იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ანეტა და ივანე. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სოფლის პირობაზე მდიდრები იყვნენ, ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ.
ერთხელაც ივანემ უთხრა ანეტას:
-ანეტა! რა მოხდება ერთი ვაჟიშვილი რომ გამიჩინო? რამდენი რამე გაგვაჩნია, მაგრამ ჩვე
ნზე ღარიბი მაინც არავინ არის ამ ქვეყანაზეო.
-მეც ძალიან მინდა შვილი, ყოველ საღამოს ამაზე ვფიქრობ, რა ვიღონოო.- უპასუხა ანეტამ. წავალ ეკლესიაში და შევთხოვ ღმერთს , ეგებ ამისრულოს ოცნებაო.
მეორე დღეს ანეტამ ჩაიცვა თბილად, ჩაალაგა ჩანთაში საგზალი; ძროხა, მამალი და ქათამი წინ გაიგდო და წავიდა საყრდარში სალოცავათ თავისი შესაწირავით.
ეკლესია მთის წვერზე იდგა. ძლივს ააღწია, ძროხა და ქათმები ეზოში გაუშვა, თვითონ აანთო სანთელი, დაიჩოქა ხატის წინ და დაიწყო ლოცვა.
ბევრი ევედრა ღმერთს უშვილოდ ნუ გამიშვებო. მთელი ღამე ეკლესიაში გაატარა. მუხლმოდრეკილი ევედრებოდა და ლოცულობდა. გამთენიის ხანს გამოეცხადა ანგელოზი:
-რა ამბავი მომიტანე ანგელოზო!
-ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ოცნება აგისრულოს, მხოლოდ ერთის პირობით!
-რა პირობაა? ყველაფერს შევასრულებ! -წამოიძახა ანეტამ.
-მისმინე კარგად: შვილი დედის სხეულის ნაწილია. ამიტომ, ნეკა თითს თუ მოიკვეთ, ნეკა თითის ზომის შვილს მოგცემო. ყოველი კეთილი საქმის გაკეთებისას იგი სიმაღლეში 1სმ-ით გაიზრდება, ხოლო ცუდი საქმის გაკეთებისას 10სმ-ით დაპატარავდებაო.
მაშინვე მოიკვეთა ნეკა თითი ანეტამ, მისი თითი პატარა ბიჭუნათ იქცა, გახარებულმა ანეტამ პირმშო ჩაიკრა გულში და თავის უბეში ჩაისვა. ღმერთს დიდი მადლობა გადაუხადა და სახლისაკენ გასწია
გზაში სულ ნეკა ბიჭს ეალერსებოდა და თან ხელით ამოწმებდა და ეკითხებოდა როგორ ხარო. გახარებული დედა სწრაფი ნაბიჯებით სახლისაკენ მიიჩქაროდა, როცა ვიღაცის კვნესა შემოესმა. .გაიხედა მარჯვნივ და ხედავს, რომ პატარა ბაჭია დედას დაჰკარგვია, ფეხი უტკენია, ტირის და თან შიშისგან კრთის. მივიდა ანეტა კურდღელთან, აიყვანა ხელში და ეუბნება:
-ამ სიბნელეში აქ რა გინდა? შე საწყალო ფეხი როგორ გიტკენია! მოდი პატარავ, ნუ გეშინია! ნაჭრით შეუხვია ფეხი და ჩაისვა უბეში ნეკა ბიჭთან ერთად და განაგრძო გზა.
მირბის ანეტა. თან გულში იხუტებს ნეკა ბიჭს და ბაჭიას. უცებ მას ჩიტების ტკრიაცი შემოესმა. აიხედა ზევით და ხედავს, რომ ჩიტის ბუდიდან ბარტყები იყურებიან, წიოკობენ, ერთი ბარტყი გადმოვარდნილა და ფრთა მოსტეხია. ჭყივის საწყალი, ფართხალებს, ტკივა მხრის ძვალი. აიყვანა ანეტამ ხელში და ეკითხება:
-დედა სად არის?
-საჭმლის საშოვნელად გაფრინდა! - უპასუხა შეწუხებულმა ჩიტუნამ.
ანეტამ შეუხვია მოტეხილი ფრთა ჩიტუნას, ჩაისვა ისიც გულის უბეში და გაუდგნენ გზას.
მოსაღამოვდა, ჩქარობს, გარბის ანეტა, სულ ცოტაღა დარჩა სოფლამდე. ხედავს პატარა მურიკელა სახლის პატრონს გარეთ გამოუგდია და დედასთან არ უშვებს. აიყვანა ლეკვი ანეტამ და მოეფერა:
-წამოდი ჩვენთან იცხოვრეო და წამოიყვანა სახლში. როგორც იქნა მოვიდნენ. ივანემ რომ გაიგო ნეკა ბიჭის ამბავი, ხელის გულზე დაისვა, ფრთხილად გულში ჩაიკრა შვილი, ბევრი ეფერა და კოცნა. მერე შეეშინდა, რამე არ ვატკინოო, სასწრაფოდ გაუკეთა პატარა სახლი, დადგა მაგიდაზე და მაგიდის გარშემო გახარებულმა ლეკურის ცეკვა დაიწყო.
ანეტამ კი მურიკელა ბუხართან დასვა და ჯამით საჭმელი დაუდო, ბაჭიას და ჩიტუნას იარები მოუშუშა.
გათენდა თუ არა პირველი ნეკა ბიჭი წამოხტა:
-მამა საქმე მაქვს უნდა წავიდე!-შესძახა ივანეს.
-რა საქმე გაქვს ასეთი- გაკვირვებულებმა ჰკითხეს ივანემ და ანეტამ
-ხომ იცით, რომ ბევრი კეთილი საქმე თუ არ ვაკეთე არ გავიზრდები!
-არ დაგავიწყდეს, რომ ამ ქვეყნად ბევრი ეშმაკი დადის და არ შეგაცდინონ! მიუგო ივანემ.
-ღმერთი ჩვენსკენო დაიყვირა ნეკა ბიჭმა და გამოძვრა კარების ჭუჭრუტანიდან. მისი სიგრძე სულ 10სმ- იყო.
დარდიანი თვალებით გააცილეს ნეკა ბიჭი მშობლებმა.
წავიდა ნეკა ბიჭი სიმღერ-სიმღერით. მიირბინა მურიკელას დედასთან. ძაღლი დიდი ჯაჭვებით დაება პატრონს. გაავებული ყეფდა და თან თავის პატარა მურიას ეძებდა.
-შენი მურიკელა ჩვენთან არის, ნუ გეშინია არაფერს დავუშავებთო დაამშვიდა ძაღლი ნეკა ბიჭმა.
-დიდი მადლობა კეთილო ბიჭო, მეგობრად მიგულეო. უპასუხა გახარებულმა ძაღლმა.
წამოვიდა ნეკა ბიჭი სიმღერით, თან გრძნობს, რომ 1სმ-ი მოემატა. შევიდა ტყეში, ხედავს კურდღელი დარბის გამწარებული, ეძებს თავის შვილს და ვერ პოულობს, მიხვდა ნეკა ბიჭი, რომ თავის ბაჭიას დაეძებს.
-ნუ სწუხარ კურდღელო. შენი შვილი ჩვენთან არის, ფეხი აქვს ნატკენი აი იქ! წადი და წამოიყვანეო.
-დიდი მადლობა ნეკა ბიჭო სიკეთისათვის, მეგობრად მიგულეო-უთხრა ბაჭიამ და მოჰკურცხლა.
ნეკა ბიჭმა კი განაგრძო გზა და სიმაღლეში კიდევ 1სმ-ით გაიზარდა. გზაზე ხედავს, რომ ბეღურა დაფრინავს, ჭიკჭიკებს და ეძახის თავის ბარტყს.
-შენი ბარტყი ჩვენთან არის აი იქ! ფრთა აქვს მოტეხილი, წადი და წამოიყვანეო- შესძახა ნეკა ბიჭმა.
-დიდი მადლობა კეთილო ბიჭო, მეგობრად მიგულეო- უთხრა გახარებულმა ბეღურამ და გაფრინდა.
ნეკა ბიჭი დასასვენებლად ხის ძირას წამოწვა, და მიეცა ფიქრებს:
-ეჰ! როდის გავიზრდები? ჯერ მხოლოდ სამი სიკეთე გავაკეთე, და მხოლოდ 13სმ-ი ვარ, მიწაზე ძლივს ვჩანვარ, ჩემს ტოლ ბიჭუნებში როდის ვითამაშებ? ამ ფიქრებში იყო, რომ გამოეცხადა ანგელოზი და ეუბნება:
-ნეკა ბიჭო ნუ სწუხარ, ჯერ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ერთი გახსოვდეს:
სიმაღლეს რა ჭკუა აქვს, მთავარია სიკეთით იყო ამაღლებული და ბევრი, ბევრი მეგობარი გყავდეს გვერდით.
10 სიკეთე - 1 ბოროტების ტოლფასია, ამიტომ ბევრი სიკეთე უნდა აკეთო, რომ ეშმაკმა არ გაჯობოს.
ახლა კი გულდასმით მისმინე: ცხრა მთის და ცხრა ზღვას იქით ცხოვრობს მზეთუნახავი თებრონია.
თებრონია ძალიან კეთილი გოგო იყო და მისი უხვი სიკეთის გამო ეშმაკებმა იგი ცხრაკლიტულში გამოკეტეს, იმის შიშით, რომ ქვეყანაზე სიკეთეს არ ეზეიმა. საწყალს არც საჭმელს აძლევენ და არც სასმელს. მისი ერთადერთი გასართობი ფანდურია, უკრავს მასზედ და მღერის. სიმღერით იკვებება და დაკვრით წყურვილს იკლავს. ვინც მისი გადარჩენა გადაწყვიტა, ყველა გააქვავეს. თებრონია კი დღითიდღე ლამაზდება და მშვენიერდება. წადი მასთან და უშველეო.
წამოხტა ნეკა ბიჭი, შეებრალა თებრონია, შეუყვარდა კიდეც. გაუდგა გზას, რათა ტყვეობიდან დაეხსნა იგი.
ერთი მთა გადაიარა, მეორე, მესამე, თან გზაში სულ სიკეთეებს თესავს ნეკა ბიჭი, უკვე 25 სმ-ია. დაიღალა ნეკა ბიჭი. მოძებნა ხის ფუღურო, შეძვრა შიგნით და დასასვენებლად წამოწვა. მოულოდნელად ხმა შემოესმა:
-ე! ე! მოდით აქ, ახალი ამბავი უნდა გითხრათ!
-რა მოხდა და კეთილი თებრონია ხომ იცით? ღმერთს გაუჩენია ვინმე ნეკა ბიჭი და გაუგზავნია თებრონიას დასახსნელად. უკვე 15 სიკეთეც ჩაუდენია, თუ დროზე არ დავიჭირეთ, ხომ იცით, რომ დავმარცხდებით და ამ ქვეყანაზე სიკეთე გაიმარჯვებს, ჩვენ კი ცეცხლში ჩაგვფერფლავენო.
-როგორ დავიჭიროთ ა!! რა ვქნათ!?
-რა, რა მოხდა!
ნეკა ბიჭმა ყურები ცქვიტა, თან შეეშინდა არ გაიგონ აქ რომ ვზივარო და გაინაბა, სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-რა ვქნათ და ჩვენს გამოქვაბულში შევიტყუოთ. იქ ბევრი ოქრო და ვერცხლია, გაერთობა, დაათვარიელებს იქაურობას და ამასობაში მზეც ჩავა, კლდე დაიკეტება და იქიდან ვეღარასოდეს გამოვა თუ ჯადოსნურ სალამურზე ვინმემ არ დაუკრა.
რა იცოდნენ ეშმაკებმა თუ ნეკა ბიჭი ამას უსმენდა.
გათენდა, თავი გამოყო ფუღუროდან ნეკა ბიჭმა, გაიხედ-გამოიხედა, დაიხურა თავზე სვანური ქუდი, ჩამოხტა ხიდან და გაუდგა გზას. ხედავს თხის ფარა მოდის, ერთი ბატკანი ჩამორჩათ, კოჭლობს საწყალი, ვერ ეწევა ფარას. მიირბინა ბატკანთან, თურმე ფეხში ხიჭვი აქვს შერჭობილი, უმალ მოაცალა ნეკა ბიჭმა ბატკანს ეკალი.
-დიდი მადლობა, კეთილო ბიჭო, მეგობრად მიგულეო; მიაძახა ბატკანმა და კუნტრუშით, შეერია ფარას.
ნეკა ბიჭმა კი განაგრძო გზა. სიმაღლეშიც მოიმატა. მიდის და მიიმღერის. აგერ სუფთა, კამკამა მდინარე მოჩუხჩუხებს, კალმახებით არის სავსე. ხედავს მეთევზე ზის და თევზაობს. გვერდზე გუბე გაუკეთებია. დაიჭერს კალმახს და აგდებს გუბეში. ყვირიან კალმახები, შველას ითხოვენ.
-გვიშველეთ, გვიშველეთ!
შეეცოდა ნეკა ბიჭს კალმახები და სასწრაფოდ გაუშვა მდინარეში.
-დიდი მადლობა ნეკა ბიჭო, მეგობრად გვიგულეო. ხტოდნენ წყალში კალმახები და ნეკა ბიჭს მადლობას უხდიდნენ.
გახდა ნეკა ბიჭი 32სმ, ძალიან უხარია. აგრძელებს თავის გზას. ხედავს სისხლის ნაკვალევია მიწაზე. შეწყვიტა სიმღერა და გაჰყვა სისხლიან გზას. ნაკვალევმა გამოქვაბულთან მიიყვანა. შევიდა ნეკა ბიჭი გამოქვაბულში. იქაურობა ოქროთი და ვერცხლით იყო სავსე. იქვე გაქვავებული ადამიანები, ცხოველები და ფრინველებიც იყვნენ. გაკვირვებული ათვარიელებდა ნეკა ბიჭი იქაურობას. შემოესმა კვნესა, მოიხედა და დაინახა რომ შველია ბარძაყში ისრით დაჭრილი. ეცა ისარს ნეკა ბიჭი და გაუჭირდა ამოძრობა.
-ცოტაც მოითმინე, ეხვეწება ნეკა ბიჭი
მოიკრიბა ძალ-ღონე და ისარი ძლივძლივობით ამოაძრო. შვებით ამოისუნთქა შველმა, მადლობა მოუხადა და მეგობრობა შეჰფიცა.
ნეკა ბიჭს გაახსენდა ეშმაკების ნათქვამი. მზე ჩასვლას აპირებდა.
-მზე ჩადის, აქედან უნდა გავასწროთ, თორემ ჩვენც გავქვავდებითო.
-მე ვერ შევძლებ სიარულს, შენ თავს უშველე, ჩემი ლამაზი ქალბატონის, თებრონიას ნახვას მაინც ვეღარ შევძლებ და ამ გაქვავებულ ხალხს რომ უყურებ ესენი ჩემი სოფლის კეთილი მაცხოვრებლები არიან, მათთან მირჩევნია სიკვდილიო.
-წადი ჩქარა, წადი, თავს უშველე! მიუგო დაუძლურებულმა შველმა.
ვეღარ ასწრებდა ნეკა ბიჭი მის გამოყვანას. მზე უკვე ჩადიოდა. ისკუპა ნეკა ბიჭმა, ძლივს გამოასწრო. კლდე ხმაურით ჩაიკეტა. ნეკა ბიჭი შეძვრა ბუჩქის ქვეშ, დაიფარა ფოთოლი და დაღონებული მიეცა ფიქრებს. ფიქრობდა დაჭრილ შველზე, თებრონიაზე, გაქვავებულ ხალხსა და ამდენ ბოროტებაზე. სად ან როგორ ვიშოვო ჯადოსნური სალამური, რომ ვუშველო ყველას? ამ ფიქრებში ღრმად ჩაეძინა.
ეშმაკები შეიკრიბნენ გამოქვაბულის წინ. მსჯელობდნენ და თან გეგმებს აწყობდნენ, თუ როგორ შეუშალონ ხელი სიკეთის მთესველს-ნეკა ბიჭს.
-ო! რა სულზე გამოგვასწრო?
-ცოტაც და დაიკეტებოდა გამოქვაბული!
-ეხლა რა ვქნათ? როგორ შევიტყუოთ გამოქვაბულში?
-მაგი ისეთი კეთილი ბიჭია, განსაცდელში მეგობარს არ მიატოვებს და ხვალ ისევ დაბრუნდება გამოქვაბულში შველთან, თანაც იმ ოხერმა დაჭრილმა შველმა თებრონია ახსენა! ჯერ მთლიანად გაქვავებული არ იქნება და ლაპარაკს შეძლებს!
-სუფრა გაუშალოთ, ბიჭი მოშიებული იქნება და მოწამლულ საჭმელს წაეტანება. შეჭამს და ჩაეძინება.
-ხო, ჰა! ჰა! ჰა!
-ამასობაში მზეც ჩავა და გამოქვაბულიც ჩაიკეტება
-ხა! ხა! ხა!
დაღლილი იყო ნეკა ბიჭი და ისე ღრმად ეძინა, რომ გათენება ვერ გაიგო, მზე ზენიტში იყო ასული. სასწრაფოდ გაიქცა გამოქვაბულში შველის სანახავად. შველს ფეხები, ტანი, და კისერი უკვე გაქვავებოდა, მხოლოდ თავიღა ჰქონდა დარჩენილი.
-ვერას მიშველი ნეკა ბიჭო! წადი, გაეცალე აქაურობას! შვევებ-სვენებით, ხმამიხდილმა მიუგო შველმა.
-სად ვიპოვო ჯადოსნური სალამური? ჰკითხა ბიჭმა.
-შენ თვითონ უნდა გააკეთო, მხოლოდ ჯოხი, რისგანაც სალამურს გააკეთებ ჯადოსნური უნდა იყოს. თებრონიას ფანდურიც ასეთივე ჯადოსნური ხისგანაა გამოთლილი. ასეთი ჯოხი ძნელი მოსაძებნია, გარედან ხავსითაა დაფარული, შიგნიდან კი სისხლივით წითელია, თუ კეთილი ხელი შეეხო გაიცინებს, თუ ბოროტი იტირებს. თებრონიას ფანდური სულ მღერის იმიტომ, რომ იგი კეთილი გოგონაა, ეხლა კი წადი თავს უშველე და თებრონია გადაარჩინე, უკვე ენაც მალე გამიქვავდება და ვეღარაფერს გეტყვი.
მე ეშმაკებმა დამიჭირეს და ჩემს ნაკვალევზე მოგიყვანეს აქ, რომ შენ ხელი შეგიშალონ! წადი. . . ცრემლი გადმოუვარდა თვალებიდან შველს. ეცა ნეკა ბიჭი შველს, მაგრამ გაყინული, ქვად ქცეული ნუკრი უსიცოცხლოდ იდგა.
ცრემლი მოადგა ნეკა ბიჭს, გამწარდა, რომ შველს ვერაფრით შველოდა. იქვე სუფრა შენიშნა ცხელ-ცხელი კერძებით: შემწვარი ქათამი, გოჭი, ხაჭაპურები და ნაირ-ნაირი წვენები. მოშიებული ნეკა ბიჭი, ეცა ხაჭაპურს, მზესავით ანათებდა და სუნიც მადის აღმძვრელი ჰქონდა. აიღო ხელში და ის ის იყო უნდა ჩაკბიჩოს, შემოესმა ძლიერი ხმაური. მოიხედა და ხედავს რომ შველის გაქვავებული სხეული ძირს დანარცხებულიყო. ჩამოტყდა სახის ნაწილი და უკანასკნელი სიტყვა აღმოხდა საწყალს:
- არ შეჭამო, მოწამლულია, გაიქეცი!
გადმოაგდო პირიდან ლუკმა ნეკა ბიჭმა და გარეთ გამოვარდა. ჩაიკეტა გამოქვაბულის კარები,
ნეკა ბიჭს შიგ ჩოხა მოჰყვა, გამოძვრა ჩოხიდან და დარჩა პერანგის ამარა. გააგრძელა გზა. გზადაგზა ყველა ხავსიან ხეს ამოწმებდა.
ეძებდა ჯადოსნურ ხეს, მაგრამ ვერა და ვერ იპოვა იგი. ასე გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა. ძალიან დაიქანცა ნეკა ბიჭი.
ჯადოსნური ხე ვერსად იპოვა და დიდი მუხის ძირში წამოწვა დასასვენებლად.
რა რბილი საწოლიაო, გაიფიქრა ნეკა ბიჭმა, ფოთლები მისწი-მოსწია, ხელები თავქვეშ ამოიდო და ფიქრებს მიეცა.
საიდანღაც სიმღერის და სიცილის ხმა შემოესმა. წამოხტა მიიხედ-მოიხედა, ვერავინ დაინახა.
ისევ წამოწვა, ისევ გამეორდა სიმღერის და სიცილის ხმა. ისევ ვერავის ვერ მოჰკრა თვალი.
ვიღაცა კი იცინის გულიანად. დააკვირდა ნეკა ბიჭი და ხმა ქვემოდან, მიწიდან ამოდის.
გაუკვირდა, მუხის ფოთლები გადასწია და რას ხედავს.
მწვანე, ფუმფულა ხავსია მოფენილი ძირს, მუხის ფესვებზე. ხავსი ფაქიზად მოაშორა და სისხლივით წითელი ხის
ნაფოტი იცინის. გახარებულმა ბიჭმა წითელ ხეს ეამბორა, დანით ამოჭრა და სალამურის თლა დაიწყო.
ჯადოსნური ჯოხი რასაც დაადო, ყველაფერი გამოცოცხლდა. გააკედა ნეკა ბიჭმა სალამური და დაუკრა მასზე.
ყვავილებმა გაშლა დაიწყეს, ბალახი აბიბინდა, ჩიტები აჭიკჭიკდნენ, ყინული გადნა, მიწიდან ზაზუნებმა,
თხუნელებმა და მინდვრის თაგვებმა თავები გამოჰყვეს, მდინარეები არაკრაკდნენ და ხეებმა ნაყოფი მოისხეს.
ირგვლივ ყველაფერი სამოთხეს დაემსგავსა.
ნეკა ბიჭი კი გრძნობს, რომ იზრდება თვალსა და ხელს შუა და ძალაც ემატება. ამასობაში მიადგა სასახლეს სადაც თებრონია ჩაეკეტათ, მოესმა ფანდურის ხმა და სიმღერა.. მიხვდა, რომ თებრონია მღერის.
სალამურის დაკვრის ხმაზე გამოქვაბულშიც დაიწყო გაქვავებულმა ხალხმა გამოცოცხლება. ყველანი იქ მყოფნი გამოვიდნენ გარეთ და გამოემართნენ თებრონიასკენ. წინ კოჭლობით შველი მიუძღოდათ.
ნეკა ბიჭმა დაამტვრია პირველი ჭიშკარი, მეორე, მესამე... მერვე, მეცხრე და ხედავს- ულამაზესი მზეთუნახავი, დიდი, შავი, ბრიალა თვალებით, წაბლისფერი თმების 6 ნაწნავით, თეთრი პირსახით, ზის მოწნულ სკამზე, უჭირავს ჯადოსნური ფანდური და მღერის. აივსო სასახლე ხალხით. მივარდა შველი თავის პატრონს. გახარებულმა თებრონიამ ნებიერა გულში ჩაიკრა, მოეფერა, ნატკენ ფეხზე ხელი მოუსვა და მოუშუშა იარა.
მისი მხსნელი ნეკა ბიჭი კი ახოვან ჭაბუკად გადაქცეულიყო, რომლის დანახვისთანავე თებრონიამ მორცხვად თვალები დახარა და გულში ჩაეკრა. ვაჟმა გოგონა ხელში აიტაცა და სოფელში ანეტასთან და ივანესთან წამოიყვანა, სადაც ლამაზი ქორწილიც გადაიხადეს. სუფრაზე
უხვად იყო მოხარშული თევზე, შემწვარი ბატკანი და მწყერები, ბოსტნეულის კერძები. მურიკელა გარეთ მექორწილეებს იცავდა და ბოროტს არავის უშვებდა. ანეტა და ივანე ძალიან გახარებულები იყვნენ და შესცქეროდნენ ნეფე-პატარძალს. რადგან სიკეთემ იზეიმა და ბოროტებას ბოლო მოეღო ეშმაკებს ამ ქვეყნად აღარ დაედგომებოდათ და მიწის ბნელ უფსკრულში გაუჩინარდნენ.
მარინა ჯაფარიძე
2004 წ.