Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

რაჭა

ჩემი წინაპრები არიან წარმოშობით ონის რაიონიდან სოფელ ღარიდან. ჩემი ბაბუა - მინა ჯაფარიძე, ალიოშა ჯაფარიძის ბიძაშვილი იყო, ბიძა ბუკურა და მამიდა ირა ჯაფარიძეებთან მაქვს გატარებული ბავშვობის საუკეთესო წლები. მამა – გოგი ჯაფარიძე, ქ. რუსთავის დამსახურებული ექიმი, ამჟამად პენსიონერი. ჩემი შეგნებული ცხოვრება დავუკავშირე სვანიძეების დიდი ოჯახის წარმომადგენელ – ბადრი სვანიძეს. ღვთის განგებამ რაჭის ულამაზეს და უმშვენიერეს კუთხეში – შოვში გაგვაცნო ერთმანეთს და აგერ უკვე 30წელია ვარ მათი რძალი. ამა თუ იმ პრობლემებმა, რომელიც ომიანობის წლებმა წარმოშვა, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ საკმაო დროით დაგვაცილა რაჭას და ისე გაირბინა 15 წელმა, რომ ვერც კი ვიგრძენით. მეც და ჩემს მეუღლესაც ეტყობა ასაკმა და ბავშობის ტკბილმა მოგონებამ რაჭა მოგვანატრა, იმ კუთხის მოფერება მოგვინდა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი წარსული ხიბლავდა გონებას და მიზნად დავისახეთ დაკარგული წლების აღდგენა გალამაზება. ეს ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ კიდეც.

ამბროლაურში ჩასულებს ბევრი რამ დაგვხვდა გასაკეთებელი, ასაშენებელი თუ გასამაგრებელი. ყველაფერთან ერთად გულმოსაკლავად გამოიყურებოდა ოთახის კუთხეში მდგარი ფორტეპიანო “ბელარუსი”. მთლად დამტვერილს, კლავიატურა ჩავარდნოდა. ზოგ ადგილს წვიმის წვეთებს მისი შავი ზედაპირი გაეცრიცა, ხის ნაწილი ამოებურცა. შუაგული მთლად ამოგლეჯილი და აბლაბუდებით სავსე ჰქონდა. ერთ დროს ხომ ამ ოჯახში სიმღერა, მხიარულება და ჟრიამული სუფევდა. –ნუთუ იქნება ვინმე ამბროლაურში რომ ეს ააწყოს? – გავიფიქრე და ვთხოვე ნაცნობებს დახმარება. რამოდენიმე დღის შემდეგ სტუმრად მზეზე გარუჯული, ცისფერთვალება, ჭაღარა, თმებ-შევერცხლილი პატარა ტანის ქალბატონი მესტუმრა. ის ნანული გოგშელიძე გახლდათ. გავიცანით ერთმანეთი. ამ პატარა სხეულში დიდი სული დაბინავებულიყო. მას როგორც გავიგე დედა ტერეზასაც ეძახიან. პიროვნება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შრომობდა და ცხოვრობდა მხოლოდ სხვისთვის. იგი გახლდათ მუსიკათმცოდნე, პიანისტი, გიტარისტი, მომღერალი, დიდი ხელოვანი, რომელიც დღეს სულ სხვა სახის სამუშაოთი იყო დაკავებული. მას დარჩა წარსულის მოგონებები, რომლითაც ამაყობს და მისი გახსენება დიდ ტკივილთან ასოცირდება და საბოლოოდ ცრემლებით თავდება. ნანულიმ გამიცნო თუ არა პირველი წინადადება ეს იყო: - დრო ჩემთვის ძვირფასია! შეხედე ჩემს ხელებს! მე მიწაზე ვმუშაობ და ცოტა დრო მაქვს! ფორტეპიანოს ავაწყობ, მაგრამ ნელა! მე არ მივეცი თავს უფლება, რომ სვანიძეების ოჯახში არ მოვსულიყავი! ამ სახლში ცხოვრობდა ამბროლაურის ელიტა. ექვსი დედმამიშვილი და მათი მონაგარი. სიკეთე, ცოდნა, პატიოსნება და ერთმანეთის სიყვარული ტრიალებდა გარშემო. ყოველთვის ყველას უხაროდა აქ მოსვლა! მომენატრა ინტელიგენციასთან შეხვედრა! რა ვქნა, ვერ შევძელი ვაჭრუკანობა ვიყიდო და გავყიდო. კერკეტი კაკალივით მაგარი გამოვდექი და ჩემს და-ძმას შორის მხოლოდ მე შევძელი მიწაზე მუშაობა. ამიტომაც მომყავს ყველაფერი, რაც ჩვენს მადლიან მიწაც შეუძლია მოგვცეს! მათ შორის მცენარეები, 80- სხვადასხვა ჯიშის ვარდების ნერგი მაქვს გახარებული, სხვადასხვა ციტრუსოვანი და ტროპიკული მცენარეები და სწორედ ესენი არიან ჩემი თანამოაზრენი და თანადგომნი. . .

მან მართლაც დაიწყო ფორტეპიანოს აწყობა, მაგრამ ვერ დაამთავრა. ვიმედოვნებ, რომ წელს დაამთავრებს. იმედი მაქვს, რომ ნანულიც შეიცვლის სხოვრების წესს და დაუბრუნდება მისთვის საყვარელ საქმეს. აღზრდის ნიჭიერ თაობას. ასეთ ხალხს მოძიება და გაფრთხილება სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ ამბროლაურის მერიასთან არსებული კულტურის განყოფილება დაეხმარება ნანული გოგშელიძეს დაუბრუნოს თავისი კუთხე, რომელშიც სასუთად ინახება მუსიკალური საკრავები და სხვაგან გადაიყვანს მის საკუთარ ფართში დროებით შეხიზნულ სამღვდელოებას. წელს ჩვენი ბაღის განაშენიანება ქალბატონ ნანულის დახმარებით მოხდა და ჩარგულ იქნა 53 ჯიშის სხვადასხვა მცენარე. დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში ჩვენი კარ-მიდამო წალკოტად იქცევა და მრავალ სტუმარს დაუვიწყარ სიამოვნებასა და სითბოს შესძენს.

რაც შემეხება მე - ვარ ოთხი შვილის, სამი შვილიშვილის, ათი ბავშვის ნათლიდედა. პროფესიით ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 15 სამეცნიერო ნაშრომისა, ორი წიგნის, ზღაპრის და მრავალი მოთხრობის ავტორი.

ხელოვნებაში აქტიურად ვმუშაობ 8 წელია, რაც უკავშირდება ჩემი შვილიშვილების დაბადებასა და გადარჩენას. მოთხრობა “ხავერდის ვარდები” და პირველი იკებანა სწორედ ჩემს ტყუპებთანაა დაკავშირებული. ოთხჯერ მქონდა პერსონალური გამოფენა “ქარვასლაში”, “გაერთიანებული ერების სახლში”, “იკებანაში”, “ლაზარეში”. მიღებული მაქვს მონაწილეობა ბევრ ერთობლივ გამოფენაში. ჩემი რამოდენიმე თოჯინა და სურათი არის გერმანიაში კოლექციონერებთან. მაქვს ინტერნეტ გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი გალერეა, ინტერიერი, სურათები, პროზა, ზღაპარი. სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ამბროლაურის კულტურული აღორძინების პროგრამაში და ჩემი უდიდესი ოცნება გამოუშვა ალბომი ჩემი შემოქმედების შესახებ. წელს მინდა ჩემი შექმნილი თოჯინა ბებია ნინუცა გამყრელიძე, რომლის სიმაღლე 1 მეტრია და ამშვენებს მისივე ნამდვილი ნაწნავები (6 ნაწნავი) წავაბრძანო მის კუთხეში – რაჭაში.

მისი ნახვა შესაძლებელია ინტერნეტ გვერდზე ასევე ხელოვნების ნიმუშები, ინტერიერი, ხელით შექმნილი მაგიდები, ფერწერა, იკებანები, თოჯინები, საკარნავალო სამოსი ჩავიტანო ამბროლაურში და ამით სიხარული მივანიჭო რაჭველ საზოგადოებას.

მ.ჯაფარიძე

2006 წ. თებერვალი.





Hosted by uCoz