Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

მოთხრობა "ხავერდის ვარდები"

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. “ვინ რეკავს ასე ადრიანად? ცუდი ამბავი ხომ არ არის ჩემს თავს?”

-რომელი ხარ? - ვკითხე შეშინებულმა.

-დედა! დედა! მუცელი ასტკივდა, ცუდად მესმის შენი ხმა!

-მუცელი სტკივა...

-რა დროისაა, მშობიარობა ჯერ ადრეა! სხვა მიზეზი იქნება რამე? მალაპარაკე!

-მუცელი მტკივა, რაღაც სითხესაც ვღვრი, მეშინია!

ატირებული, შეშფოთებული ხმა მომესმა ტელეფონში.

-ვაი ჩემს თავს! – გავიფიქრე, ჯერ შვიდი თვისაც კი არ არის, თან ტყუპები, თანაც ვაჟები!

-ნუ გეშინია!-გავამხნევე,-ახლავე გაემზადე! _გაბზარული ხმით ჩავძახე ყურმილში და წამოვხტი ელდანაკრავივით.

-მშობიარობაშია,-დინჯად, სვენებ-სვენებით მითხრა დავითმა, კოპები შეკრა, დაფიქრდა. წელში მოხრილი ოდნავ გაიმართა, მარჯვენა ხელით მაგიდას დაეყრდნო, “-პატარა ნაყოფებია”- თავისთვის ჩაილაპარაკა. უცბათ მიტრიალდა მშობიარისკენ, რომელიც გასასინჯათ ტახტზე იჯდა. მალულად გახედა, დააკვირდა. შეამჩნია, რომ მის გამომეტყველებაში გამოკვეთილი იყო შიში, უთქმელი, მოახლოებული მომავლის შიში, რომელსაც ვერსად გაექცევა ვერცერთი მშობიარე. მან ისიც იცოდა, რომ პაციენტი, რომელიც მის წინ იმყოფებოდა პროფესიით ექიმი იყო და გათვლილი ჰქონდა ყველა გართულება, რაც ახლავს ნაადრევ მშობიარობას. ეს კიდევ უფრო ართულებდა მათ ურთიერთობას და ის დიდი ძალა, პაციენტზე ზემოქმედება, დიდი იმედი და პროფესიონალიზმი, რომელიც ექიმს ამ დროს სჭირდება, რათა მშობიარეს დააძლევინოს გართულება, უნდა განესჭვრიტა ექიმს. სწორედ ასეთ დიდ პიროვნებას ეკუთვნოდა დავითი. მან თავზე ხელი გადაუსვა, -ნუ გეშინიაო-გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელს.

-ყველაფერი კარგათ იქნება!

9 დეკემბრის დილას ბლოკში გადაიყვანეს მშობიარე.

-ისე უნდა მოიქცე, როგორც გეტყვი,- მკაცრი ტონით კბილებში გამოსცრა დავითმა, ჩანდა, რომ ისიც საკმაოდ ღელავდა.

-ისედაც ძალიან პატარები არიან და ჩვენ უნდა მივეხმაროთ! არანაირი შეცდომა!

-გაიჭინთე კიდევ! არ შეწყვიტო, კარგია!

-ეხლა ისუნთქე.. აღარ გაიჭინთო!

პირველი ტყუპი ასფიქსიაში დაიბადა ჭიპლარის შემოხვევით, არ უყვირია ფერმკრთალია და უსიცოცხლო.

ჩაუტარდა სათანადო გამაცოცხლებელი ღონისძიებები, რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო კვნესა...

სამარისებული სიჩუმე იდგა ბლოკში.

-მეორე იბადება, მეორე! - მომესმა.

-ფეხებით მოდის! ერთ გაჭინთვაზე უნდა გააჩინო, რომ დამატებითი ტრავმა არ მიიღოს ბავშვმა. აბა მოიკრიბე ძალღონე და დავიწყოთ! არ შეწყვიტო! კიდევ! არ შეწყვიტო!

20 წუთის შემდეგ მეორე ტყუპის ცალი დაიბადა, მან დაბადებისთანავე განწირული მაღალი ხმით იყვირა, შემდგომ მანაც დაიწყო კვნესა. იგი პირველისაგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ იყვირა, უფრო ციანოზური (მოლურჯო) დაიბადა და უფრო მძიმედ ჩაითვალა. მასაც ჩაუტარდა რეანიმაცია და ორივეს დაედგათ წვეთოვანი.

მათი დამნახავი არაპროფესიონალიც კი მოხვდებოდა, რომ ბავშვების მდგომარეობა კრიტიკული უნდა ყოფილიყო, ხოლო პროფესიონალებს, ვისაც დიდი გამოცდილება და მსგავსი შემთხვევები უნახავთ, ნუგეშის თვალებით შემომხედეს და მითხრეს:

-ახალგაზრდები არიან, კიდევ გააჩენენ!

სულ მალე განყოფილებაში ამოვიყვანეთ პატარები. დაეწყოთ ქოშინი, რაც დამახასიათებელია ღრმა დღენაკლულებისათვის. საოცრად აფორიაქებული ვიყავი, ხმას არ ვიღებდი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების წინაშე. მეშინოდა და ვცდილობდი, რაიმე შეცდომა არ დამეშვა მკურნალობის საკითხში. წვეთოვნად ესხმებოდათ დიდი რაოდენობით სითხეები, ანტიბიოტიკები, ეძლეოდათ ჟანგბადი, ოთახში ტემპერეტურა 33 გრადუს სითბოს აღწევდა, ბავშვების თავზე ჩართული იყო გამთბობი, რომელიც დამატებით სითბოს გამოყოფდა. ყველა მანიპულაციას ვუკეთებდი საკუთარი ხელებით, საკუთარი გამოცდილებით და ექიმის ინტუიციით. პარალელურად ღმერთს ვევედრებოდი:”მიხსენი განსაცდელისაგან და გადამირჩინე ეს ორი ანგელოზი-მეთქი”.

საოცარია, მაგრამ სიმართლეა, რომ როდესაც ადამიანი ძლიერი გაჭირვებისა და მწუხარების წინაშეა, მაშინ იწერს პირჯვარს და მაშინ ახსენებს ღმერთს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ნებისმიერი საქმის კეთება. თუ არ არის დიდი რწმენა და ღმერთის წყალობა, ყველანაირი ცდა, გარჯა, შრომა შესაძლებელია წყალში ჩაიყაროს და ხელიდან გამოგეცალოს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგაჩნია ამ ქვეყანაზე.

ახალგაზრდა მშობლები.. ვაჟები დაიბადნენ.. ჩემმა ვაჟმა თავის მეუღლეს შავი ხავერდის ვარდები მიართვა ნიშნად დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, ეს ვარდები მე გადმომცეს.

-დედა, როგორ არიან? როგორი ვაჟკაცები მყავს? ამაყად და მედიდურად მკითხა შვილმა,- ხომ მაგარი ბიჭები არიან?

ხმა ჩამიწყდა, გულზე იარა გამეხსნა, არც მიცდია ამეხსნა მისი შვილების უიმედო მდგომარეობა. ძალა მოვიკრიბე, ცრემლი გადავყლაპე, თავი ავწიე, შევხედე ჩემს სახეგაბრწყინებულ ვაჟს და ვუთხარი:

-რა გითხრა? არა უჭირთ რა, ვაჟები ძალიან პატარები არიან, წონით-1600 გრამები, ცოტა უჭირთ, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ გაგვწირავს.. ბავშვებთან უნდა წავიდე..

ვარდები ლარნაკში ჩავაწყვე ჩემს კაბინეტში და გამოვედი.

სუნთქვა წუთში -120, პულსი –160, მთელი სხეულით ცახცახებენ. აჩქარებული სუნთქვა და გულის ცემა ძლიერი ქოშინით გამოიხატება. უჟანგბადოთ ერთი წუთითაც კი ვერ ძლებს ვერცერთი. გარშემო უიმედო სახეებია, ვერავინ ბედავს ნუგეშის თქმას, მომესმა ჩურჩული:

-რამდენი ბავშვისთვის უთენებია ღამე და მიუცია სიცოცხლე მარინა ექიმს, ესენი როგორ მძიმედ არიან! არცერთს არა აქვს სიცოცხლის ნიშანწყალი, ალბათ, დაიღუპებიან!

-ჩემს ახლობელს მარინა ექიმმა გაუკეთა სისხლის შენაცვლებითი ოპერაცია, დედამისი ორჯერ გავიდა აქედან ხელცარიელი, ორჯერ მოუკვდა შვილი. იმ ბავშვს მარინა ექიმის სახელი დაარქვეს, არ გასწირავს ღმერთი იმ დიდი სიკეთისათვის, რაც კი უკეთებია.

-მახსოვს ტყუპის ცალი. 20 დღე სახლში არ წასულა, არც სახლი ახსოვდა და არც საკუთარი შვილები, სულ აქ იყო, პატარას არ მოსცილებია, სანამ დედამის არ ჩააბარა.

-მახსოვს როგორ ტიროდა და განიცდიდა ბრეგვაძის ბავშვის ამბავს, რომ ვერ გამოიყვანა მდგომარეობიდან. მშობელი აქეთ ამშვიდებდა, თქვენ ყველაფერი გაუკეთეთ და ღმერთის წინაშე მართალი ხართ, ალბათ ასეთი ყოფილა ჩემი ბედიო!

-წერეთლის ბავშვი გახსოვს! ტატო! მარიამი! გიორგი! ნინიკო, საბინა, არტური, დეა, თეკლე და ბევრი სხვა.. ხედავს ღმერთი ყველაფერს და რა განაჩენს გამოუტანს მარინა ექიმს, იმის მეტმა არავინ იცის!

მე კი ვიჯექი ჩემს პატარებთან გამთბობის ქვეშ დაღვრემილი, მხრებჩამოშვებული, სევდიანი, მარჯვენა ხელის მტევანი პირველ ტყუპზე მედო და მარცხენა- მეორე ტყუპის ცალზე. ხელით შევიგრძნოგდი მათ სუნთქვასა და გულის ცემას. ჩემი გამოცდილება და ოცი წლის მუშაობის პრაქტიკა მაძლევდა უფლებას ფონეიდოსკოპის გარეშე მეგრძნო გულის ცემისა და სუნთქვის რიტმის სიხშირე. ხან ერთს სჭირდებოდა რეანიმაცია, ხან-მეორეს.

-მეტი რა გავაკეთო ვფიქრობდი ჩემთვის. რითი ვუშველო პატარებს, ერთადერთი რაც შეიძლება მკურნალობას დაემატოს - სურფაქტანტია, მაგრამ ეს წამალი არასოდეს გამოგვიყენებია ჩვენს კლინიკაში და ახლა საექსპერიმენტოდ მცალია? ვერ გავრისკავ. ასე ფიქრსა და ვაივიშში გამოვათენეთ.

დადგა 10 დეკემბერი-მდგომარეობა გაუარესდა. ქოშინი არ მცირდება, მეორე ტყუპის ცალს დაეწყო ციანოზის შეტევები. სასოწარკვეთილია ყველა. მე არავის არ ვუყურებ, ვარ თავდახრილი, თავს ვარიდებ ყველას და ყველაფერს. ვარ ძირითადად ჩემს პატარებთან, პერიოდულად მიწევს კაბინეტში შესვლა წამლისათვის. კაბინეტში ახალგაზრდები არიან.. კი ხვდებიან, რომ საქმე მთლად კარგად არ არის, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს და მოხდეს ის, რაც ყველაზე მტკივნეულია ქალისათვის. - სამშობიაროდ წახვიდე და შინ მარტო დაბრუნდე ხელცარიელი, შვილების გარეშე და მიხვდე, რომ თურმე სულ ტყუილად გიხაროდა, შვიდ თვეს ნაყოფებს ამაოდ ეფერებოდი და ამაყობდი,ერთის მაგივრად ორი მყავს და შემომხედეთო, სარკის წინ ათვალიერებდი შენს თავს, ბედნიერი იყავი, ხან ერთი რომ გირტყამდა ფეხს და ამოგიბურცავდა მუცლის რომელიმე ნაწილს და რომ დასდევდი დასაჭერად და მისაალერსებლად. მოსვენებას რომ არ გაძლევდნენ, ხან ერთ მხარეს იწექი, ხან-მეორე და როგორ ნატრობდი მათ დაბადებას, ყვირილს, ღამეების თევას, ძუძუს წოვებას, ერთი ერთს და მეორე მეორეს და.. ამ დროს ცხოვრების ბორბალი 180 გრადუსით შემოტრიალდა და დედობას არავინ მოგილოცავს, გადაგიკრავენ მკერდს, რომელშიც მოწოლილია რძე, სანამ გამოგწერენ უნდა უსმინო სხვისი ახალშობილის ტირილს და უნდა უყურო, როგორ თქლოფნის სხვისი პატარა დედის ძუძუს, ხმაურიანად რომ ყლაპავს და არ სცილდება დედის სხეულს, როგორ კრუტუნებს სიამოვნებისაგან ან, როგორ ბრაზობს და ჩხუბობს თუ საკმარისად არ ღებულობს იმას, რასაც ითხოვს. როგორი საამო სურნელი აქვს ახალშობილს! რა ლამაზები და სუფთები არიან! ღმერთო დიდებულო! ამ ურთიერთ შერწყმას ნუ მოაკლებ ნურცერთ ქართველ დედას! ყველაფერი იმსხვრევა, დიდი მოუშუშებელი იარა რჩება ქალს მთელი მისი ცხოვრების მანძილზე…

ჩემ მეზობლად 83 წლის არაჩვეულებრივი, სიკეთით აღსავსე მოხუცი ცხოვრობდა, დიდი მონაგარი ჰყავდა: შვილები, შვილისშვილები, შვილთაშვილები.. სხვათა შორის, თავადის-მიქელაძის ქალი გახლდათ! ყოველ 1 სექტემბერს მის ერთ ციცქნა ოთახში ვიკრიბებოდით და ავღნიშნავდით მის დაბადების დღეს. რა გემრიელი კეთება იცოდა! ყვავილებით ივსებოდა მისი სახლი.. ყველას ძალიან გული დასწყვიტა მისმა გარდაცვალებამ. მწუხარების დღეებში ჭირისუფალთა შორის ვიჯექი და ვიხსენებდი მას.. მისმა გოგომ იცით რა მითხრა? “სიკვდილის წინ დამიძახა და ანდერძად დამიბარა: ჩემი კამოდის ქვედა უჯრაში პატარა ფუთა დევს, საფლავში ჩამატანეო”,-დაგვემშვიდობა და სულიც დალია. თუ იცით რა ჰქონდა იმ ფუთაში?- ჩემი გარდაცვლილი ძმის სამოსი. დიახ, 83 წელიწადს ინახავდა და ეალერსებოდა თურმე ჩუმად მის ტანსაცმელს, რომელიც ჩვილობის ასაკში დაუკარგავს.. 83 წელი... არასოდეს უსაუბრია მასზე. შვილი მწარეა, დედისათვის რა ასაკისაც უნდა იყოს. არ არსებობს იმ იარის შეხორცება. 83 წელი…

-როგორ არიან? ხომ კარგად იქნებიან? რამე ხომ არ სჭირდებათ?

-რაც საჭიროა, უკეთდებათ, ვპასუხობ გაღიზიანებული და თვალი გამირბის ლარნაკში.

ჩაწყობილი ხავერდის შავი ვარდებისაკენ, რომლების ყინჩად და ამაყად დგანან. გამიკვირდა, რომ არცერთს თავი არ ჩამოუქინდრავს.

“რა თავშეკავებულნი არიან, კარგია, რომ არაფერს მეკითხებიან!”-გავიფიქრე ჩემთვის. დგანან ამაყად, თავმომწონედ, ტანმაღალნი, შავთვალწარბა, ეშხიანები-ქართველ მოცეკვავე ქალებს ჰგვანან, არავის ერიდებიან და თითქოს ითხოვენ ყურადღების მიქცევას:- შემოგვხედეთ რა ლამაზები ვართ! რა სურნელი გვაქვს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყვავილებში მეფედ ვითვლებით და თქვენ ყველანი ჩვენი ხელქვეითები ხართ! იქ, სადაც ჩვენ ვართ, კეთილ ინებეთ და პატივი მოგვაგეთ, ჩვენ თქვენი სულის გასამშვენიერებლად შეგვქმნა ღმერთმა! ჩვენ თქვენი სულის ნაწილი ვართ! ჩვენ აქ სულის დასამშვიდებლად ვართ მოსულნი. დიახ! უნდა გავალამაზოთ ეს ტაძარი, განა ასე არ არის? ეს წმინდა ტაძარია სადაც იბადება ყველაზე უმანკო და სუფთა! ამიტომაც ყველაზე ძალიან აქ მოსვლა გვიყვარს. სადაც გარემო არ მოგვწონს, თავისი მეტიჩარა და ამპრტავნი ხალხით, როგორც უნდა მოგვიარონ, თავს ცუდად ვგრძნობთ და იმწამსვე გვეტყობა კიდეც. ხანდახან ისე მოგვივლიან, ეკლებისაგან გაგვათავისუფლებენ, მერე მალამოს წაგვისვამენ და დაგვიტკბობენ შაქრით წყალს, მაგრამ თუ გარემო სუფთა არ არის მაინც არ ვიფურჩქნებით. აქ კი არავინ გვაქცევს ყურადღებას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ბევრი სიკეთე და შრომაა ჩადებული და ამიტომაც ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ჩვენ ვიგებთ თქვენს დარდს და აზრებს, ამიტომ ვდგავართ თქვენ წინაშე თავმომწონედ, რომ აზრი შეგიცვალოთ, რომ სიცოცხლე ლამაზ ფერებში დაგანახოთ და პირმშოები, რომლებიც ჩვენი ყვავილივით სპეტაკნი და ნაზნი არიან-გადავარჩინოთ!”

ვუყურებდი გაოცებული ვარდებს და ვგრძნობდი, რომ ველაპარაკებოდით ერთმანეთს.

-მარინა ექიმო! ჩქარა მოდით, ბავშვები ცუდად არიან! – გაისმა ექთნის ხმა.

გამოვქანდი... მეორე ტყუპის ცალი ცუდად იყო, ბრადიკარდია (გულის რიტმის შენელება) აქვს, აპნოეს შეტევა (სუნთქვის გაჩერება). დავიწყე რეანიმაცია, გავუწმინდე პირის ღრუ, მივეცი ჟანგბადი ნაკადით, არაპირდაპირი მასაჟი… ჰორმონი მომაწოდეთ! ვდგავარ გამთბობის ქვეშ, შინაგან სიმხურვალეს ემატება გარეთა სითბური გამოსხივება, ოფლად ვიღვრები, ექთანი სახეს მიწმენდს, ვგრძნობ, რომ მაქვს ტაქიკარდია, მთელი სხეული მითრთის, ათი წუთის შემდეგ გულის ცემა გამოსწორდა, რიტმულია, ქოშინი ისევ გრძელდება. სკამზე დავესვენე, დავადე ჩემს პატარებს ხელის მტევნები, მოვეალერსე: - “რა გიყოთ მეტი, ჩემო პატარებო?” – ვჩურჩულებდი – ჩემო ანგელოზებო, რა მოგიხერხოთ, ნეტავ შემეძლოს ჩემი სულის ჩადგმა თქვენთვის! უჭოჭმანოდ დავეთანხმებოდი ღმერთს, ნეტავ შემეძლოს თქვენი იარების მოშუშება, არაფერზე უკან არ დავიხევდი, ჩემო კარგებო, ჩემო პაწიებო, ჩემო კვისტნირეებო!” – ვეალერსებოდი ხელებით, თან ვთვლიდი მათი გულის ცემისა და სუნთქვის რაოდენობას და ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, რომლებიც არ მინდოდა ვინმეს დაენახა. ასე გავიდა მთელი დღე. მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა.

-მარინა ექიმო! ცოტა დაისვენეთ, ჩვენ ვიქნებით პატარებთან! თუ რაიმეს შევამჩნევთ, მაშინვე დაგიძახებთ!

წამოვდექი, ძლივს დავიმორჩილე სხეული, თითქოს ნაცემი ვიყავი, ისე მტკიოდა ყველა კუნთი თუ მყესი. გავბორიალდი ჩემს კაბინეტში, უკვე ღამის 12 საათი სრულდებოდა, ოთახში აღარავინ დამიხვდა, ხავერდის ვარდების გარდა. საოცრად მხნედ და მედიდურად გამოიყურებოდნენ, თითქოს დანახვისთანავე დამიწყეს ალერსი და ლაპარაკი. ჩავიცუცქე, დავყნოსე, მოვეფერე: “რა ლამაზები ხართ, თქვენს მეტი აქ და ამქვეყნად ახლა არავინ გამაჩნია! გული დარდით მაქვს სავსე, გარშემომყოფთა უიმედო სახეები გულის ჭრილობებს მიძლიერებს. ისეთი უსუსური და უიმედო ვარ, რომ ვერ წარმოიდგენთ. უკვე 48 საათზე მეტი გავიდა და არანაირი უკეთესობა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანს, პირიქით… მითხარით რამე, რა იქნებოდა მეც თქვენსავით ამაყი და წელგამართული, თავაწეული ვიდგე და მილოცავდნენ ტყუპი შვილიშვილების დაბადებას?!”

ღონემიხდილი ჩამოვჯექი ტახტზე, თვალები დავხუჭე, ძილი არ მეკარება, ან რა დამაძინებს, ცოტა ხნით მინდა სხეული დავასევენო. დაღლილი, დამძიმებული, ნაწამები სხეული, მაგრამ გონება არ მასვენებს. მე და ჩემს შვილიშვილებს სამი კედელი გვყოფს, მაგრამ ისე ვარ, თითქოს ვხედავ და ვგრძნობ მათ სუნთქვას, გულისცემას და მათთან აშკარად რაღაც უცნაურ კონტაქტს.

-მარინა ადექი! ბავშვებს სჭირდები, - ვიღაცამ ხმამაღლა ჩამძახა, - მარინა, ადექი! ბავშვებს სჭირდები, -გამეორდა იგივე ხმა, ჩქარა! – კვლავ გამეორდა.

საჩქაროდ წამოვხტი და გამოვიქეცი, შევარდი პალატაში და მეორე ტყუპის ცალი მთლად ლურჯი, უსიცოცხლო ელფერით ძლივსღა არის. ექიმები და ექთნები შეშინებულები დარბიან, უტარებენ რენიმაციას.. დაუძახეთ მარინა ექიმს! ჟანგბადი გამოუშვით! აქეთ! დაუძახეთ!

-ეს წუთია გალურჯდა, ეხლა ვაპირებდი შენს დაძახებას, - წამოიძახა ნუნუკამ.. ისევ რეანიმაცია, ისევ გულის არაპირდაპირი მასაჟი, ინტუბაცია, ადრენალინი.. ისევ ნელ-ნელა გამოსწორდა გულის ცემა. ვინ დამიძახა? – ვიფიქრე, - ვინ დაასწრო ექიმებს ჩემი დაძახება? ყურებში მიწიოდა ვიღაცის ბრძანება “ადექი! ბავშვებს სჭირდები! ადექი! ჩქარა!”

იმ ღამეს ბავშვებს აღარ მოვშორებივარ. ვიყავით სამივე ერთად და ასე დაგვათენდა თავზე.

ჟანგბადის ბალონებს ხშირად ცვლიდნენ, იმიტომ რომ უამრავი სჭირდებოდათ პატარებს. მთელი სამშობიარო ფეხზე იდგა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ხმაურზე გამოვიხედე – კარისკაცი ჟანგბადის ბალონს ამაგრებდა. დამფრთხალი სახით იდგა. ის და ჩვენი თანამშრომელი თვალებით ანიშნებდნენ ერთმანეთს უიმედო მდგომარეობას.

ქოშინი ისევ გრძელდებოდა. ტყუპების მდგომარეობა კვლავ კრიტიკული იყო. ავდექი, ვარდების მონახულების სურვილი გამიჩნდა და კაბინეტისკენ გავეშურე. შევიხედე, თან შიში მქონდა – თავდახრილები არ დამხვედროდნენ. სწრაფად მოვავლე თვალი ოთახს, გავიხედე ლარნაკისკენ და აშოტილმა, ფეხის წვერებზე მდგომმა, თავაწეულმა ვარდებმა შემომხედეს და გამიღიმეს, ისეთივე დინჯი, აუღელვებელი, ამპარტავნული სიჯიუტით, როგორც წინა ღამეს. “ჩემი ერთადერთი იმედი”, - გავიფიქრე და უკან დავბრუნდი ბავშვებთან.

სითხის გარდა ვერაფერს ვღებულობდი. ოთახის ტემპერატურა და დამატებითი გამთბობი ძლიერ შრობას იწვევდა, ვკარგავდი უამრავ სითხეს, ამიტომაც დღე-ღამეში ხუთ ლიტრა წყალს ვსვავდი.

“ვინ მეძახდა წინა ღამეს?”-აკვიატებული მქონდა მთელი დღე ეს აზრი. საოცრად მაინტერესებდა გაგება, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემსა და პატარებს შორის,

რომელიც აღიქვავდა არსებულს და ხედავდა ყოველივეს. აღარ დამიტოვებია პატარები, ვეალერსებოდი მათ და ვფიქრობდი გაუთავებლად იმ უჩვეულო არსებაზე, რომელმაც მიმიყვანა უიმედოთ განსაცდელში მყოფ გავშვებთან.

მოულოდნელად ჩემს გონებაში რაღაც განათდა, უცებ თავში გამიელვა: “უნდა სასწრაფოდ მოვნათლო პატარები. თუ ვერ გადარჩებიან, ქრისტიანული წესით მაინც წავლენ ამ ქვეყნიდან”.

ჩემი ვაჟი სასწრაფოდ გავაგზავნე დეკანოზ გიორგისთან, ქაშუეთის ეკლესიაში. შუადღეს შევუდექით ნათლობის რიტუალს. პატარები ნათლობის დროს ცუდად გახდნენ, მეორე ტყუპის ცალს აპნოე განუვითარდა, ძლივს გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან. უჩვეულო გარემოში მამა გიორგი ლოცავდა პატარებს, სიცხისგან სულს ძლივს ითქვამდა, მაგრამ რიტუალი ბოლომდე ჩაატარა, დალოცა ისინი და გააქრისტიანა.

ნათლიები შეშინებულები, თვალებგაფართოებულები და გაკვირვებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. ხან ბავშვებს უყურებდნენ, ხან მღვდელს, ხან მე და ხან ერთმანეთს. ყველას სანთელი ეჭირა ხელში. ყველა ევედრებოდა ღმერთს და ლოცულობდა.

ჩამთავრდა ნათლობა. ეს იყო 11 დეკემბერი. ჩემს პატარებთან დავრჩი. ერთადერთი, თუ გავიქცეოდი, რომ შემეხედა ვარდებისათვის, რომლებიც უსიტყვოდ მიგებდნენ და ნუგეშს მაძლევდნენ. უკვე ვგრძნობდი, რომ მწყობრიდან გამოვდიოდი, აღარ შემეძლო ამხელა ტვირთის ზიდვა. და ჩემდა უნებურად ავფორიაქდი, დამეწყო აგზნება, ძალიან გადაღლილი გახლდით. მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, მეტირა, რომ შვება მიმეღო. ბავშვებთან ვეღარ ვისვენებდი, მეც მათსავით ვქოშინებდი, მქონდა ძლიერი ტაქიკარდია, ბოლთას ვცემდი პალატაში. 12 დეკემბერიც დაიწყო. დილის ოთხი საათი იქნებოდა, მეორე ტყუპს რომ დაეწყო ისევ შეტევა. ჩემ თვალწინ იკლო გულის ცემამ, მოემატა სილურჯე, გაუიშვიათდა სუნთქვა. ისევ რეანიმაცია დავიწყე, თან ცრემლი ჩამომივარდა და მაშინ ვეღარ შევიკავე თავი და მწარედ ავზლუქუნდი: “ მეტი ნამდვილად აღარ შემიძლია! ღმერთო დიდებულო დამეხმარე! “ და ჩემს პატარას გავუგრძელე გამოცოცხლება. გამოცოცხლება ამჟამად უფრო დიდხანს გაგრძელდა. მისი უსუსური სხეული, რომელიც ხელში მეჭირა, არანაირ რეაგირებას არ იძლეოდა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, ვენაში შევუყვანე ჰორმონი, მივეცი 100% ჟანგბადი. ორივე ხელით ვუკეთებდი მასაჟს.“არა! გამოცოცხლდი, ღმერთო, მიშველე!” – ვტიროდი ხმამაღლა და ხელებში ვიგრძენი როგორ დაექვემდებარა პატარა ჩემს ზემოქმედებას, განცდას, გამოცდილებას, მკურნალობას და ისევ ვისი ძალით და განგებით ისევ დაიწყო გულის ცემის და სუნთქვის გამოსწორება, სკამზე დავენარცხე, პატარას სხეულს ვაკოცე და ცოტა ხანს გონება დამეკარგა. “ცოცხალია, ნუ გეშინია, ნუ..”- მესმოდა ხმები.

12 დეკემბერი. დილის რვა საათზე კაბინეტში შემოვედი ძლიერ ნაცემივით, ნაომარი, სულით ხორცამდე ნაწამები, წამოვწექი, ვარდების ლარნაკი ახლოს მოვიწიე, დავყნოსე, მოვეალერსე და მიმეძინა. თითქოს უსაშველოდ დიდხანს მეძინა. თვალები გავახილე, სულ ერთი საათია გასული. რამდენი ხანია ჩემი პატარები არ მინახავს, როგორ არიან? წამოვდექი. ვარდები გაიშალნენ და კიდევ უფრო წარმტაცად გამოიყურებოდნენ, გეგონებოდათ, ცეკვისათვის ემზადებოდნენ.მათი მკვრივი, ოდნავ შესქელებული, ხაოიანი ყვავილის ფურცლები ირხევიან, მოძრაობას იწყებენ, რაღაცას მეუბნებიან:”დამაცადე, რამდენი ფურცელიც მაქვს, ყველა უნდა გავშალოთ! გულში უნდა ჩავისვათ შენი პატარები, ვერ დაითვლი, ვერა! ყველას კი არ შეუძლია, რომ შეგვეხოს? უნდა ვიგრძნოთ რომ მოგწონვართ არა მარტო გარეგნობით, არამედ შინაგანად! უნდა მოგიტანოთ სიხარული! ხანდახან ჩვენს თავს აჩუქებენ ხომლე სხვას, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუონ ან სხვამ დაინახოს და თქვას რა ჯენტლმენიაო.ხან კი უმოწყალოდ დაგვჭრიან ძირზე, ერთად დაგვაბამენ ჯაჭვებით, ჩვენივე ეკლებით ერთმანეთს დაგვაკაწრინებენ, აგვატირებენ, სულის მოთქმას არ გვაცლიან, ჩაგვყრიან მანქანაში, ერთმანეთს ვეკითხებით: ნეტავ სად წაგვიყვანენ? რას გვერჩიან? და დააყრიან მიცვალებულს გულზე… წყალსაც არ დაგვალევინებენ, მერე ფუთებში ჩაგვყრიან და სასაფლაოზე მიგვიჩენენ ბინას. ყველაზე უფრო რა გვახარებს, იცი? როცა სამშობიაროში მოვდივართ და ვიზიარებთ დიდ სიხარულს. ჩვენ ძალიან გვიხარია და მოგვწონს აქ ყოფნა! დიახ, აქ, სადაც დიდი სიყვარულია და კარგი გარემოა აქ, სადაც ყველაზე მეტ ვატივს გვცემენ, აქ, სადაც ჩქეფს სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ, ამ დაბადებას უფრო ვაღმერთებთ, იმიტომ, რომ უმანკო და ღვთისმიერი იბადება ყველა, განურჩევლად სქესისა, ერისა და გვარისა, მოზრდილების დაბადების დღეები და იუბილეებიც გვიყვარს, მაგრამ ეს ადგილი უფრო წმინდაა და უმანკო. აქედან გასულებს, როგორც უნდა ეცადო და პატიოსანი იყო, ცხოვრება გრყვნის და ცოდვას ცოდვაზე გაკეთებინებს, ამიტომაც ვართ აქ ასეთი სიცოცხლისუნარიანები”.

დავიხარე და ვარდებს ვეამბორე.“ბავშვებთან უნდა წავიდე, ჩემო კარგებო”, - მოვუბოდიშე და გამოვედი.

… ორივე ისევ ქოშინებს, მაგრამ სუნთქვის რიტმი 100-ზე ჩამოვიდა, პულსი – 150-ია წუთში. ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება, ისევ მძიმედ არიან. შვილები ვერაფერს მეკითხებიან. მე ვზივარ ჩემს პატარებთან და ერთმანეთს ვეალერსებით, უსიტყვოდ ვლაპარაკობთ. ჯერ თვალებიც არ გაუხელიათ, არ მოუთხოვიათ საკვები. უმანკოები, დედისშობილები მორჩილად წვანან მაგიდაზე და ქოშინით გვამცნობენ, ცოცხლები ვართო. უბრალო დახედვითაც ჩანს, როგორ უფართხალებთ პატარა მკერდში გულები. . . გამხდრები არიან, ნეკნებსაც კი დაითვლი, როგორ მოძრაობს მთელი სხეული. ყველაფერს ვხედავ სხეულის შიგნითაც. ჩემთვის ვფიქრობ: “ღმერთო, თუ გადამირჩებიან, ჯანმრთელები დამიტოვე! ო, რა ძნელია, როდესაც იცი, რა დაავადებას რა გართულება ახლავს თან! რა ბედნიერია ის, ვინც არა იცის, რით შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი! რამდენი ოჯახია გაუბედურებული იმის გამო, რომ ექიმმა სიცოცხლე აჩუქა, რის ფასად გადაარჩინეს და სინამდვლეში კი, ალბათ, ერთხელ გამოტირება სჯობდა, ვიდრე მთელი ცხოვრება უყურო ხეიბარს და იტანჯო. რას მეტყვიან საკუთარი შვილები, ასე რომ იყოს? რა ვქნა, რა ვიღონო! ეგებ სჯობს, რომ აღარ იყვნენ ამქვეყნად! მაგრამ სანამ შეძლება მექნება, ხელი როგორ ჩავიქნიო მათზე! ღმერთო, დიდებულო შემინდე და დამეხმარე!” გამახსენდნენ ჩემი უმძიმესი პაციენტები: გიორგი, მარიამი, ნინო, დეა, ტატო და ბევრი სხვა, რომლებთანაც ანალოგიური განცდები მაკავშირებდა. როგორ გვიან აიდგა ფეხი ტატომ?! პირველი საკუთარი ნაბიჯები რა სიხარულით მახარა დედამისმა! გიორგი უნიჭიერესი ბიჭია, სულ ფრიადებზე სწავლობს, დადის სპორტზეც, მესმოდა მანანას ხმა, ნინიკო – ბალერინა გახლავთ, ულამაზესი გოგონაა, სხვათა შორის ტყუპის ცალია, მისი დაიკო დაბადებისთანავე გარდაიცვალა, ნინიკომ კი ჯვარს გვაცვა. გიორგი კი უკვე 4 წლის გახდება და ჯერაც ვერ დადის დამოუკიდებლად, მეტყველება უჭირს, როგორ წვალობს მთელი ოჯახი, ტანად რა მოსული და ლამაზი ბავშვია. გული მიკვდება, რომ ვხედავ დედაზე მიჯაჭვულ პატარას. ო! ღმერთო ჩემო!

13 დეკემბერი. სუნთქვა 82 წუთში, გულის ცემა – 140. უფროსმა თვალები გაახილა, თითქოს დაათვალიერა ახალი სამყარო და მყისვე დახუჭა, მეორე ტყუპმაც გაახილა თვალები და უმალვე დახუჭა.

როგორი დაღლილები არიან, როგორი ნაბრძოლები. . . მოინათლნენ კიდეც, ჩემი ქრისტიანი ბიჭები! არ უტირიათ, საკვებიც კი არ მიუღიათ და არც მოუთხოვიათ! ნეტავ, როდის დამიდგება ან დამიდგება კი ის წუთები, რომ დედამისს მოვთხოვო რძე შვილებისთვის? თუმცა მათ არც წოვის და არც ყლაპვის თავი არა აქვთ, მაგრამ ზონდით როდის მივცემ?

14 დეკემბერი. სუნთქვა – 60, პულსი –140. შეტევა აღარ ჰქონიათ. ორივემ თვალები გაახილა. რა ლამაზი თვალები აქვთ! ორივეს მუქი ყავისფერი, გადაკალმული წარბები, დიდი წამწამები, მოცისფრო სკლერები. მიყურებენ, მათვალიერებენ, თვალებს აფახულებენ, ნამდვილად მიყურებენ. საითაც გავიწევი, იქით ატრიალებენ თავიანთ თვალებს. ხელის მტევნებზე ჯერ ერთს, მერე მეორეს დავაჭირე ცერა თითი. ტუჩები წინ წამოწიეს ( ბაბკინის რეფლექსი) გავოცდი, ისევ დავაჭირე, ისევ მიპასუხეს, ტონუსი მოუვიდათ, კიდურები აამოძრავეს, წამოიტირეს კიდეც. თვალებს არ ვუჯერებ, ახლაც მესმის მათი პირველი ტირილი. რა პატარები და უსუსურები ხართ! არა, პირიქით, რა ძლიერები ხართ, ჩემო გვრიტებო! თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე იცქირებიან გაკვირვებულნი. . .

თქვენ შემოგევლეთ მე! გამარჯობათ! რაო, ჩემო პაწიებო! დაგრთოთ უფალმა ნება სიცოცხლისა? ჩემო ქრისტიანებო! ვინ თქვა, რომ ვერ ხედავენ? თვალს არ მაცილებენ. რას მიყურებთ, რას? ჩემო ანგელოზებო, ა? თითქოს გამიღიმეს კიდეც, ტუჩები ააცმაცუნეს... ნამდვილად მელაპარაკებიან! რაო გინდათ რამე?

თავი დამიქნიეს.

მათი დაბადებიდან პირველი დღე იყო ჩემთვის, როდესაც დამიდგა ბედნიერი წუთები იმისა, რომ შეიძლებოდა პატარებს მიეღოთ საკვები. მედიდურად, თავმომწონედ, სულით ამაღლებული გავემართე მშობლის პალატისკენ, რომ მეხარებინა იქ მყოფთათვის და რძე შემეგროვებინა.

“უკეთ არიან, გადარჩნენ, აფერუმ მაგის ხელებს!” – ისმოდა აქეთ-იქიდან. “მოგილოცოთ?” ჯერ პასუხის გაცემის მაინც მეშინია, კიდევ ორი დღე და მერე გეტყვით, ისე კი, ვფიქრობ, რომ სიკვდილს გადაურჩნენ. ახლა მთავარია მათი რეაბილიტაცია და გამოკვლევა. ბავშვებს ასეთი ხანგრძლივი მძიმე ჰიპოქსიური მდგომარეობის შემდგომ პერიოდში ნარჩენი მოვლენები არ დარჩეთ. ეს აზრი ამეკვიატა და ძალიან მაწუხებს, ვაითუ სანანებლად მექცეს ამდენი შრომა, რამდენი მინახავს და გამისინჯავს ცერებრალური დამბლით ბავშვები, რომლებიც ვერ დადიან, ვერ მეტყველებენ, ვერ ჭამენ თავისით და ა.შ. ამიტომაც არაფერი მქონდა ამჟამად ისეთი ხელჩასაჭიდი, რომ ბოლომდე მშვიდად ვყოფილიყავი. ეს კი ჩემს გარშემო მყოფთაგან მხოლოდ მე ვიცოდი და ვერავის ვეუბნებოდი. ღმერთო დიდებულო! სადაც ამდენი დამეხმარე, ახლა ყველაზე უფრო მჭირდება შენი ხელი! მიხსენი ინვალიდობისაგან!

მომეცა უფლება, რომ კაბინეტში ხშირად შევსულიყავი. ჩემი ლამაზი ვარდები ჰყვაოდნენ. სუყველა გადაშლილი, გადაფურჩქნილი იყო. თავისი ბუნებრივი ყვავილობით ზოგიერთმა ფურცლების ჩამოყრა დაიწყო. მათი თითოეული ფურცელი შევინახე. “ დიახ! – ისევ მელაპარაკებოდნენ ვარდები, - ძალიან კარგი იყო თქვენთან ყოფნა! უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ, აგერ, ერთ კვირაზე მეტია შენთან ვართ და ვუყურებთ ყველაფერს! მოწმენი ვართ დიდი განცდისა და დიდი სიყვარულისა. უსიყვარულოდ არ არსებობს არაფერი ამ ქვეყანაზე. ჩვენ ყველანი ერთად კარგად ვგრძნობდით თავს ამ ლარნაკში, ძალა ერთობაშიაო, ნათქვამია და ჩვენ ფიციც კი დავდეთ, რომ სანამ აქ ვიქნებით, პატარა ანგელოზებს არაფერი მოუვიდოდათ და სიტყვაც შევასრულეთ. არ ვიმჩნევდით, თორემ, რომ იცოდე, რამდენი ღელვა გადავიტანეთ, შენ ხომ არ იცი, ა!? ისე მაგარი გამოცდა მოგიწყო მაღალმა ღმერთმა, სასწორზე სწონიდა შენი ყველა პაციენტის საქმეს. ერთ მხარეს შენი პატარები იყვნენ, მეორეზე – შენი წარსული. ხან მარჯვნივ იწევდა სასწორი, ხან – მარცხნივ, ისე მართლაც ძლიერი ყოფილხარ ამდენს რომ გაუძელი, ამფერუმ შენ! მაინც შენ იმძლავრე და სიცოცხლის სასწორი შენკენ გადმოხარე. ისე კი, გვინდა გითხრათ ჭორიკანობაში არ ჩაგვითვალოთ, როდესაც პატარებთან იყავი, აქ, კაბინეტში, რას არ ლაპარაკობდნენ! ზოგს სულაც არ ედარდებოდა შენი ამბავი, ზოგი ძალიან განიცდიდა, ზოგიც ვერაფერს ხვდებოდა, ზოგიც ბოღმით ამბობდა, - სულ ტყუილია, არ არსებობს მაგათი გადარჩენაო! ისე, სიმართლე თუ გინდა, უმეტესობა განიცდიდა, მაგრამ ერია უკუღმართიც. . . ახლა კი ყველას პირი დაუფჩენია! დიახ, სიმართლე თუ გინდა ასეა. . . ჩვენი დამშვიდობების დროც მოსულა. ასე დიდხანს არასოდეს გვიყვავილია!”

17 დეკემბერი. ბავშვების მდგომარეობა სტაბილური გახდა, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩადგნენ ცხოვრებისეულ რითმში.

ვარდებმა დაიყვავილეს. არცერთი მათგანის ფურცელი, ფოთოლი და ეკლებიც კი არ გადამიგდია, – შევინახე. ჩავაწყვე დაწნულ ფიალაში და კაბინეტში მაგიდაზე დავდგი. პატივსაცემი ფურცლებია, ჯერ სილამაზით, შემდგომ სურნელებით და რაც მთავარია, შინაარსით, ჩემი გულის მესაიდუმლეები, მომსწრენი იმ ამბისა, რაც ამ კედლებში ხდებოდა სულ რამდენიმე დღის წინ. ისინი ამშვენებენ და ალამაზებენ ჩვენს ოთახს.

პატარები გადარჩნენ. უკვე ათი დღის არიან, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ ძალიან მაშინებს მათი მომავალი. დიდხანს მოუწიათ სამშობიაროში ყოფნა. თითოეულ მათ მოძრაობას, ქმედებას, ზრდა-განვითარებას ვაკონტროლებ. დაიწყეს მატება, ნევროპათოლოგი იმედს მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ნეიროსონოსკოპიულად ორივეს ცვლილებები აღენიშნება თავის ტვინის სურათზე. შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს ჰიპოქსიამ, რომელიც ასე ხანგრძლივად აღენიშნებოდათ? წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც სურათზე ჩანს გაიწოვება? დავიჯერო არ გამოვლინდება ცერებრალურ გართულებებში? ღმერთო, დამიფარე!

- რა გითხრა ჩემო კარგო, ასეთი წონის ბავშვების 80%-ში ყოველთვის არის ცვლილებები თავის ტვინში, ეს ყველაფერი განპირობებულია ღრმა დღენაკლულობით, ისინი ხომ, ფაკტობრივად, შვიდი თვისაც არ იყვნენ. როგორც ვიცი, ამ ასაკამდე ერთი კვირა აკლდათ, ესე იგი ექვსი თვის და სამი კვირის არიან. ძალიან პატარა ასაკია, თან ტყუპები, თან ვაჟები... არაჩვეულებრივი გამოსავალია ამ ეტაპზე.

- მართალი ხარ, ახალშობილის წონა, მათი ასაკისდა მიხედვით, 1200 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ბავშვებში გენეტიკური ფაქტორი ჭარბობს: მამა 4200 გრამი დაიბადა, დედა კი – 5000 გრამი.

- მე მაინც იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაცია კარგ შედეგს მოგვცემს, თუმცა დაბეჯითებით არაფრის თქმა შემიძლია. მე მყოლია ახალშობილები ცერებრალური გართულებებით დროულები, რომლებსაც ამათი მეათედი სიმძიმეც კი არ გადაუტანიათ, ხომ იცი, ჩემგან არ გესწავლება, დღენაკლულობა თავისთავად მაღალი რისკია და, თუ დღენაკლულია და ისიც მძიმე მდგომარეობაში, მის მომავალზე ძალიან ძნელია ლაპარაკი.

- დღეისათვის ის რეფლექსები, რაც დამახასიათებელია 10 დღის ბავშვებისთვის, როგორ ისინჯება? ჩემი გასინჯვით იდენტურია, რაც ამ ასაკის ახალშობილს უნდა ჰქონდეს, შეიძლება მეჩვენება? იმიტომ, რომ ძალიან მინდა ასე იყოს... თქვენი გასინჯვით როგორ არის?

- ნამდვილად მეც იმავეს გეტყვი, რომ არ ვიცოდე ბავშვების წარსული დღეები, მათ ხომ სრული ატონია და არეფლექსია ჰქონდათ?

- ახლა ფიზიოლოგიურია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ნევროპათოლოგი ჩაქუჩით ამოწმებდა ყველა რეფლექსს და თან უკვირდა, რომ კუნთთა და მყესთა რეფლექსები ყველა იწვეოდა ჩვეულებრივად.

- მეშინია და ჩემს შიშს ვერავის ვუმხელ, ჩემო გია, ღმერთი იყოს ჩემი და ჩემი შვილიშვილების მფარველი. ძალიან მძიმე დღეში ვარ…

***

ოთახში ხმელი ვარდის ფურცლებთან მუდვივად მქონდა საუბარი: რა ვქნა, მითხარით რამე! ხომ კარგად იქნებიან? როგორ დამშვენდნენ, მოიმატეს კიდეც, ლოყებიც კი დაეტყოთ. რა მკვრივი ხორცი აქვთ, როგორ ნებივრობენ, როგორ პატივში არიან?! ყველა თან ჰყვება! ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ წვანან, ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან. მე კი ვარჩევ, რა სიამოვნებით კრუტუნებენ, ხან კი ჭიხვინებენ, როგორ თქლობნიან რძეს! რა მადლობელი ვარ ყველასი და განსაკუთრებით კი თვენი! თქვენ რომ არა, არ ვიცი, ვინ მანუგეშებდა. ვინ მომცემდა ძალას, იმედს, რომელიც ასე მჭირდებოდა გაჭირვების დროს! მე კი ერთხელაც არ გამოგიცვალეთ წყალი! ჩემს დღეში თქვენნაირი ღვთიური, მოლაპარაკე ვარდები არ მინახავს, როგორი მადლობელი და მადლიერი ვარ თქვენი!

ნამდვილად, ღმერთის ძალა გვფარავს მეც და ჩემს პირმშოებსაც.

როგორ მინდა სულ გიყუროთ, თქვენ არ იცით, როგორ მამშვიდებთ! მართალია, თქვენი ფურცლები გამოშრა, ზომაში დაპატარავდა, დაიჭმუჭნა, ფერითაც უფრო გამუქდა, მაგრამ პეწი და სურნელი არ დაუკარგავთ!

გავიდა დრო, პატარები თავს კარგად გრძნობენ, კბილებმაც დროზე ამოჭრა, ღუღუნიც თავის ასაკში დაიწყეს. პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები… გაიარა ერთმა წელმა, ჩემდა გასაოცრად ნორმალური ზრდა-განვითარების ჩარჩოებში. აცრები ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ. ჯანმრთელები არიან.

ერთ დღესაც ოთახში შევედი, რასაკვირველია, მივესალმე ჩემს ვარდის ფურცლებს, მივეალერსე… ხვალ ჩემი პატარები ერთი წლის ხდებიან. გამახსენდა ის საშინელება, რაც გადავიტანე. პირჯვარი გადავიწერე, ვემთხვიე ჯვარს და მადლობა მოვუხადე ყველას.

ახლა მე ამ ვარდის ფურცლებისგან სურათი უნდა გავაკეთო. როგორ? ძალიან უბრალოდ! მივაწებებ რაიმეზე და კედელზე ჩამოვკიდებ, ჩვენ სულ ერთმანეთს უნდა ვუყუროთ! მართლაც მოვძებნე მიტკლის ნაჭერი, მოვიტანე ქაღალდის წებო, ავიღე სათითაოდ ვარდის ფურცელი და მივაწებე ნაჭერს. ერთი, ორი, სამი, ოცი, ორმოცდაექვსი, სამოცდაათი. . . გარშემო მწვანე ფოთლები შემოვუწყვე, რომ თეთრი მიტკალი დამეფარა, მერე ქვემოთ ვარდის ეკლები დავაწყვე და დავაწებე.

ნეტავ რა გამოვა? ივარგებს კი? შეიძლება ასე მიწებება? არ ჩამოცვივდება? ნეტავ ვის ეცოდინება, რომ ვკითხო? რა საინტერესოა, რა გამოვა?

ამ ფიქრებსა და მუშაობაში არსებული მასალა სულ გამოვიყენე. ეს ნაჭერი მუყაოზე მივამაგრე, რომ შემეხედა შორიდან და საკვირველებავ, რას ვხედავ! ან რა ძალამ აამოძრავა ჩემი ხელები, ვერ გეტყვით! მე ხომ არანაირი ესკიზი არ შემიქმნია თეთრ მიტკალზე? და იმასაც გეტყვით, რომ მხატვარი არასოდეს ვყოფილვარ. სურათზე გარკვევით გამოხატულია დიდი გული, რომლის ძირი ვარდის ეკლებით არის დაფარული, ხოლო გულის გარშემო მწვანე ფოთლებია. რა საოცარია! დიდხანს ვუყურებდი ჩემს ნამუშევარს... რა ლამაზია! ნეტავ რას ნიშნავს ეს ყოველივე? რა ძვირფასი ნივთია ჩემთვის! …

ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი – იკებანა. ჩავსვი, რასაკვირველია, ჩარჩოში, წავიღე ქაშუეთის ეკლესიაში დეკანოზ გიორგისთან, რომელმაც მონათლა ჩემი პატარები სამშობიაროში, და ვაკურთხებინე. მერე კი წავუღე საჩუქრად ჩემს შვილიშვილებს. ეს სურათი უკვე ექვსი წლისაა, მაგრამ პეწი და სილამაზე არ დაუკარგავს. ხავერდის შავი ვარდები უცვლელად გამოიყურებიან.


ოცნების ასრულება


აგვისტოს მცხუნვარე დღეა. დღის სამი საათია. მზის მცხუნვარება წვავს ადამიანთა ისედაც აღელვებულ სახეებს. ყველა ოფლს იწმენდს, გაზეთებისაგან ქუდები და საგრილებლები გაუკეთებიათ, ზოგს გულის პირი გადაუღეღია, ხალხი ნამდვილად ღელავს.

უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ლაპარაკი შეწყდა და ჰაერში მიკროფონის ბგერები ახმიანდა. სიხარულის სიხარულის შეძახილები და გულშემზარავი ხმები ერთმანეთში აირია. ვდგავარ და ვუცდი ნიშანს – “მივიღებ კი?” მეთვრამეტე ჯგუფს უახლოვდება მიკროფონის მჭექარე ხმა. ჩემ წინ მაღალი, მხარბეჭიანი, ოდნავ თმაშეჭაღარავებული მამაკაცი დგას და გვერდით მდგომ გოგონას ეჩურჩულება, ნუ გეშინიაო. პროფილში ძლიერ გვანან ერთმანეთს. უცებ ორივე შედგა, თითქოს მეხი ჩამოვარდა და ჩემს წინ ზურგით მდგომ მამაკაცს დაეცა, როგორც ზღაპრებშია ხოლმე, თითქოს ჯადოქარმა ჯოხის ერთი დაკვრით, დევი ჭიანჭველად გადააქცია. მხრებში ძლიერ მოიხარა, დაპატარავდა ეს მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი და გაუჩინარდა, თითქოს მეხმა მიწაში ჩაიტანაო. ახლოვდება მეთვრამეტე ჯგუფი და ჩემი გულის ცემაც ძლიერდება. უეცარმა შიშმა შემიპყრო, როგორ მინდა დავმშვიდდე, მაგრამ ვერ მომიხერხებია. რა მაშინებს ნეტავ? რა მოხდა, თუ წელსაც ვერ მოვხვდი. არაფერი, დიახაც არაფერი. უფრო მეტს ვიმეცადინებ და შემდგომში მოვხვდები. მაგრამ, ეს გული ისეთი ჯიუტია, სხვის ნება-სურვილს არ ემორჩილება. და აი, მეც გარინდული ვდგავარ მიკროფონის წინაშე და ველი ჩემი ცხოვრების განაჩენს, ვგრძნობ, როგორ ედება მთელს სხეულს ცივი ოფლი. უეცრად ყველაფერი გაქვავდა, სმენად ვიქეცი, საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეს თითქოს ჩემი გულისცემა არღვევს. ბაგ-ბუგ,ბაგ-ბუგ, - მესმის ყურში და აი, გულისცემაც შეწყდა. ამ სიჩუმეში საეკლესიო ტაძრის ზარების წკრიალა ხმა გაისმა და ირგვლივ არსებულ ბრბოში ექოსავით განმეორდა ჩემი ნიშანი. მთელი სხეული მომიდუნდა, თავბრუ დამეხვა, ფეხები მომეკეცა და იქვე, ქვაფენილზე, მოწყვეტილივით დავეშვი. დიდხანს ვიჯექი ასე. სხეულში ჩემი ნიშანი ხმიანებდა. რომ იცოდეთ, როგორ ამაღლდებოდა ჩემი მამა, ახლა აქ რომ ყოფილიყო, გაიხარებდა, გაბედნიერდებოდა და ყველგან და ყოველთვის ჩემს ქებას მოჰყვებოდა: “ჩემი შვილი უნიჭიერესიაო” ამ დროს საშინელი მარტოობა ვიგრძენი. თითოეულ აბიტურიენტს ხუთი – ექვსი გულშემატკივარი ახლდა და მე მხოლოდ ჩემი “მე” მახლდა თან “მშობლებს უნდა შევატყობინო,”- ჩავიჩურჩულე და ფეხზე წამოვიჭერი.

ნელა მივდიოდი თავჩაქინდრული. ჩემს თავს ველაპარაკებოდი, ენით აუწერელ სიხარულს განვიცდიდი. კარლ მარქსის სახელობის ხიდზე შევჩერდი, მოაჯირს მთელი ტანით დავეყრდენი, მდინარეს გადავხედე, ჩემი ფიქრები მტკვრის ნაზ ტალღებში გაიფანტა და მდინარის დინებას გაჰყვა.

დასავლეთით მზე ნელა ეფარება მწვანედ შემოსილ დიდ გორას. მტკვრის ზედაპირზე ჩანს სილუეტი, მოაჯირი, გამვლელი მანქანები. ჩანს გრძელი, ოქროსფერი, კულულა თმები, რომელსაც წყალი ნაზად არხევს. მზე კი ნელა იმალება და ეს ოქროსფერი თმები უფრო იზრდება, ფართოვდება და მთელ სიგრძეზე გაწოლილ მოლივლივე მოაჯირს ეხვევა, ეალერსება, ეკლაკნება გველივით. ნაირფერებით შემოსილა მთის მწვერვალი, ყვითელი, ცისფერი, წითელი ფერები ერთმანეთში არეულა და ნაზად განთხეულა ცის ტატნობზე. ლურჯ ღრუბლებში ყოველთვის მთვარეს ვეძებ, მინდა ვუცქირო მას, ხან ბურთს რომ ჰგავს, ხან კიოქროსფრად მობიბინე ხორბალზედ გადასმულ კარგად გალესილ ვერცხლისფერ ნამგალს.

ვერ ვიგრძენი როგორ მოსაღამოვდა, თუმცა ჯერ კიდევ საღამო არ იყო. ნაბიჯს ავუჩქარე, ყვავილები ვიყიდე, ავტომანქანაში ჩავჯექი და მშობლებისაკენ გავეშურე.

მანქანა სასაფლაოსთან გაჩერდა და ქვებით შემორაგულ საფლავს მიუახლოვდი. მოწამედ ორი დიდი ლოდი დევს. აქა-იქ ბალახი ამოსულა. ტირიფები იმხელა გაზრდილა, რომ გვერდით ამოსდგომიან ლოდებს, ტოტები ნაზად და მორცხვად ძირს დაუხრიათ და ლოდებს ეალერსებიან, დასტირიან. – აგისრულეთ ოცნება, უკვე სტუდენტი ვარ, - წავილუღლუღე თვალცრემლიანმა და ყვავილები ფრთხილად დავაწყვე საფლავის ქვაზე.

1971 წ.



გაზაფხული


თებერვალი მიილია,

მარტმა იწყო დენა,

ენძელებმა გაიღვიძეს,

თავებს ხრიან ნელა.

ყოჩივარდა იღიმება,

მთაზე თოვლი დნება,

ყველა მზეში თბება.

გაიღვიძეს. გააღვიძეს

ერთმანეთი ნელა,

-თქვენ სალამი და მშვიდობა

გაგიმარჯოთ ყველას!

გული ნაზად აფრთხიალდა

გაზაფხულდა. ცხელა…

ხეებს კვირტი ებერებათ,

მაინც პირველს გაუმარჯოს

ლურჯთვალა ენძელას!

                                       1985 წ.


შემოდგომის გამარჯვება

შემოვევლე ქართულ ვენახს,

ქართველ გლეხს და მის მარჯვენას

ყურძნის გოდრებს,

სავსე მარნებს,-

შემოდგომის გამარჯვებას.

ჩირს, ჩურჩხელებს,

აკიდოებს

ფელამუშს და შოთის პურებს,

მაჭრის დუღილს,

ჭაჭის არაყს,

ბადაგს,

მტევნის ტკბილ ნაჟურებს;

ქვევრის ხმაურს,

გლეხის ნაშრომს,

სანეტარო დოვლათს სარჩოს...

ხალხის იმედს,

ვაზის მშობელს –

ქართლს და კახეთს გაუმარჯოს

                                       1984 წ.

Hosted by uCoz