ვირთხა
რამდენიმე თვის წინ სამზარეულოში სპეციფიკური სუნი ვიგრძენი. უსიამოვნო და შემაწუხებელი. გახშირებული ყნოსვა დავიწყე ფინია ძაღლივით. სუნმა ღუმელთან მიმიყვანა. ქვედა უჯრა გამოვაღე, შავი მარცვლები ვნახე ჩაყრილი. რა მიხვედრა უნდოდა, რომ ცურცლი იყო. დასაფიქრებელი ის იყო, რომ ეს საზიზღარი შავი მარცვლები რაღაც ზომაზე მეტად დიდი მეჩვენა, რამაც სერიოზულ საგონებელში ჩამაგდო. უცებ გავაანალიზე, რომ ჩვენთან, ანუ ჩვენ გვერდით, ჩვენს ოჯახში, ჩვენს სამზარეულოში, იქ სადაც ყველაზე ხშირად ვიკრიბებით და ოჯახისათვის ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხებს ვწყვეტთ, ამ შესანიშნავ გარემოში დაისადგურა ავმა სულმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეშმაკმა, რომელიც მოქმედებს და არ ჩანს, მხოლოდ მისი არსებობის კვალს ტოვებს. მაგონებს მანიაკების ქმედებას, რომლებიც რეკავენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და თვითონ კი არსად ჩნდებიან. ძნელი წარმოსადგენია, როდესაც გამუდმებით ფიქრობ იმაზე, იმ სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, რომ ზედამხედველი დააყენო სამზარეულოში იმისათვის, რომ სადილი არ დააბინძუროს რამემ ან ვინმემ. გაწყობილი მაგიდიდან რაიმე გემრიელი არ მოიპაროს მღრღნელმა, რომელიც უჩინარი ადამიანივით მოქმედებს და, თუ ოჯახის წევრებმა იციან იმის არსებობა შეიძლება საერთოდ აღარც ისურვონ სადილი თუ ვახშამი. ეს გარემო თავისთავად ძაბავს ოჯახურ იდილიას, ირღვევა დისბალანსი ოჯახის წევრებს შორის და მერწმუნე, რომ სულ მოკლე ხანში, თუ დროზე არ აღმოფხვრი ძირითად მიზეზს, დაკარგავ ყველაზე საუკეთესოს - სიმშვიდეს. გეუფლება ზიზღი და შიში. ხდები დაძაბული, აგრესიული. ვერ გავიხსენე ზუსტად, სად, თუ არ ვცდები მცხეთაში ან მარნეულში, მაგრამ ბევრს ემახსოვრება გახმაურებული ამბავი, სამშობიაროში ვირთხამ ახალშობილს ცხვირი რომ მოაჭამა. იმასაც გაიგებდით უეჭველად, ექვსი თვის ფეხმძიმეს რომ უკბინა ვირთხამ. რა აცრები არ გაუკეთეს საწყალს - შავი ჭირის და ცოფის საწინააღრმდეგო. ორსულობის შეწყვეტასაც კი ფიქრობდნენ, რაზეც დედამ სასტიკი უარი განაცხადა. ვისაც ცოფით დაავადებული არ უნახავს კარგია. ვისაც უნახავს ეს საშინელება! არც არასოდეს დაავიწყდება. ავადმყოფის შეშინებული სახის გამომეტყველება, წყლის, ჰაერის, სინათლის, ხმაურის შიში. მცირედი და უმნიშვნელო გაღიზიანებისას როგორ ეწყება საშინელი სპაზმები და კრუნჩხვები ხორხისა და საყლაპავის, რასაც თან ახლავს ნერწყვის დენა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება და სიკვდილის მოლოდინი. ამას წინათ იმედის არხზე კინოფილმი ვნახე, იმან სულ გადამრია. ფილმი ეხება ვირთხებს. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი საშიშები იყვნენ. ბევრი თქვენგანი ნახავდა უეჭველად. ესენი ვინ ყოფილან, ააა! აუ, რა კვლევები ჩაუტარებიათ, შენი ჭირიმე! რა ბრძოლაა გამოცხადებული თურმე! მაშინ არც მიმიქცევია იმ ფილმისათვის ყურადღება, ისე ვუყურებდი რა, დროის მოსაკლავად რომ ზიხარ ხოლმე ტელევიზორთან. სადღაც უმნიშვნელოდ თავიც კი დავიიმედე, რომ ეს არამარტო ერთეულების, არამედ მსოფლიო პრობლემაა. ახლა კი, როდესაც უშუალოდ დავდექი ამ პრობლემის წინაშე, თვალწინ წარმომიდგა მთელი ფილმი. რაზმები სპეციალურად გადიან თრენინგებს, თუ როგორ შეებრძოლონ და მოძებნონ მღრღნელები, როგორ დაეხმარონ ხალხს მორალურად თუ ფსიქოლოგიურად. ყოველივემ საგონებელში ჩამაგდო. დაუყოვნებლივ საქმეს შევუდექი. მოვიტანე სხვადასხვა ზომის ხაფანგები. ზედ მოხალული ნიგოზი და შებოლილი ხორცის ნაჭერი დავაგე, მიმალულ ადგილზე დავდე და დღეში ორჯერ-სამჯერ ვნახულობდი. ისეთ აზარტში შევედი, რომ სხვა არაფერი მახსოვდა, გარდა ხაფანგისა და მღრღნელისა. სამწუხაროდ ხაფანგით ვერ დავიჭირე. მითხრეს რაღაც წებოს შესახებ, სასწრაფოდ ვიყიდე და მუყაოზე დავასხი. ძლივს მოვიშორე ხელიდან, ხელები გამიშავდა და სანამ არ გამიშრა ის ოხერი წებო, ვერ მოვიძრე. მაინც არ გაება მახეში. ახლა სპეციალური ხორბალი მირჩიეს სანეპიდ-სადგურში აქვთო, შეჭამს და წავაო. მეც არ დავაყოვნე და ვიყიდე ოცი ლარის. ათი გრამი ღირს ორი ლარი. ყველგან კუთხეებში, ყველა ოთახში დავაწყვე და თვალთვალი გავაგრძელე. ისე გაზრდილია ის ჩემი ცოდვით სავსე, რომ მხოლოდ სუფრიდან მიირთმევს! შენც არ მომიკვდე! თუ მაგიდაზე დაგრჩა რაიმე გემრიელი, ვარიანტი არ არის, აღარ დაგხვდება. ამას წინათ ხინკლები მოვხარშეთ და ერთი თეფში დავდეთ მაგიდაზე. სანამ ოთახში მოვტრიალდით თეფში ცარიელი დაგვხვდა. ნაკვალევმა იატაკზე მიგვანიშნა. გამწარებული გავყევი. გამოვწიე მაცივარი, კარადები, გაზის ქურა, ვერსად მივაგენი. ერთ კუთხეში პატარა ხვრელი შევნიშნე. მაშინვე ვეცი ბოთლს, დავამტვრიე და მისი ნაფშხვენებით ამოვავსე არსებული ორმო. ამის მერე ყველაფერი დავხეხე და დავრეცხე. მაგრამ რა ხეირი. შედეგი არანაირი. ისევ გრძელდება ვირთხის თარეში. დაფაციცებული ვარ, რომ რამე არ დამრჩეს მაგიდაზე. მივხვდი, რომ ძირიდან არაფერს მიირთმევს, ესე იგი წამალიც მაგიდაზე უნდა დაუდო, სხვა გამოსავალი არ არის. მეც იძულებული გავხდი, ოჯახის ყველა წევრი გამეფრთხილებინა, რომ თერთმეტი საათის შემდეგ მაგიდიდან არაფერი აიღონ. ვერ დავიძინებ, ძალიან მეშინია. ან ვინმეს არ დაავიწყდეს, ან სტუმარი არ შემოვიდეს, ან ასეთი დაძაბული ცხოვრების რითმით დაღლილს არ ჩამეძინოს და დიდ უბედურებას არ გადავეყარო. მოკლედ სიცოცხლე აღარ მინდა მისი გადამკიდე. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სამზარეულოს კარები ჩავკეტო და ამ კარებთან გავატარო ღამე. ახლა იმასაც ვფიქრობ, ვაითუ შიგნით არ არის და ღამღამობით შედის მარტო. რომ მოშივდება და მოადგება კარებს და მე დავუხვდები შესასვლელთან, მე არ მეცეს და არ მომაჭამოს რამე. არ ვიცი მოკლედ რა ჯობია. არა, ალბათ მაინც ჯობია, რომ აქ დავუდარაჯდე. დავლევ ყავას, ჩავიცვამ ჩექმებს, /არადა გაგანია ზაფხულია/, ხელში დავიჭერ ცოცხს, ჯოხს და დავუცდი. მეშინია, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ. რატომ არ წვები? –მეკითხებიან ოჯახის წევრები. მეც რაღაცებს ვბოდიალობ და ვბჟუტურობ, არ მინდა მათი აფორიაქება. თეთრად გამოვათენე ის ღამე. გათენდა თუ არა შევედი ოთახში. არაფერიც არ უჭამია. ეტყობა გარედან შედის. ფრთხილად ავიღე წამალნარევი საჭმელი და ისევ იატაკზე, ერთ-ერთ კუთხეში მივდე. მე კი ნერვებაშლილი წამოვედი დასაძინებლად. მასზე ფიქრი სულ თან დამყვება. თვალწინ მიდგას ნაგავსაყრელი, კანალიზაციის მილები, გახრწნილი ლეში. მე კი თავი მომაქვს, ახალ ბინაში ვცხოვრობ და ვამაყობ, ხან ვის ვეპატიჟები და ხან ვის. აწი როგორ დავუძახებ ვინმეს? წარმოიდგინე ახალი კორპუსი ვერის უბანში, გაპრიალებულ-გაბზიალებული თუ გარედან, თუ შიგნიდან. ათასნაირ ფერებით აჭრელებული. კედლები მუქი ყვითელი ფერისაა, აივნები წითელი, სახურავი მწვანე.მოკლედ. ევროპულ სტილზეა, რომ იტყვიან “პერელივაიუშჩი” ფერებში ლივლივებს მთელი შენობა. მე ამ სახლის მობინადრე, ამჟამად მე-3 სართულზე მცხოვრები, ადრე კი ამავ ადგილზე ბარაკში დაბინავებული ისეთი სამეზობლო გამიჩნდა გარშემო რომ ნურას უკაცრავად.…. . “შპილკებზე”, მაღალ ქუსლიანებზე რომ დაიარებიან, სულ ფორმაში რომ არიან და სულ დაყენებული გაღიმება და სიცილი რომ ამკობთ, აი ისეთები რაა, სახლში რომ აკითხავენ მანიკურშები და პედიკურშები და მასაჟისტები და მანქანები რომ ემსახურებათ და თან დაცვაც რომ დაჰყვებათ, რა ვიცი კიდევ და. . . ჩემს სართულზეა ამნაირი ერთი, სახელათ თეკლე. გათხოვილი და ამავ დროს გამოთხოვილი, განათლებული და ამავ დროს უწიგნური, გემოვნებიანი და ამავ დროს ულამაზო. რომელიღაც პარლამენტარის საყვარელი და უწუ-უწუ, . . . ისეთი რა. . .”სვერხ სვეტცკი” რომ უჭირავს. რომ შემხვდება ვესტიბიულში და ადის ან ჩადის კიბეებზე, მინდა წავეშველო, ისე იღვერება და იგრიხება სიარულის დროს და ისე ადგავს იმ თავის მაკარონებივით უფორმო და თხელ ფეხებს, იმ სიმაღლე ქუსლებზე დგას, რომ სანამ კიბეებს ჩაივლის ან აივლის ჩემი მემართება, ოფლს მასხავს ნერვიულობისგან. შავი გაზიზინებული მერსედესის ფირმის მანქანა ელოდება ხოლმე ქვევით ვესტიბიულთან, დაბურულ შუშებიანი და ავტომატიკაზე რომ მუშაობს, ბოლო მოდელი “პიცოტკას” თუ რაღაც ამდაგვარს ეძახიან. ასეთ სამეზობლოს შეუჩვეველი ისევ ჩემი ძველი იტალიური ეზო მერჩივნა. კარები არასდროს მქონდა კლიტითა და ურდულით დაკეტილი და ხან ვინ და ხან რაზე არ შემოდიოდნენ ჩემი მეზობლები ჩემთან ან მე მათთან. გვქონდა ქოთქოთი და ჭორაობა. ძაღლი გვყავდა ეზოში ისეთი, სახელად ბენო, რომ თაგვს და ვირთხას არ აჭაჭანებდა მთელს უბანში. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ერთეხელაც ამ თეკლეს არ დავჭირდი? რატომ თუ იცით? ამ გაზაფხულზე დღე და საათიც კი მახსოვს. მარტის 11 რიცხვი იყო, საღამოს 7 საათი იქნებოდა რომ მოვიდა. გიჟი მარტის თვე ხომ იცით როგორია? მოწმენდილ ცაზე უეცრად დასცხო წვიმამ და ქარი ამოვარდა. გარეთა კარების გაღება გაუჭირდა, ბევრი ეწვალა. ჩხაკუნზე გამოვიხედე, ძლივს გააღო. ოთახში ქარს აივნის კარები და ფანჯრები გაეღო. ისეთი შეშინებული სახე ჰქობდა თეკლეს რომ უკან გამობრუნდა დერეფანში, დამინახა და შემომჩივლა: - მე თქვენი მეზობელი თეკლე ვარ, მეშინია, ეგებ პატივი დამდოთ და შემომყვეთ! ერთად შევედით. თან ვამშვიდებდი, თან ვათვალიერებდი იქაურობას. ე, მაგას ჰქვია ევრო რემონტი. რა ბზიალებდა იქოურობა! შეკიდული ჭერი, ლამინატის იატაკი, კარ-ფანჯარა ეგეთი რეკლამებში მინახავს მარტო. კარგი დიდი ტელევიზორი, მოკლედ უმაღლესი ტექნიკა. აივანზე რკინის მოხატული დამცავები ვერცხლისფრად ელავდნენ. არავინაც იქ არ იყო შესული. კარ-ფანჯარა მივხურე და საკეტით ჩავკეტე. თვითონაც მიმოათვალიერა ყველაფერი: უჯრები, კოლოფები, ყუთები. რომ დარწმუნდა ყველაფერი თავის ადგილზე იყო დაწყნარდა, სპილოს ძვლისფერ ტყავის სავარძელში ჩაეფლო, ფეხი ფეხზე გადააჯვარედინა, ჩანთიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო და მოუკიდა. სიგარეტი მეც გამომიწოდა და იქვე მის წინ მაგიდაზე დადო ორივე. მადლიერების გრძნობით შემომხედა, მადლობა მომიხადა.
-თქვენი სახელიც კი არ ვიცი გეთაყვა!
-ნანა, ჭირიმე- ვუპასუხე
-საქმეს მოგაცდინეთ ალბათ! – და სიგარეტი გააბოლა. – ძაან მშიშარა ვარ, ისეთი, რომ აუტანელი, ალბათ ფიქრობთ რომ გიჟი ვარ, მაგრამ არა! მშიშარა ვარ. ღამე ანთებულ შუქში ვიძინებ, შრიალის და ფაჩი-ფუჩს ვერ ვიტან! – ყავას ხომ არ ინებებთ! – თქვა და იქვე მაგიდის უჯრიდან შოკოლადის კოლოფი ამოიღო და გახსნა.
-აი მაგაზე კი უარს ვერ გეტყვით –ვუპასუხე და ავიღე ლამაზ პრიალა ქაღალდში გახვეული შოკოლადი. ძალიან გემრიელი იყო. რაფაელოზე უფრო, ჩამადნა პირში და კიდევ მომინდა. ეტყობა შემამჩნია და კიდევ შემომთავაზა და მეც ნაგლად კიდევ ავიღე და პირი ჩავიტკბარუნე.
ასე გავიცანით მე და თეკლემ ერთმანეთი. ის იყო და ის. ზაფხულში აივანზე თუ შევხვდებოდით, მივესალმებოდით და მოვიკითხავდით ერთმანეთს. წარმოიდგინე მის სახლში მღრღნელი და თეკლე ერთად ააა! ასეთ სამეზობლოში არ გინდა გამხელა რა გჭირს? ან ვის გინდა უთხრა?
ხომ მომეჭრა თავი! რა ვქნა? ამ ღამეს ვეღარ გავათენებ ნამდვილად! გამოსავალი აღარ არის! უნდა გავაფრთხილო ოჯახის წევრები და წამალი ისევ მაგიდაზე დავდო სამზარეულოში, კარები კი ღია დავტოვო. ყველაფერი წესისამებრ გავაკეთე და წავედი დასაძინებლად. ვერ დავიძინე. დავლიე კატაბალახას აბები და როგორც იქნა მივსვენდი. ყველამ იცის ხალხური ანდაზა: “მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო”. ჰოდა სიზმარი ვნახე იმ ღამეს ასეთი: შევდივარ სამზარეულოში და აგერ ვირთხა არ არის წამოსკუპებული მაგიდაზე. ვებერთელაა, რუხი ფერის. უკანა თათებზე დაყრდნობილა, კუდი იმ სიგრძე აქვს, რომ იატაკამდე დასთრევს. გამსხვილებული ტანის ბოლო შემდეგ წვრილდება, წვრილდება, ძაფის დიამეტრამდე და გორგლად ქცეულა მაგიდის ქვეშ. წინა თათებში მარჯვენაში - დანა უჭირავს და მარცხენაში - ჩანგალი. მადიანად შეექცევა ჰამბურგერს. დამინახა, გამიღიმა და თავისი საქმე გააგრძელა. მინდა მივუახლოვდე და ვუთხრა სად ბანაობ-მეთქი, მაგრამ ფეხს ვერ ვადგამ. იატაკმა მიმიკრო. ქვედა კიდურები დამიმძიმდა, ვცდილობ ნაბიჯის გადადგმას, ვწვალობ ერთ ადგილზე, ვირწევი, მაგრამ ამაოდ. ამ ჯახირის გამო ოფლს მასხამს. დაჭიმული ვარ ზამბარასავით. უცებ მარჯვენა ფეხში ძარღვი გამეკვანძა. საშინელი წვა ვიგრძენი, ლახტის მოჭერის მსგავსი. სისხლი გამიჩერდა სიმწრისგან. დავიყვირე და ჩემმა საკუთარმა სასოწარკვეთილმა ხმამ გამომაღვიძა. დარეტიანებული თავი წამოვწიე, ისეთი მძიმე გამოდგა, თითქოს ვიღაცას ლოდები ჩაეწყო შიგ. კისერმა ვერ დაიჭირა სიმძიმე და ისევ ბალიშზე დაენარცხა. მთლად ოფლში ვარ გაწუწული. გული ისე ძგერს, რომ ალბათ წუთში ასსზე მეტი იქნება, ფართხალებს რა! უაზროდ ვიხედები ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ვერ გავერკვიე რა ხდება ჩემს თავს. ხელებს ვაფათურებ, ფეხებს დავეძებ, მინდა გავიგო სად და როგორი მაქვს ისინი. საერთოდ ადგილზეა თუ არა. ცოტა ხნის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩემი ფეხები ზეწარშია გახვეული. ზეწარი კი ისეა დაგრაგნილი, რომ მათი გამოთავისუფლება მიჭირს. თითქოს სიზმარი გრძელდება. ისევ ქვედა კიდურების პრობლემაა. დანახვა მინდა მათი და ვერ ვახერხებ. ხელი მოვისვი ყველგან. ცოტაც და გამოვერკვევი. უკვე მივხვდი, რომ ლოგინში ვარ და არა სამზარეულოში. როგორც იქნა ტვინის ნეირონებმა დააფიქსირეს, რომ ცხადში ვარ და არა ეიფორიაში. თვალის კაკლები უაზრო როტაციას აკეთებენ. სიბნელეში აფიქსირებენ სხეულის ნაწილებს, გარემოს, საგნებს. მაგარი ქაოსია გონებაში. უჭირს დალაგება. ვირთხა არსად ჩანს. წამოვიწიე ლოგინზე. დახლართული ზეწარი გადავიძვრე. ფეხები იატაკზე გადმოვწიე. არც მიკრულია, არც მიწეპებული. ჩვეულებრივად გამოიყურებიან. თითებსაც ვამოძრავებ, სახსრებიც შეუზღუდავია. მაგარი დაღლილი ვარ. ნელა წამოვდექი. სიარულიც შემიძლია. გონება დარწმუნდა, რომ არაფერი არ მჭირს და გულიც ნელ-ნელა საგულეში ჩადგა. გავგულისდი, გავმხნევდი, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი. ბინდია, თენდება. ალბათ ხუთი საათი თუ იქნება. ფრთხილად ავანთე სინათლე. მაგიდისკენ გავიხედე. ვხედავ, წამლიანი საჭმელი მიურთმევია ჩვენს გმირს. ძალიან გავხალისდი. იმედი ჩამესახა. წამოვედი საძინებელში და წამოვწექი. ძილი აღარ მეკარება. ფიქრებში გავიფურჩქნე. ვხედავ გასკვანჩულ ბორკილებ- დადებულ ვირთხუნიას. ნეტავ დედალია თუ მამალი? მაგარია, მაინც ხომ გაება მახეში? სადღაც გულის სიღრმეში მეცოდება კიდეც, მაგრამ არა! ის დამანახა ახლა სადმე მობუზული! რას ვუზამ? ჩავცხებ და ჩავცხებ, ცემით გულს ვიჯერებ. მერე შეიძლება მიწა გავთხარო კიდეც. წარწერიანი ქვაც დავადო გულზე: აქ განისვენებს ვირთხა, რომელსაც უყვარდა დანა-ჩანგლით ჭამა. ბარემ ფერწერულ სურათსაც მივახატავ. უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმი გამახსენდა - ტომი და ჯერი. მეცინება, ვხალისობ. თუ კაცი გულით ეძებს -არ შეიძლება არ მიაგნოს. შემეკითხებით რას? რას და იმას, რასაც ეძებ გულდასმით! ამ შემთხვევაში ვირთხუნიას. შემოვევლე, სად ბრძანდება ნეტავ? სააქიმო დახმარება ხომ არ სჭირდება? უფასოა 03, მაშ! პატრულიც უფასოა!
“გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა”. . . დილა ჩვეულებისამებრ დაიწყო. ყველა ადგა, ყველა ჯანმრთელად გამოიყურება. ზოგი სამსახურში წასასვლელად ემზადება, ზოგიც ბაღისთვის, ზოგიც სკოლისთვის. ფუსფუსია ჩვეული. ყველა სამზარეულოში შერბის და გამორბის. დიდიან-პატარიანად ყველას აინტერესებს, შეჭამა თუ არა იმან ის. სიამოვნებით ვპასუხობ – შეჭამა. არ დაგაგვიანდეს! მერედა ის, ზმუკი შენ! ახლა იწყება თავდავიწყება! მიინაბება სადმე და მეზობლის სიამის კატას შემოვიყვან და დაიჭერს! ვუყუროთ სეირს აა!
მთელი დღე მოლოდინში გავატარე. აბა, ახლა გაიჩხაკუნებს სადმე რამე –მეთ-ქი. ჩამიჩუმი არ ისმის. არადა საჭმელი ნამდვილად მაგის შეჭმულია. მოთმინება და მოთმინება არის ჩვენი მთელი ცხოვრების უმთავრესი არსი. არ შეიძლება სადღაც არ გამოჩნდეს! ასე დაბეჯითებით იმიტომ ვამბობ, რომ საჭმელი აქვს ნაჭამი ისეთი, რომ მღრღნელებთან ბრძოლაში მას ახალ ამერიკულ ენაზე “ექსკლუზივი” ჰქვია. მოკლედ, ორმა დღემ გაიარა. ჩემთვის ორ წელს უდრიდა. საღამო ხანია. აფორიაქებული ვარ. თითქოს რაღაც წინათგრძნობა მაქვს რომ დღეს რაღაც უნდა მოხდეს. და ისე აგიხდეს ყველაფერი! მესმის ხმა, რომ ტუალეტში, კარადის ქვეშ ვირთხაა და კუდზე ფეხი დაუდგამთ. – ფრთხილად! კარები ჩაკეტეთ! –ვიყვირე. ახლა იწყება თავდავიწყება. . . შიშმა ამიტანა. ნანატრი წუთი დამიდგა. ჩემდაუნებურად ვიგრძენი, რომ გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ფეხზე ჩექმებს ჩავიცვამ-მეთქი გავიფიქრე. რამ შეიყვანა ის ჩემი ცოდვით სავსე იქ! ახლა მიყუროს, რასაც ვუზამ! ვინ ვის უზამს ისიც საკითხავია! მაგარი დამფრთალი ვარ. ფერი აღარ მადევს, ცივ ოფლს მასხამს. როგორ ჯობია? ტვინის უჯრედები გადავიქექე მომენტალურად. უნდა მოვემზადო ბრძოლისათვის, რა ჯობია და როგორ! ასეთ საკითხში გამოცდილება საერთოდ არა მაქვს. ამხელა არსება არასოდეს მომიკლავს. ახლა კი დავრწმუნდი, თუ რა ძნელია ბრძოლის ველზე გასვლა. ყველა ნაბიჯი უშეცდომოდ და წინდახედულად უნდა გქონდეს გათვლილი. პატარაზე კარი შევაღე, შევიჭვრიტე. გამოწყობილი ვარ ისე, რომ მუზარადი მაკლია. კარის ღრიჭოში ჯოხი შევაკვეტე. კარადის პრიალა ზედაპირმა ჯოხის პირი აისხლიტა. გავიმეორე უფრო მოწიწებით და მოთმინებით. კარადა კედელს მიენარცხა. ჩამიჩუმი არ გამოდის იქიდან. შევიდე? –ვეკითხები ჩემს თავს. ოჯახის ყველა წევრი შეკრებილა და მე მიყურებს, გაყურსულები არიან. უნდა შევიდე, სხვა გზა არ არის! და კიდევ ვკარი ჯოხი პოლიეთილენის გორგოლაჭიან კარადას. ისიც ახმაურდა, კედელს მიენარცხა, აძიგძიგდა უხეშად და თავის ადგილს დაუბრუნდა. ალბათ გაიპარა. გული მომეცა. როგორც იქნა იმ აზრით, რომ იქ აღარავინაა უცებ შევაღე კარი და შევვარდი. კარი შიგნიდან გადავრაზე.
-რაც არის, ის არის! –ვფიქრობ ჩემთვის. ასეთ გამწარებულ სიცოცხლეს ცოფით ან შავი ჭირით სიკვდილი ჯობია! ერთ ხელში ჯოხი, მეორეში ცოცხი მიჭირავს. ტყაპუჭის ჯიბეში აეროზოლი მიდევს. სწორედ ამ დილას შალეული და ბეწვეული შევინახე ჩრჩილისაგან დასაცავად. საშინელი სუნი აქვს. ჩრჩილს კი არა და ადამიანს მოკლავს. ორი საათი გაბრუებული დავდიოდი ოთახში. სანამ არ გავანიავე იქაურობა, კინაღამ დავიხრჩვი. ფეხზე ჩექმები მაცვია, ტანზე სქელი შარვალი. მაგრა მეშინია. იხტიბარს არ ვიტეხ. კარადის ქვეშ ფრთხილად შევიხედე. არავინაა. ახლა კარადის უკან შევიხედე და რას ვხედავ: კარადა ხომ გითხარით პოლიეთილენისაა. იგი ოთხი მოძრავი უჯრისაგან შედგება. ქვემოდან მესამე უჯრის ზედაპირზე, ფაქტიურად ქვემოდან მეოთხე უჯრის ქვედა კიდეზე, ანუ ზემოდან პირველი უჯრის ქვედა კიდეზე წინა თათებით ჩამოკიდებულია ვირთხა. მისი კუდი ქვემოდან მეორე უჯრის ქვემო კიდემდე დასთრევს. გატრუნულია. ეტყობა, გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. მისი გამოხედვა არასოდეს დამავიწყდება. თვალები მომწვანო ფერის, დამფრთხალი, შეშინებული, სახეზე დამცინავი ღიმილი. შენ წარმოიდგინე კარგა ხანს ვუყურეთ ერთმანეთს. ის არც ჩემკენ იწეოდა და არც გაქცევას ცდილობდა. აღარ იყო აგრესიული. გაქვავებულიყო ერთ ადგილზე. წინა თათებით რიკულს ჩაბღაუჭებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ ან მე უნდა დამეწყო შეტევა, ან მას. თვალები მოვაცილე და საქმეს შევუდექი. წამოვდექი. ამოვიღე აეროზოლი და ავტომატის ჯერივით მივასხურე იქაურობას. აუტანელი სუნი დადგა. ამასობაში ტვინმა დააფიქსირა, რომ თუ ზემოდან პირველ უჯრას ჩემკენ გამოვწევ, მას ექნება საშუალება მეორე უჯრაში ჩახტეს და მერე მეც ვიცი და შენც…. . . ცალი ხელით ისევ ავტომატიდან ვისვრი და თან ზედა უჯრას ვწევ. ის ხომ ზედა უჯრის ქვედა კიდეზეა ჩამოკიდებული. ძგაფ! მომესმა როგორ ჩახტა მეორე უჯრაში და სწრაფად ზედა უჯრა მივკეტე ბოლომდე. შევამოწმე ჩემი თავი. გავიხედე კარადის უკან და ის იქ აღარ ჰკიდია. მთელი სხეული მიცახცახებს. მოვერევი კი? რაღა ვქნა ახლა? ცოტა გავთამამდი, იმიტომ რომ ვგრძნობ უკვე ჩემს ხელშია. ნადავლი მინდა შევამოწმო. უჯრა ოდნავ გამოვწიე. მინდა კიდევ ერთხელ დავინახო მისი აღმატებულება. იმ ოდნავ გამოწეულ უჯრას მივუშვირე ის მყრალი აეროზოლი და მივაჭირე ხელი. დავცხრილე რა! ისე ვარ გაბოროტებული, შიში და ზიზღი რომ არ მქონდეს ხელით დავახრჩობ იმ საზიზღარს. სუნი დგას ტუალეტში ისეთი მძაფრი, რომ გაიგუდები. თავს თუ არ ვუშველე წასულია ჩემი საქმე. ნამდვილად მოვიწამლები და აქეთ გავხდები სარეანიმაციო. ტვინი მუშაობს გენიალურად. მესროლა აზრი იმის შესახებ, კარადა ხომ მოძრავია და თან გორგოლაჭებზეა, გააგორე აივანზეო, მდუღარე წყალი დაასხიო. მართლაც დამიჯდა ჭკუაში. ვყვირი რომ წყალი ამიდუღონ ჩაიდნით. რაღაც უცნაურად გაბოროტებული და ულმობელი გავხვდი. თითქოს ჯალათად ვიქეცი. ვერაფერი ვეღარ შემაჩერებს ალბათ. ეტყობა აფექტი ამას ჰქვია. მე მგონი შეურაცხადი გავხდი. ის კი არის გასუსული, ხმას არ იღებს. ხვდება რა გაკაპასებულიც ვარ და იმიტომ. ენერგია მაქვს მოზღვავებული ისე რომ მთას გავიტან, გადავანგრევ, ნაფშვენებად ვაქცევ. დანარჩენი პროცედურა ჰაერზე თუ არ გაკეთდა – გავიგუდებით ორივე ერთად. გავიტანე კარადა აივანზე. აღარაფრის თავი აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. მკვდარი მგონია კიდეც. ჩაიდანიც მომიტანეს. ხელები მიცახცახებს. მარტო ხელები კი არა მთელი სხეული. ოდნავ გამოწეულ უჯრას უნდა დავუმიზნო, რომ შიგ ჩავასხა. მიჭირს ზედა კიდურების დამორჩილება. სადიზმის უკიდურეს ზომას მივმართავ – დახრჩობას. მაინც რა უქნა ამნაირი იმ “ექსკლუზივმა” საჭმელმა? ორი თვის მანძილზე ვერსად მოვკარი თვალი, ყველგან ზოროს ნიშანივით მისი ცურცლი მხვდებოდა ნიშნად მისი არსებობისა, რამაც ასე გამაგიჟა და გამაცოფა.
-ცოცხალია? ნეტავ წამლით იყოს მკვდარი და ჩემი ხელით არა!
რატომ არ იღებს ხმას? – ვფიქრობ ჩემთვის. უჯრა ოდნავ გამოვწიე, შიგ შევიჭყიტე. იქ წევს მობუზული. რუხი ფერის კუდს მოვკარი თვალი. მიუხედავად ყველაფრისა სასიკვდილო ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს. როგორ კლავენ ნეტავ ადამიანებს? ახლანდელი ახალგაზრდები ხომ საოცრად სასტიკები არიან. რამ შეცვალა ისინი? როგორც იქნა ჩაიდანი ავიღე. ტყვიასავით მძიმე მეჩვენა. გარეთ მაგარი სიცხეა. მე ხომ საუკეთესოდ ვარ გამოწყობილი. ერთი მეორეს ემატება, ოფლად ვარ გაღვრილი. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, ღრმად ჩავისუნთქე. ძლივს ავწიე ჩაიდანი და გამოღებულ უჯრაში ძიგძიგით ჩავასხი. - რა მოხდა თუ იცით? ჩემს მტერს იმნაირი ამბავი მოხდა! აფართხალდა ვირთხა და აყვირდა ისე, რომ მთელი სამეზობლო შეყარა. უჯრას ისე ძლიერად ეხეთქება, რომ შესაძლებელია კარადა აყირავდეს! კი არ წრიპინებს, გაკივის! მე, მე, სადისტი კი კარადას ვებღაუჭები და თან მდუღარე წყალს ვამატებ შიგ. ვგრძნობ რომ ძალა მეცლება, ცუდად ვხვდები და გონებაც მებინდება. თანდათან მინელდა კარადის რყევა, ყვირილიც გადავიდა წრიპინში, ნელ-ნელა ხმის ტემბრი შეიცვალა, ძნელად გასაგონი გახდა და გაქრა. აღარ მახსოვს მერე რა მოხდა. გონს რომ მოვეგე, აივნის რიკულზე მიყრდნობილს მეზობლები მასულიერებდნენ. მათ შორის თეკლეს შეშინებულ სახეს მოვკარი თვალი.
მ.ჯაფარიძე
2006 წ. თებერვალი.
|