Marina Japaridze -Salon "Ikebana"






© copyright 2005
webmaster

როცა გეტყვი - ე, გამოიხედე!


ვიქნებოდი 9 წლის. ჩემი ძმა სამი წლით უფროსი იყო ჩემზე. იგი განსაკუთრებული ლამაზი ნაკვთებით გამოირჩეოდა. დახატულ ანგელოზს მიუგავდა პირისახე. ქონდა თეთრი, ხავერდოვანი კანის ფერი, მრგვალ პირისახეს ამშვენებდა შედარებით მოკლე შუბლი და გადაკალმული შავი წარბები, დიდრონი, თაფლისფერი მეტყველი თვალები, პატარა და სწორი ცხვირი (რაც უიშვიათესი მოვლენაა ქართულ გენში), თეთრი, ქათქათა, ლამაზი წყობის კბილები, მოკლე, მრგვალი ნიკაპი,მუქი ალუბლისფერი ფუმფულა ტუჩები, სახე მუდამ მომღიმარე, მარცხენა ლოყა ეჭყინტებოდა. ყურები მომრგვალებული, პატარა ზომის. ერთადერთი თმები არ ჰქონდა ოქროსფერი და კულულებიანი. თმა წაბლისფერი და სწორი, ყოველთვის მოკლედ შეჭრილი ზღარბივით. ხმამაღალი ხარხარი უყვარდა, მთელი პირის ღრუ უჩანდა. სიცილის დროს მთელი სხეულით ცახცახებდა. მისი დამნახავი არ შეიძლებოდა არ აჰყოლოდი, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი, მაინც გაგეცინებოდა და გუნებ-განწყობა შეგეცვლებოდა. ტანად მოსული და ჯანიანი, მაღალი თავის ასაკთან შედარებით და მსუქანა. კისერზე ღაბაბი. ეს საკმაოდ ჩასუქებული სხეული ეყრდნობოდა გრძელ, სწორ და გამოყვანილ ქვედა კიდურებს. გაგიკვირდებოდათ, ისეთი თეძოები ჰქონდა, განსაკუთრებით ზურგის მხრიდან რომ შეხედავდი. ქალს შეშურდებოდა მისი. რამდენჯერ მომიკრავს ყური დედაჩემის ნათქვამისთვის: “ნეტავ ჩემს ქალიშვილს გამოჰყოლოდა ამისი ტან-ფეხიო”. როგორც გარეგნული, ისევე შინაგანი სილამაზეც გააჩნდა. იყო უკეთილშობილესი. შეეძლო მეგობრის გულისათვის თავი გაეწირა. ზედმეტად კეთილსა და მიამიტს, სჯეროდა ყველასი და ყველაფრის. უყვარდა უფროს ბიჭებთან ყოფნა. თავის ტოლებთან და პატარებთან იშვიათად თამაშობდა. მათთან ყოველთვის თავს იწონებდა. მოკლედ, უბანში ყოჩობდა. საქმის გარჩევა მის გარეშე არ ხდებოდა.

უბანში ისე უყვარდა უფროს თაობას, რომ თავისი თვისებებისა და საოცარი ბუნების გამო ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს “ჟუჟუ”, რაც ძალიან კეთილს ნიშნავდა ფრანგული კინოფილმიდან ჟან–გაბენის პერსონაჟის საპატივსაცემად, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ქუჩა-ქუუჩაა, სახლი-სახლია და სკოლა-სკოლაა, და ყველგან თავისი დაუწერელი კანონები მოქმედებს. ჟუჟუ დადებით პიროვნებად ითვლებოდა ქუჩაში, ხოლო სკოლასა და სახლში, მოჩხუბარ, გაუგონარ და დაუდევარ ბავშვად. სიძუნწეს და სიხარბეს ვერ იტანდა, რის გამოც ამ თვისებების მქონე ბავშვებს სულ ეჩხუბებოდა. გოგოებს თმებს აწიწკნიდა და ბიჭებს სცემდა. გაკვეთილზე ჯდომით თუ დაიღლებოდა, შეეძლო თავისუფლად ამდგარიყო და კლასში, თუნდაც საკონტროლო წერისას მასწავლებელივით ევლო წინ და უკან, რის გამოც მასწავლებლები მოთმინებიდან გამოჰყავდა. ის კი თვლიდა, რომ ამაში არაფერი იყო ცუდი. ამიტომაც მუდმივად დაბალი ნიშანი ჰქონდა დისციპლინაში. საწყალი დედაჩემი კი სულ სკოლაში იყო აზუტული, დამცირებული და ანერვიულებული მის გამო. როცა ჭკუის დარიგებას ან ტუქსვას დაუწყებდნენ, იგი გაჩუმებული, თავჩაქინდრული, დანაღვლიანებული სახით გისმენდა. გეგონებოდა, რომ შეიგნო და ინანიებს თავის დანაშაულსო, მაგრამ ნათქვამს ერთი ყურიდან შეუშვებდა და მეორედან გაუშვებდა და რამდენიმე ხანში იმავეს იმეორებდა. სკოლის გაკვეთილების სწავლა არ უყვარდა, სამაგიეროდ კლასგარეშე ლიტერატურაზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით სათავგადასავლო ან დეტექტიურ მოთხრობებზე. შეეძლო გაუთავებლად, მთელი ღამე ეკითხა. ერთი უჩვეულო ჩვევა ჰქონდა. შეიტანდა წიგნს დილას (მამაჩემი ადრე გადიოდა სახლიდან სამსახურში) საპირფარეშოში და საათობით იჯდა უნიტაზზე. ვყვიროდით, ვაბრახუნებდით კარზე, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, არაფერი ესმოდა მანამ, სანამ არ ჩაიკითხავდა თავის საინტერესო გვერდსა თუ თავს. მაპატიეთ გამოთქმისთვის, სულ ცალ ფეხზე ეკიდა ჩაიფსამდა ვინმე ჩვენგანი (ვგულისხმობ ჩემს თავს, დედას და ბებიას) თუ არა. ხშირად იგვიანებდა სკოლაში.

-შე, სასიკვდილე, დაგაგვიანდა, ჩქარა გამოდი და სირბილით გაიქეცი! – იყო ყოველ დილას დედაჩემის და ბებიაჩემის ყვირილი. მიუხედავად მისი სიმსუქნისა, ბებია თითქმის ყოველდღიურად უკეთებდა გოგლიმოგლს. ისე ჰქონდა ხელი გავარჯიშებული თქვეფაზე, რომ შეეძლო ხელის უწყვეტი მოძრაობით ერთი კვერცხის გულით ერთი ჭიქა აევსო თეთრი ფერის ჰაეროვანი მასით.

– არ უნდა შეწყვიტო მორევა, თორემ ჩაგივარდება, - მეტყოდა ხოლმე და გულმოდგინედ ტონური მოძრაობით გოგლიმოგლს ურევდა.მე კი ამ დროს ყოველთვის პირი სავსე მქონდა ნერწყვით და ვერასოდეს პასუხს ვერ ვცემდი. სკოლიდან მოსულს მიართმევდა:

–შეჭამე, ბებო გენაცვალოს, დაიღალე! ისიც ერთი კოვზის მოსმით გადასანსლავდა, ჩაიტკბარუნებდა პირს და ასე გრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება. საჭმელში მწვანილის დანახვაზე ჩხუბობდა. ვერ იტანდა და იმასაც უწურავდნენ. მოკლედ, კულტი იყო ოჯახში. მე საცოდავი კი ჩემთვის ვიყავი და არასოდეს არავის არ ვაწუხებდი, არც პრეტენზიას გამოვთქვამდი ვინმეზე ან რამეზე. რასაც შემომთავაზებდნენ, იმას გეახლებოდით. სულ მშურდა ჩემი ძმის. მეგონა, რომ იმისი ყველაფერი განსაკუთრებული იყო და სჯობდა ჩემსას. მისი საწოლიც კი უცნაური მეჩვენებოდა. არადა, ძველებური საძინებელი გვქონდა, ზუსტად ერთნაირი ორი საწოლით, რომელსაც არაჩვეულებრივი გუმბათები და კაკლის ფესვების ორნამენტები, პეპლები ამშვენებდნენ. ღია ყავისფერი ოქროსფერ იერს ტოვებდა. ხეში ჩახატული ორნამენტები ორივე საწოლს ისე ამშვენებდა და ისეთი ოსტატობით იყო ამოტვიფრული, რომ თვალს სიამოვნებდა და ტყუპის ცალივით ერთმანეთისაგან ვერ გაარჩევდი. მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს მის საწოლში ჩაწოლაზე ვოცნებობდი.

ერთხელაც დედაჩემი სტუმრებს ელოდება და წამოიწყო “ნაპოლეონის” კეთება.გამოაცხო ფირფიტები, მოადუღა კრემი. მეც ვეხმარებოდი დიდი სიამოვნებით. კრემი აივანზე გავდგით გასაცივებლად. ჩემი ძმაც მოვიდა სკოლიდან. ბებიამ, ჩვეულებრივ, გაუკეთა გოგლიმოგლი, მიართვა და დაუწყო გამოკითხვა:

-რა ქენი სკოლაში? როგორ იქცეოდი?

-როგორ და ხუთიანი მივიღე ფიზკულტურაში, მათემატიკასა და ქიმიაში ორიანი. ხომ არ დაურეკავს დამრიგებელს?

-გაკვეთილი არ იცოდი, თუ რა მოხდა?-წაუჩურჩულა ბებიამ.

–მათემატიკაში წერა გვქონდა და ვერ დავწერე, ქიმიაში კი გაკვეთილზე ავთოშკა ვცემე და ტუსკიამ გარეთ გამომაგდო.

–ჰოდა, დაგჟეჟავენ ერთი მაგრად და ღირსიც იქნები. ჰმ, შენ არ მოუკვდი შენს დედას! რაღა ვქნა ახლა, რით ვუშველო ამ სასიკვდილეს, ააააააააა - ჩაილაპარაკა შეწუხებული ხმით ბებიამ. მერე გაახსენდა, რომ დღეს სტუმრები გვეყოლებაო და ეგებ გადაურჩე ცემასო:

- გოგლიმოგლი კი არა და ის ცეცხლი უნდა გაჭამოს კაცმა, რომელიც მე წამიკიდე ახლა. ხვალ კი არ აგცდება უთუოდ და შეიძლება მეც მიმაყოლონ ზედ, ყოველთვის რომ გიცავ! ჭადი, იმეცადინე და ადრე დაწექი! – ბურდღუნებდა ბებია. -წავალ ვიმეცადინებ! - შენ არაფერი წამოგცდეს! – გადმომხედა, თვალები დამიბრიალა და გამაფრთხილა. მომაწოდა გოგლიმოგლის ჭიქა, თითქმის ცარიელი. ნახევარი კოვზი თუ გამოვიდოდა, კარგად რომ მოგეფხიკა ჭიქის კიდეები. მაინც კმაყოფილი დავრჩი, ჩავიტკბარუნე პირი. ზალიან გემრიელი იყო. მოსაღამოვდა. შევედით ჩვენს საძინებელში. ერთი კი შევნიშნე, რომ ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა და სულაც არ ანაღვლებდა სკოლის ამბები. მოულოდნელად შემომხედა. –ე! გინდა ჩემს ლოგინში დაგაწვინო? -კი, ძალიან მინდა, არ მეხუმრები? -მე შენს ლოგინში დავიძინებ ამაღამ! -რა კარგია, რა კარგია! -ჰოდა, აბა გადმოდი და შეიძლება კუკუდამალობანაც გეთამაშო!

-გინდა?

-მაგარია! –სიხარულისაგან სუნთქვა შემეკრა.

–დაიფარე საბანი და სანამ მე არ გეტყვი ე-ს, საბანი არ გადაიხადო!

-კარგი, კარგი! – მეც გადავიფარე საბანი და ვუცდი, როდის დამიძახებს, ველოდები და ველოდები. –ჯერ არაა, ჯერ არაა! –იძახის. როცა გეტყვი ე-ს – გამოიხედე! ვარ გატრუნული და ველოდები ე-ს. ლოგინში არ ვინძრევი. Gგასუსული ვარ და თან ვფიქრობ: რა ბედნიერებაა, უფროსი ძმა რომ გეთამაშება, თანაც ასეთი ძმა.,მთელი უბნის ყოჩი, ჩემთან კადრულობს კუკუ დამალობანას. რა რბილი და სასიამოვნო საწოლია, ჩემსას კი არ ჰგავს! თითქოს უფრო ფართოც მეჩვენა, თანარც ჭრაჭუნებს. თუმცაღა რატომ დაიჭრაჭუნებს, როდესაც არ ვინძრევი. საბანი ჩემსაზე უფრო თხელია, მსუბუქი და ჰაეროვანი. რამდენი ხანია ვნატრობ ამ ლოგინში ძილს. ნეტარებისა და სიამოვნებისაგან ძილიც კი მომერია.მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ძილი არა! ასო ე- არ გამომეპაროს. რომ არ გავიგო, გამიბრაზდება და აღარასოდეს მეთამაშება. ველოდები, როდის დამიძახებს. სად იქნება დამალული ნეტავი? უბედურის ერთი ჰყავს გამჩენს! მაგრამ იმ სისხოა, რომ მაინც ადვილად მივაგნებ! სირბილში ხომ ვერ მომასწრებს! ამ ფიქრებში რომ ვარ და სულმოუთმენლად ველოდები, ხმაური შემომესმა. ამ ხმაურს, რა ხდება და.............................. ბრახ! რაღაც ბლაგვი და მაგარი მომხვდა. ეტკინა. მოულოდნელობისაგან უფრო გავიყუჩე. ვერ ვხვდები რა ხდება. უცებ ბებიას ხმა ვიცანი

- თავისკენ არ დაარტყა, აქეთ, აქეთ ფეხებისკენ! რაღა ვუშველო ახლა! ღირსი კი ხარ! შენ არ მოუკვდი დედაშენს!

- ბრახ! -მომხვდა უფრო ძლიერად და გამეტებით.

- ასე მოგიხდება! – გამწარებული ხმით ყვირის დედაჩემი.

- ეს იმიტომ, რომ კრემი შემიჭამე! შენ ჭამე ბალზამი!

- ეს იმიტომ, რომ მატემატიკაში ორიანების მეტს არაფერს ღებულობ!

- ეს ავთოშკას ცემისათვის!

- ეს ქიმიის გამო!

- ეს….. . . .ვეღარ დააბოლოვა და ვიღაც გადამეფარა სხეულზე. ჩემი ბებია, სხვა ვინ იქნებოდა. აცახცახებული ხმა მომესმა: – გაჩერდი, ქალო! გეყოფა! უიმე ბოშო! ბიჭუნას მომიკლავს! Dდა ვიგრძენი, იმასაც როგორ მოხვდა რაღაც . მთელი სხეული დამებეჟა. ჰა და ჰა გონებას დავკარგავდი იმ უჰაერობასა და ცემაში ბებიას საბანი რომ არ გადაეხადა.

ასეთი გამწარებული დედაჩემი არასოდეს მენახა. Oორივეს ფერი წაუვიდა ჩემს დანახვაზე. – უიმე, ბეჩა! – აღმოხდა ბებიას

- შენი ძმა სად არის? – იკივლა დედაჩემმა. Lლაპარაკის თავი აღარ მქონდა და თვალებით ვანიშნე, ჩემს საწოლშია მეთქი. დედაჩემის სახე არ დამავიწყდება: აწითლებული, თვალები გაფართოებული, გუგები ამოწეული, კოპები შეკრული, ხმა აკანკალებული და აგზნებული. მარცხენა ხელში საბნის საბერტყი ჯოხი ეკავა(ცაცია იყო დედაჩემი), რომელსაც, ეტყობა, ინერციის გამო ისე იქნევდა, ცხენზე ამხედრებული მეომარივით, ყიჟინით რომ შედიან მტრის ბანაკში მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. Mმოიქნია, მარა რა მოიქნია, რაც ძალა და ღონე ჰქონდა და დაარტყა ჩემს საწოლში მწოლიარე ჩემს ძმას. შიშისაგან გული შემეკუმშა. რომ იცოდეთ, როგორ შემეცოდა ჩემი ძმა. საბნიდან მტვერი ამოვარდა. ბურუსია ოთახში. ჩემი ძმის მაგივრად მე და ბებიამ დავიკვნესეთ. მერე ბებიამ გაბედა და დაამატა: – მოკლავს ნამდვილად! ვაი, შვილო! - და მოჰყვა გოდებას, მაგრამ ვერ წამოიწია, აფართხალდა, მოემზადა, რომ ახლა იქითა საწოლს გადაფარებოდა. დედაჩემი კი ბობოქრობდა და ჩემი ძმის ვედრება და პატიება რომ არ ესმოდად ამან სულ გადარია და შეშალა ჭკუაზე.

- აი შენ! აი შენ! – ყვიროდა და დაუნდობლად იქნევდა მარცხენა ხელს.

- მოკლა ბიჭუნა ნამდვილად! – მოუვიდა ბებიას ხმა. – კი, ნამდვილად მოკლა, აღარ ინძრევა ბოვში! მიშველეთ! –დაიძახა კიდევ უფრო განწირული ხმით ბებიამ. მოიკრიბა ძალღონე და ეცა დედაჩემს. იცოცხლე, ხელებში ისეთი ძალა ჰქონდა, გოგლიმოგლზე ნავარჯიშები, რომ ვერაფერს წაართმევდი იოლად. დედაჩემი უცებ გამოერკვა. გაჩერდა. ცრემლიანი თვალები მიაპყრო საწოლს. მთლად ცახცახებდა, ხელი უკანკალებდა,საბერტყი ჯოხი ქანაობდა მის მარცხენა ხელში.

- როდემდე! აღარ შემიძლია! –შესტირა ბებიას და აქვითინდა.-ნამდვილად თავს მომაკვლევინებს!Dდაემხო საწოლზე, გადაეფარა ჩემი ძმის სხეულს და, ახლა უკვე მის სხეულზე ჩახუტებულმა მწარედ, ხმამაღლა დაიწყო ტირილი.

- ხომ არ დაიხრჩო, გადახადე საბანი! ჩემო ჯემალიკა! შენ შემოგევლე!

- წყვეტილ- წყვეტილ ლუღლუღებდა ბებია

- ე, ბოშო, გადახადე საბანი! არ იღებს ბოვში ხმას, ცუდად ხომ არ არის!

საბანი გადახადეს. საბრალო ჩემი ძმა! ჩემი ტკივილი სულ აღარ მახსოვს. ის უფრო ნაცემია და იმიტომ. ხმას არ იღებს, ოხერი. რამე ხომ არ მოუვიდა. მოულოდნელად ტირილი შეწყდა და დედას და ბებიას ისტერიული სიცილი აუტყდათ. რა ხდება ნეტავი? წამოვიწიე და რას ვხედავ: ჩემს ლოგინში ჩემი ძმა არ არის. დევს მუთაქა, ზემოდან ადევს ბალიში.

საწოლის ქვეშიდან კი მესმის:

- ე! გამოიხედე! – ე! გამოიხედე! და იხევა თვითონაც სიცილით. მივხვდი ყველაფერს, მაგრამ რას ვიზამდი. ერთი კვირა სკოლაში არ მივლია სხეულის დაჟეჟილობის გამო. თუმცა როგორც დაზარალებულს, გოგლიმოგლი არ მომკლებია იმ დღეებში.

ასე იყო ეს ამბავი, ჩემო კარგებო. გახსენება კარგია, მაგრამ რეალობა არც ისე. კიდევ ბევრი მოსაგონარი დამიტოვა ჩემმა საყვარელმა ძმამ.




Hosted by uCoz