიერებენ და ისევ გადიან უხმაუროდ. კარზე მათი ანაბეჭდი რჩება მხოლოდ, იმასაც წმენდ და აცილებ. იციან, ხმა თუ ამოიღეს, შემოესევიან, მყიდველი ეგონებათ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ორივე მხარე. შეიცვალა მომსახურების სტილიც და წესიც. ადრე გაუნათლებელი ხალხი მეტი იდგა დახლებთან და იყო ხმაური და ყაყანი – არ გინდა? სხვა არა მაქვს! – ისე უხეშად, დაბღვერილი გიპასუხებდა გამყიდველი მეორეჯერ ვერაფერს შეჰკადრებდი. ახლა ორ ინსტიტუტდამთავრებულებმა შეცვალეს ისინი და მომსახურების დონეც ამაღლდა. უფრო კულტურული და ღიმილიანი გახდა.

ელოდები და უცდი კლიენტს. დრო კი რა სწრაფად გარბის. ისე მოგადგება თვის ბოლო, ვერც კი გაიგებ! ოხრავ შენთვის, რომ გადაწყვეტ აღარ შეგიძლია მეტი და წერტილი უნდა დაუსვა შენს საქმეს, ვიღაც ჩუმად გიყურებს შორიდან, შეუმჩნევლად ხელს გიწყობს, გეხმარება, იმედს გაძლევს, გცდის, აინტერესებს რას იზამ – დაყრი ფარ-ხმალს თუ არა, დაიკრეფ გულ-მკერდზე ხელებს თუ არა. ეს კი შენი ბედის ბორბალია, რომელიც მთელი ცხოვრება თან დაგყვება და გკარნახობს ცხოვრების წესს. გივლის და გივლის გარშემო, თავბრუს გიხვევს, ხან ხელს გკრავს უნდა გადაგაგდოს, ხანაც ხელს გიწვდის და გეხმარება. არ გეშვება, სულ შენთანაა, მოსვენებას არ გაძლევს, გკრავს მუჯლუგუნს – მოითმინეო, შორიდან სეირს უყურებს. ჰოდა, შენც ხარ ხან აქეთ, ხან იქით, ისევ აახლებ შენს საქმეს და ასე მეორდება სტიქიურად. ხარ ამ ჭიდილში და თუ ვინმე შემოვიდა მაღაზიაში, მაინც იღიმები, ეს უკვე გამომუშავებული გაქვს, ყურებამდე იხევ ტუჩებს და იწყებ ერთსა და იმავე ფრაზებს: “რას ისურვებთ, გეთაყვა? ეს მოგწონთ? გარდერობი აგერაა, თუ გნებავთ, გაისინჯეთ.”

ვფიქრობ ჩემს ყოფაზე, თან დერეფანში ვიცქირები. მოდის ერთი ქალბატონი, ასაკით ორმოც წლამდე იქნება. მზის სათვალე მოიხსნა. ჩვენკენ მოემართება კი, ნამდვილად ჩვენკენ… საშუალო ტანის, თეთრი პირ-ხორცით, წაბლისფერი, მოკლედ შეჭრილი თმებით, უსაშველო გრძელი ცხვირით და თითქმის გადაბმული ყავისფერი სქელი წარბებით. თაფლისფერი თვალები აქვს. ტანზე უსახელო, ღია ფერის კაბა აცვია. არაჩვეულებრივად თეთრი, ბარხატივით კანი ამშვენებს მის სხეულს. მარცხენა ხელის იდაყვთან მოზრდილი ხალი აქვს მოყავისფრო ფერის. კაბა ტანზე ისე შემოტმასნია, მუცელი ეტყობა. ახალნამშობიარევი გეგონება. ფეხზე ოდნავ მაღალ-ქუსლებიანი ქოშები აცვია. ჭრელი ხელჩანთა მხარზე აქვს გადაკიდებული. ნელი, დინჯი ნაბიჯებით, ხელში მობილურით შემოვიდა ჩვენთან, თან ლაპარაკობს. თითქოს მოგვესალმა, მაგრამ სიტყვით არა. თვალებით შეათვალიერა გარდერობი. სიმართლე გითხრათ მყიდველს არ ჰგავს. დადის სექციაში აუღელვებლად, ჩუმად, წყნარი ხმით ითხოვა საზაფხულო კაბა.

- იცით, ისეთი შეკერილი, მუცელი რომ არ გამომიჩნდეს, თუ გაქვთ?

შეთავაზებული სამოსი გარდერობში შეიტანა და ჩაიცვა. სარკეში ჩაიხედა. უღიმღამო გამომეტყველება აქვს. არანაირი მიმიკა სახეზე. ვერ გაიგებ, მოეწონა თუ არა.

- თქვენს ტანზეა ზუსტად შეკერილი, ქალბატონო! აბა მოტრიალდით, გვერდიდან შეხედეთ, ეს ჩემო კარგო ვერსაჩეს ფირმისაა!

- გადამიდეთ ცალკე, გეთაყვა!

- ისიც მაჩვენეთ! დიახ, დიახ, ეგ შარვალი!

- კი, ბატონო, თქვენი ზომაა, კარგად გექნებათ!

- ესეც გადამიდეთ!

- აბა, ეს გაისინჯეთ, თქვენი ფერია, ეს “ბლუზი” ძალიან მოდაშია, თქვენც გეცოდინებათ, ძალიან გიხდებათ. ჩაიხედეთ სარკეში!

- ესეც გადამიდეთ.

- აბა, ესეც ნახეთ! ნელი, მომაწოდე ზედა-ქვედა, აგერ რომ ჰკიდია, ყვავილებიანი, – უკვე აღგზნებული ხმით ვეძახი დამხმარეს, - ისიც მომაწოდე, თაროზე რომ დევს, ხო, ის, ეგ კი არა, ის წეღან რომ დავკეცეთ, ყველა გადმოიღე, მომეცი.

- ესეც გადამიდეთ.

- გამომართვი, ეს ცალკე დადე!

- შენ შემოგევლე, ნეტავ, ვინ გამომიგზავნა შენი თავი? ღირს, კი, ნამდვილად ღირს თქვენთვის და თქვენნაირებისთვის წვალება და გარჯა. აბა, რა! მართლა ძალიან კარგი საქონელი მაქვს. ყველაფერზე დაგიკლებთ კიდეც, ფასებმა არ შეგაშინოთ! მოსკოვში ამ საქონელს ორმაგ და სამმაგ ფასში ჰყიდიან! ნელი, რაც ამ ქალბატონის ზომა გვაქვს, 46-48 ზომა –ყველა მომაწოდე!

- თუ არ აიღებთ, ისე ნახეთ მაინც რა ფაქტურაა, შეხედეთ! რა ხარისხია, ნატურალური ჟორსეა, ისე დგება ტანზე, გეგონება შენთვისაა შექმნილიო. დაგადნება სხეულზე, ტანზე ისე შემოგეხვევა, როგორც ღეროს ვაზი. ეს მაისური ჯორდანოს ფირმისაა. ვგრძნობ, რომ ზედმეტს ვლაპარაკობ, თავს ვეღარ ვიოკებ, აფორიაქებული, აღელვებული ვტიტინებ, თან ვფიქრობ: ამდენი რამე გადამადებინა, ხომ არ მატყუებს, ნეტავ? მაშინ ამდენს რატომ მაწვალებდა? თითქმის მთელი მაღაზია ავრიე , გადმოვალაგე. არა, ასე უღმერთოდ არ გამიმეტებს. ერთ რამეს მაინც იყიდის, ათი ნივთი გადამადებინა. არა, ამდენს როგორ იკადრებს! ვუცინი, ხელებს ვეღარ ვიმორჩილებ. მინდა რაღაც ჩამოვხსნა კიდევ და დავკეცო. დაკეცილი გავშალო და დავკიდო, დავკიდო და ისევ ჩამოვხსნა. ჯერ ყველაზე მთავარი წინაა. რა მიხარია?! ამდენი ფული არ ექნება, არ არსებობს, არ ჰგავს მდიდარ მყიდველს, ალბათ, იმ ათიდან ერთს ამოარჩევს, თანაც ყველაზე ძვირფასები გადაიდო. გასაოცარია, მაგრამ უდაოდ კარგი გემოვნება აქვს. ო ღმერთო ჩემო, შენი სახელის ჭირიმე, ნეტავ იყიდოს! მაგდენს? ვარიანტი არ არის, ვერ იყიდის. ნახევარი მაინც! ო, ღმერთო! ღმერთო! – ვჩურჩულებ ჩემთვის და ამ დროს გაისმა მობილურის ხმა

- დიახ, მალე გამოვალ, დაახლოებით 10-15 წუთში, დამელოდეთ.

გულს ბაგა-ბუგი გაუდის. ბოლთას ვცემ. ავიღებ რაღაცას, მერე ისევ უკან ვდებ, დავიღალე ლაქუცით. ვუყურებ მას, ისევ იპრანჭება ოჯახქორი.

ეეე, დამაყენე საშველი, გაიწელა ეს ათი წუთი. გამოდი რა? და გადამიხადე, თუ რამის შნო და თავი გაქვს, თუ ხარ მყიდველი, თუ არ მატყუებ ამდენ ხანს, – ვფიქრობ და მოთმინებიდან გამოვდივარ, ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნი უაზროდ ვმოძრაობ, ნელის ვუყურებ გაოცებული, ისიც გაოგნებული მიყურებს. თვალებითა და სახის მიმიკით ველაპარაკებით ერთმანეთს. ორივენი გაკვირვებულები ვდგავართ. თან მინებიან კედელში ვიყურები და ვფიქრობ: მართალია, ერთი მყიდველი ძლივს შემოვიდა დღეს ჩემთან, მაგრამ თუ იყიდა, რაც გადამადებინა, ყველას გაჯობებთ…

- მომეცით კალკულატორი, თუ გნებავთ თქვენ დაითვალეთ! – მესმის აუღელვებელი, დინჯი ხმა მყიდველის.

- თქვენ, ჯობია თქვენ ჩამოყაროთ, დაბრძანდით აგერ, ისე ვარ აფორიაქებული, ხელებს ვერ დავიმორჩილებ და შეიძლება ისეთი სისულელე ვიანგარიშო, რომ სირცხვილია.

- აიღეთ, აგერ არის, სათვალე არ დაგეკარგოთ, აქეთ გამოსწიეთ.

- აბა, დავიწყოთ!

- ეს – 500 ლარი, ეს – 580, ეს – 470, ეს – 300, ეს 470, ეს – 480, ეს - 370, ეს – 280…

- სულ 3780 ლარია.

- რადგანაც ამდენ რამეს იღებთ, არ მინდა ის ჩემი 10% მოგება, გამოაკელით მაგას 400 ლარი, რამდენი დარჩება?

- 3380.

- კიდევ გადავამოწმოთ, რამე არ შეგვეშალოს.

- ეს – 500, ეს - …

მის უღიმღამო სახეს არანაირი განცდა ახლად შეძენილი ნივთისა არ შეჰპარვია. ვერც მივხვდი, რომელი სამოსი უფრო მოეწონა. გაუხარდა კი? მადლიერი დარჩა თუ არა მომსახურებით? ეტყობა, მაგარი სიტყვა- ძუნწია. რა ძნელი ასატანი იქნება ოჯახში! უცნობმა ჭრელი ხელჩანთა აიღო, საფულე არ ამოუღია, ისე, პირდაპირ ჩაყო ხელი ხელჩანთაში და ამოიღო ათ- ლარიანები, 5 ლარიანები. რამდენიმე 20 ლარიანი ამოჰყვა დაიწყო თვლა, შემდეგ ისევ ამოიღო 10 ლარიანები. ,,ხიდის თავში ხომ არ იდგა ეს ოხერი?”- ვფიქრობ და თან ფულს თვალს არ ვაშორებ. გადათვალა თვითონ, მერე მომაწოდა.

- ეს 1000, ესეც 2000, ესეც 3000, გადათვალეთ!

- ნელი, მოდი, დაითვალე.

მე მაგიდას გადავეფარე.

- ესეც 360, დამაცადეთ, აგერ 20 ლარიც, სულ 3380-ია.

- კი აქ 1000, აქაც 2000, ესეც 3000, 380 ლარი ძლივს გადავითვალე. გავხედე მყიდველს. ისეთი ლამაზი, მიმზიდველი და მშვენიერი მომეჩვენა, მაღალი და ტანადი, აღარც ცხვირი აქვს გრძელი, წარბებიც კალმით დახატული აქვს, აღარც მუცელი, შხვართივით ქალია, გენაცვალე! კინოვარსკვლავს მივამსგავსე. ამ სამოსს რომ ჩაიცმევს, ხომ საერთოდ, ნამდვილი კინომოდელი გახდება…

- ჩაუწყვე პარკში, თან რაოდენობა დაითალე. ცხრა თავია, რამე არ დაგრჩეს, თავი არ შევირცხვინოთ!

სამოსი პარკში ჩავაწყვეთ. ფული მაგიდაზე დევს. მოულოდნელად ჩემი სიხარული შიშმა შეცვალა: რამეს ხომ არ მიმზადებს უფალი? რაიმე ხიფათი ხომ არ მელის ნეტავ? ტანში უსიამოვნო, ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. მაგიდაზე დაყრდნობილმა დამძიმებული თავი ავწიე, შევხედე მყიდველს, თვალი თვალში გავუყარე და შეშფოთებული ხმით, მარცვალ-მარცვალ შევეკითხე:

- ეს ფული ყალბი ან დანომრილი ხომ არ არის? ჩეკი მოგარვთათ?

- არა, ნუ გეშინიათ, თქვენი ჭირიმე, ნუ გეშინიათ, კიდევ გამოგივლით, კარგათ იყავით, მადლობთ!

ფული ხელში ავიღე, ძლივს ვიტევდი. თვალებით გავაცილე მყიდველი. რატომღაც არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ყველაფერი კარგად უნდა დამთავრებულიყო. ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. საოცრად დაღლილი და დაქანცული ვიყავი. გამჭვირვალე მინებში ვაკვირდებოდი ყველას სათითაოდ, მათ მოძრაობას, ქმედებას.

ჩემკენ არავინ არ მოდიოდა…

მ.ჯაფარიძე

2004 წლის აგვისტო.





Hosted by uCoz