Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

მოთხრობა "მათხოვარი"

2004 წლის ივლისია. ცხელა. გამოცხადებულია 32 გრადუსი სიცხე, მაგრამ უთუოდ მეტი იქნება. ჰაერი არ იძვრის. უმნიშვნელო ნიავიც კი არ იგრძნობა, შენობაში შედარებით გრილა. ოთახში ღიაა ფანჯარა. მწერებისაგან თავის დასაცავად მასზე ბადეა აკრული. ამიტომაც ოთახში შემაწუხებელი სიცხეა დაგროვილი. მიუხედავად ამისა, მაინც შემოპარულა ერთი ბუზი, ალბათ, უფრო დერეფნიდან. იმიტომ, რომ კარები წესიერად არ იკეტება. ბუზი პატარაა. არ ისმის ბზუილის ხმა. ხან რას აჯდება, ხან რას. ხელს ვუქნევ. მაღიზიანებს, რომც ვერ დავინახო – მაინც. იმიტომ, რომ იცი, ოთახშია. არ გსიამოვნებს, გგონია, განგებ შემოუშვეს, რომ ნერვები აგიშალოს.

ვარ ჩემთვის ამ ცხელ ოთახში. პერიოდულად წყლით ვისველებ ხელებს და სახეს. ჩვენთან წყალიც და მისი გაყვანილობაც უცნაურად და გამაღიზიანებლად არის. კედელს მთელს სიგრძეზე წყლისა და კანალიზაციის მილი მოჰყვება, ჭერსა და იატაკზე, სადაც მილები გადის_ მოზრდილი ხვრელებია დარჩენილი. ჰოდა, ყოველ წუთს წყლის ხმაური გესმის. ონკანს რომ დაკეტავ, წყლის ჩხრიალის ხმა მაინც გესმის. იხედები, გგონია, რომ ონკანი მოშვებული დაგრჩა. ონკანს შეხედავ – დაკეტილია, წყლის ხმა კი მაინცაა. ხვდები, რომ ზედა სართულიდან მოდის ეს ხმა გამუდმებით, ხმაურით.

ტელევიზორი ჩავრთე, ვხედავ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალს, სვიატოსლავ ნაბდზოროვს აჩვენებენ. ოსეთში დაძაბულობაა, შეირაღებაა, ხან ვის იტაცებენ, ხან ვის. სხვა არხზე გადავრთე – იქაც ანალოგიური კადრებია. ნაბდზოროვი, ოსეთი.. კიდევ გადავრთე და შუქიც ჩაქრა. ტელევიზორიც გამოირთო. ალბათ, ასეც ჯობია. სულ უსიამოვნო ამბებს ისმენ და ესეც გრთგუნავს. მაგრამ ერთი კია, რომ ტელევიზორის ხმა დერეფნიდან შემოსულ ხმაურს ფარავს, ახლა ეს ხმაური გაწუხებს.თან ყურს უგდებ შიგადაშიგ, გაინტერესებს გაღიზიანებული ხალხის ჩხუბი, კამათი, აყალ –მაყალი, შეძახილები: ჩემია ეგ ავადმყოფი! მე რატომ არ დამიძახე! უყიათობა, ერთმანეთის სიძულვილი, დასმენა, ლანძღვა, მოკლედ, ბრძოლაა არსებობისათვის. ნამდვილი ბრძოლის ველია. ვინ ვის უშლის ნერვებს, ვინ ვის ეკამათება, რაზე? ისე უმიზეზოდ, უნდათ, რომ წახვიდე სამსახურიდან და ადგილი გაათავისუფლო. სხვას მიიღებენ და მოთავდა. შენ ხომ მათი გუნდის წევრი არ ხარ!

არ მოგწონს?-შეგიძლია წაბრძანდე! მოკლეთ და კონკრეტულად, ტონის აწევის გარეშე. ვის ადარდებს ეს შენი მდგომარეობა, ან ვინმე გეკითხება – როგორ ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს? რამე ხომ არ გინდა? არა! რას ამბობ! ნებით არ წახვალ, ძალით გაგიშვებენ. ხაფანგს დაგიგებენ ისე, რომ იქით შეეხვეწები – გამიშვიო. ზოგი ხმაურით წავა, ზოგიც უხმაუროდ. მაგრამ სად? ვინ ფიქრობს ამაზე. რამდენი გაათავისუფლეს – რატომ? მიზეზი არავინ იცის და არც არავის აინტერესებს. მაგ ხეპრე, გაუნათლებელი, უწიგნური, უვიცი, ღჯო! სალამის თქმაც არ ეხერხება. ფულის მეტი არაფერი გააჩნია: არც თავმოყვარეობა, არც პატიოსნება, არც მომავლის შიში! მგონი წერას ჰყავს აყვანილი!

მეფანტება ყურადღება. ხან ბუზი მაწუხებს, ხან წყლის და დერეფნიდან შემოსული ხმაური. ის, რომ სინათლე არ არის და ყველაფერთან ერთად ეს ივლისის სიცხე.

კიდევ კარგი წიგნი მაქვს წამოღებული. ვარ ჩემთვის და ვკითხულობ: ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიშს”. რა საინტერესოა! თუ დაიწყე ამ წიგნის კითხვა, უნდა დაამთავრო კიდეც. სულ 85 გვერდია. ერთი ამოსუნთქვით არის დაწერილი. რატომ? იმიტომ, რომ მოთხრობას, როგორც ასეთი, არ გააჩნია არც თავები და არც აბზაცი. იწყება და მთავრდება. ამიტომ, თუ დაიწყებ კითხვას, უნდა დაამთავრო კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საინტერესოდაა დაწერილი. რაღაც უცნაური სტილია. ალბათ, თანამედროვე. მოკლე წინადადებები წერტილით. კითხვა, პასუხი, დიალოგი არ არსებობს. მიუხედავათ ამისა, შინაარსიანი. უცნობის სიმღერებს მაგონებს. ისიც უცნაური ტიპია და უცნაურად მღერის. მღერის კიი, თუ ლაპარაკობს, ვერც გაიგებ. ხალხს კი მოსწონს. მეც მომწონს, ყოველ შემთხვევაში როცა მღერის, ტელევიზორს სხვა არხზე არასოდეს .არ ვრთავ.

დღის 3 საათიც დადგა. ბუღი ასდის ქალაქს. დერეფანში ხმაურიც ნაკლებადაა. ეტყობა, ბუზიც მიითანგა სიცხისაგან, არ ჩანს. სინათლე არ მოსულა, წყლით ვისველებ ხელებს და სახეს.

-ექიმო! მისაღებში გეძახიან!

-მე?-თუმცა ოთახში ჩემს გარდა არავინაა.

-დიახ, მისაღებში გკითხულობენ.

-ეხლავე.

წიგნი გადმოვატრიალე, გაშლილი დავდე მაგიდაზე. სათველე მოვიხსენი. წამოვხტი გახარებული. საქმე გამიჩნდა. ინტერესი მკლავს, ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ მისაღებში და გავიგებ, თუ ვის გავახსენდი ამ გაგანია სიცხეში.

-ვინ მკითხულობს?

-მე, ქალბატონო!

მომიახლოვდა უცნობი მამაკაცი, პირხმელი, საშუალო სიმაღლის, თეთრი პირისახის, ფერმკრთალი, სანდომიანი ნაკვთებით, თითქმის მოშიშვლებული თავის ქალით, ღია ფერის თვალებით. გამოწყობილი მოცისფრო, გადახუნებულ, ალაგ-ალაგ გაცრეცილ, ძველმოდურად შეკერილ კოსტიუმში. კოსტიუმის შიგნით თეთრი პერანგი აცვია. ასაკით იქნება 50 წლამდე. დარდიანი, სირცხვილნარევი გამომეტყველება აქვს. წარბები დაშვებული. გარეგნულად პატივმოყვარე, წესიერი. ვუყურებ, მაგრამ ვერ შევიცანი. ნეტავ არ ცხელა? - გავიფიქრე და მაშინვე ჩემს თავს ვუპასუხე: ალბათ სხვა ცხელება უფრო აქვს მოზღვავებული, ვიდრე გარეგანი სიცხე. ვინ არის ნეტავ?

- ქალბატონო, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ! –მოკრძალებული ხმით, თვალებდახრილი, თითქოს დარცხვენილი მელაპარაკება უცნობი.

- თქვენთან დიდი მოკითხვა დამაბარა აჭარიდან მამაო გიორგიმ. თქვენ მისი ძმისშვილი გადაგირჩენიათ და ისეთი დიდი პატივი გიციათ, რომ თქვენს ლოცვასა და კურთხევაში არიან მუდამ. ისიც მითხრა, რომ შეიძლება ვერც გამიხსენოსო, მაგრამ ქალაქში თუ რამე დაგჭირდეს, მიაკითხე და უსათუოდ დაგეხმარებაო.

მესიამოვნა კია ნათქვამი, მაგრამ ვერც აჭარიდან მღვდელი გავიხსენე და ვერც მისი ძმისშვილი. წავედი ოცნებებში, გამახსენდა წარსული. მართლაც რამდენი პაციენტისათვის მითენებია….. რამდენჯერ მიცხოვრია სხვისი ტკივილით.. თუ ეს ტკივილი არ გაითავისე, არასოდეს დადგება შენგან ნამდვილი ექიმი.

დღეს ვიღას ახსოვს შენი თავდადებული შრომა, ჯაფა, წვალება, სახელი. არ მოსწონხარ უფროსს და გათავდა. დაესვა წერტილი. იხტუნავე რამდენიც გინდა! ხელფასიც გვქონდა და პატივისცემაც, სიყვარულიც. კლინიკაში ყველანი ერთად ვიყავით, ერთ ოჯახად, ერთ მუშტად შეკრულნი, გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა აღარც ხელფასი გაქვს და აღარც პატივისცემა.კი ცხოვრობ, თუ ამას ცხოვრება ჰქვია. უფრო სწორად, არსებობ, ნელ-ნელა სცილდები შენს მეგობრებს. ადგილს ვეღარ პოულობ საზოგადოებაში, სადაც ასე გაფასებდნენ, ის ვინც გზაზე დააყენე და ექიმად აქციე, სალამს ზემოდან გეუბნება. “ახლა ჩემი დროა, შენი დიდი ხანია წავიდაო’’, ყველა შენ გებრძვის, მერე ხელსაც ჩაიქნევ და ეგუები საზარელ ყოფას, რომელიც შენში არ ზის, მუდმივად აანალიზებ შენს ქმედებას, მუდმივად აფორიაქებული ხარ და ცდილობ შენი გულის ტკივილი, წუხილი შენშივე ჩამარხო და დაასამარო. ეს ძალიან ძნელია.. საოცარი ქაოსია შენში. რაც ხდება თვითონ სახელმწიფოში, ანალოგიურად ხდება დაწესებულებაშიც და თითოეულ ჩვენგანში. საშინელებაა. არის ერთი მეთაური და მას უნდა ყველაფერი: ფულიც, სახელიც, დიდებაც, კარგი, უდარდელი ცხოვრება, ძალაუფლება. ხელფასი მინიმუმამდე დაუყვანეს თითქმის ყველას, გამონაკლისების გარდა, სამაგიეროდ მეთაურმა გაიზარდა თითოეული ჩვენგანის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ არც განათლება და არც ხარისხი არ გააჩნიათ. ისე მოაქვთ თავი, ვითომ აკადემიკოსები არიან. ხელფასიც თანამედროვე საერთაშორისო აკადემიის წევრ კორესპონდენტივით აქვთ გაბერილი.

თუ გაგიგიათ, რომ ჰონორარს გაძლევდნენ იმაში, რომ პაციენტი გაუგზავნო ექიმს, ან მედიკამენტი გაუსაღო რომელიმე სააფთიაქო სამმართველოს. სულაც არავის აინტერესებს, მოგიხდება თუ არა ეს წამალი შენ. სასწრაფო დახმარების უფროსს სტაციონარი აძლევს ჰონორარს იმაში, რომ მის კლინიკაში დააწვინო ავადმყოფი და არა სხვაგან. ჰოდა არის ამ უმწეო ავადმყოფების ტაციაობა. თუმცაღა ყველა ექიმის ერთ ქვაბში მოხარშვაც სწორი არ იქნებოდა, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილი ექიმი იშვიათობაა.

ანდა თუ გაგიგიათ ასეთი, რომ ახალშობილი მოგლიჯონ დედას და გადაიყვანონ სხვა საავადმყოფოში. ეს უსუსური არსება, რომელიც ცხრა თვე ატარა დედამ მუცლით და მის გარდა არავინ გააჩნია ამქვეყნად. სულ ახლახან რომ გაჩნდა, უმწიკვლო, სუფთა, დედისშობილა, უსპეტაკესი. მხოლოდ დედის სუნი და ალერსი რომ ამშვიდებს. რომ გადაიყვანენ სხვაგან და გააფთრებული რომ ტირის, დედის ძუძუს და მოფერებას რომ ითხოვს – აგზნებულიაო, გაუკეთებენ დამამშვიდებლებს. აქეთ დედა მოთქვამს, თავის პატარას თხოულობს. მასთან ერთად უნდა, რომ იყოს.

- იტიროს მერე, მე რა ვქნა? საყვედურს მეტყვიან, რომ არ გადავიყვანო, რა ძალა მადგია!

რა საშინელებაა. აღარ არსებობს არც შენდობა, არც დანდობა, არც ტკივილი. ამ სახელმწიფომ თითქოს ჯალათად გაქცია. მართალია გილიოტინაზე არ ჰკვეთ თავს, მაგრამ შენი საქციელით გულს ცოცხალ ადამიანს აგლეჯ საგულედან. ძნელია ამის ატანა. უნდა გაერიდო ასეთ სიტუაციას, თორემ არც შენ დაგინდობენ და შენც ამოგგლეჯენ გულს, მაგრამ ალბათ ყველასათვის არაა ეს ძნელი ასატანი, ზოგ სიამოვნებს და, სხვათა შორის, ვისაც სიამოვნებს – ის მეთაურობს კიდეც. პირნათლად ასრულებს შიგა განაწესს.

ძალიან შეიცვალა ყველაფერი. სამედიცინო რეფორმამ გაანადგურა ექიმების უმრავლესობა. ნამდვილი, მცოდნე და საქმის ერთგული ექიმები ადგილზევე ჩაკლა. ვინც მოახერხა, სხვა ხელობას მიჰყო ხელი. ზოგიც დარჩა ადგილზე, სად წავიდეს? რა ქნას? მოკალი და არ შეუძლია სხვა საქმე! ოჯახი კი თავისას ითხოვს... საწყალი ექიმები თავიანთი აჩრდილისაც კი ეშინიათ. რაღაც გროშებს ამატებდნენ თავიანთ საცოდავ ხელფასს და სუნთქავდნენ ზედაპირულად. ღრმად არა- ესეც მოუსპეს. მათხოვარიო – სწორედ ექიმებზეა ნათქვამი. ავადმყოფის პატრონთან რომ გახვალ და უტრიალებ გარშემო, რომ ეგებ რაღაც გაიმეტოს და მოგცეს. რა სამარცხვინოა, თავი გძულდება შენი საქციელით. დამცირებული, გამწარებული, აფორიაქებული ბრუნდები უკან. იქით-აქეთ იცქირები, ვინმემ ხომ არ დაგინახა, ან ის ფული დანომრილი ხომ არ არის, თორემ იმ 5 ან 10 ლარს გადაგაყოლებენ! გიჩქარდება გულისცემა, აღმართზე ასვლის გამო, შიშის თუ სირცხვილის გამო, აღარ იცი! იმას კი ნამდვილად ხვდები, რომ ასეთ საქციელს მათხოვრობა ჰქვია. მაგრამ რა უნდა ქნა? როდესაც შენი ხელფასი 120 ლარს შეადგენს და იმასაც ერთი ან ორი თვის დაგვიანებით გაძლევენ? ხარ პირდამუწული და მიჰყვები ამ საშინელ ცხოვრებას. აბა გააღე პირი და რამე თქვი ხმამაღლა – დედას გიტირებენ…

გამიტაცა წარსულმა და აწმყოს ყოფამ. პაუზა გამიგრძელდა. უცნობი ჩემს წინ დგას თავდახრილი.

-რით შემიძლია გემსახუროთ? ჩემგან რას ითხოვთ?

-მოხუცი მამა მყავს. ავად გამიხდა და ქალაქში ჩამოვიყვანე. ვუმკურნალე კიდეც. ახლა უკეთესად არის. მე პროფესიით მასწავლებელი გახლავართ და და… უკან აჭარაში უნდა დავბრუნდეთ. ხვალ ვაპირებთ წასვლას. ფული სულ დამეხარჯა – სვენებ-სვენებით ამოიოხრა, მოიკრიბა ძალ-ღონე და გააგრძელა, –12 ლარი მჭირდება, ეგებ რაიმე სამსახური გამიწიოთ, რომ ეს თანხა გამოვიმუშავო, ყველაფრის კეთება შემიძლია, არაფერს არ ვითაკილებ!

რა საინტერესოა, - გავიფიქრე ჩემთვის, - ნუთუ მათხოვარია! ნუთუ ამდენს იტყუება? დღეს ისეა ხალხი გამწარებული, რომ ფულის შოვნისათვის ყველაფერს კადრულობს! რამ მოიყვანა ამ სიშორეზე? ან როგორ გაიგო, რომ მორიგე ვარ? ისე კი მართლა მასწავლებელს ჩამოჰგავს, ჯიბე გაფხეკილს, გროში რომ არ უგდია. მე თვითონ სულ 10 ლარით ვარ მოსული სამსახურში. თუ მათხოვარია, 12 ლარს ვინ აძლევს მათხოვარს და როგორ მთხოვს ამხელა თანხას? თუ მათხოვარი არ არის, დღესდღეობით ზედმეტი 12 ლარი რომელ ექიმს აქვს? გაუგებარია ჩემთვის. ძველი დრო, რომ აღარ არის, ვერ ხვდება ეს ოჯახქორი? ნუთუ ასეა დაკნინებული, რომ 12 ლარი ვერ იშოვა? ნეტავ არავინ ჰყავს ამ უპატრონოს? თუ იმდენად თავმოყვარეა, რომ ვერავის სთხოვა? ან სთხოვა კიდეც, მაგრამ არავინ მისცა და ყველამ უარი უთხრა? შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი? შაცოდავი! გავიფიქრე. მართლა სათხოვნელად მოვიდა? 12 ლარი? –დიდი ფულია ჩემმა მზემ სადღეისოდ! Pპენსიონერს მეტი კი არა აქვს! – 14, თუმცა უკვე 17 გაუხდათ! ძალიან კი დამაფიქრა ამ კაცის ქცევამ. გული მატკინა. თანაცPპირდაპირ კი არ მეუბნება, ფული მომეციო, უნდა, რომ გამოიმუშაოს! წარმოგიდგენიათ? გამოვიმუშავოო.

გამახსენდა ყველა მათხოვარი, რომელიც კი მინახავს.

- მე შენ გეტყვი, ცოტანი არიან ქალაქში. მოულოდნელმა სიტუაციამ დამაბნია.

-მე დღეს მორიგე ვარ და როგორ დაგეხმაროთ? მე როგორც ვხვდები და გავიგე ფულს მთხოვთ, მაგრამ პირდაპირ ვერ მიბედავთ! სულ 10 ლარით ვარ მოსული, თუ დამიჯერებთ!

-მეე…მეე… ფულს აუცილებლად დაგიბრუნებთ, უსათუოდ, -გაფითრებული, თავდახრილი მპასუხობს უცნობი.

გაოცებისგან შემცბარი ვარ. სიცხესაც ვეღარ ვგრძნობ.

-მომითმინეთ, ახლავე მოგიტანთ! გამოვტრიალდი და წამოვედი ზევით ოთახში. შევაღე თუ არა ისედაც ნახევრად ღია კარი, აუტანელი სიცხე მეცა, ბუზიც მეძგერა- მოვიგერიე, წყალმაც მოუოდნელად ჩაიჩხრიალა. ხელჩანთა ავიღე, 10 ლარიანი ამოვიღე. თან ვფიქრობდი : თუ მართლა ასეა და არ მატყუებს, ასე იყოს, თუ მატყუებს და, ალალი იყოს, რა ვქნა! აქ მოსვლაც და ჩემი ნახვაც ფული დაუჯდებოდა! ამ კაცმა და მისმა საქციელმა სული ისე დამიმძიმა, რომ უნდა დავეხმარო.

ვინც დაბურული მანქანით დაიარება, თან შავ სათვალესაც ატარებს, ამ ხელმოკლე, მათხოვარ ხალხს ვერც ხედავს და ვერც ეხმარება. მათთვის მიუღებელია ცხოვრების ასეთი წესი. მაგრამ “დრონი მეფობენ და არა მეფენი’’-ო, ნათქვამია. ყველა აღმართს თან ახლავს დაღმართი, მწვერვალს-უფსკრული. მწვერვალის დალაშქვრა მხოლოდ და მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ, რომლებსაც ნათელი და პატიოსანი გზით უვლიათ. სხვისი სიბოროტისა და უპატიოსნობის ხარჯზე გამდიდრებული ვიგინდარები ხშირად მწვერვალიდან უფსკრულში იჩეხებიან.

ისე, თუ კარგად გააანალიზებ დღევანდელ სიტუაციას, მიხვდები, რომ უმეტესობა ხალხისა გამათხოვრებულია, გააჩნია როგორი სახით ან რა ფორმით გამოხატავ შენს გაჭირვებას. გაგამათხოვრა ამ სახელმწიფომ და ისე აქვს ღრმად გადგმული ფესვები მიწაში, რომ ძალიან გაჭირდება მისი ამოძირკვა, ძაან. კი ცდილობს ახალი მთავრობა, მაგრამ წლები დასჭირდება, ათეული წლები… ამიტომაც ეძებ სხვადასხვა გზას, როგორ გამოხატო შენი ყოფა ამქვეყნად. ზოგი ხმამაღლა ყვირის დამეხმარეთო, ზოგიც ხელს იშვერს, ზოგიც ქურდობს, ზოგიც ყაჩაღობს, ზოგიც მუშტარს ეძებს, ზოგიც საზღვარგარეთ გარბის, ზოგიც პაციენტს, ზოგიც კლიენტს, ზოგიც ვეღარ უძლებს ყოველივეს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს…

უკვირს დღეს კაცს სიკეთე და პატიოსნება, რომელიც კიდევ შემორჩენიათ ქართველებს. ამიტომაც ძალიან დამაფიქრა დღევანდელმა შემთხვევამ . ისე კი საინტერესოა, ჩვენი თაობა რომელი კატეგორიის მათხოვარს ეკუთვნის? პასუხი მკითხველმა გასცეს.

მე კი 10 ლარიანი ძლივს დავახურდავე.

- 8 ლარი თქვენ და 2 ლარს მე დავიტოვებ გზის ფულად.

-მე ამ ფულს დაგიბრუნებთ, უღრმესი მადლობა! - ლუღლუღებდა ხმადაბლა, დაჩოქილი, თავდახრილი.

-კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის!

არც სახელი მიკითხავს და არც გვარი, გამოვტრიალდი და დარდით აღვსილი წამოვედი. დაღლილი ნელ-ნელა ამოვუყევი ზევით კიბეებს. მიუხედავად საკუთარი თავის მოტყუებისა, მაინც კმაყოფილი და ამაღლებული გახლდით. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცას, უცნობს რწმენა არ მოვუკალი, რწმენა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაცოცხლებს, რომლის იმედითაც ვიღვიძებთ და…

მოვკალათდი ჩემს ცხელ ოთახში და გავაგრძელე ირაკლი სამსონაძის ‘’ყურთბალიშის’’ კითხვა

მ.ჯაფარიძე

2004 წლის ივლისი





Hosted by uCoz